“კარგია, როცა შეგიძლია იტირო, მე ვერ ვტირი, ეს ძალიან რთულია”

გულახდილი საუბარი მაია ჯაბუასთან  

– ვინ არის მაია ჯაბუა?

მაია ჯაბუა: მომღერალი.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– როგორც ვცხოვრობ, ისეთი. რაღაცებს კიდევ დავამატებდი, მაგრამ არსებითად არაფერს შევცვლიდი.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– არა, ასეთი საქმე არასდროს მიკეთებია. ბავშვობიდან, ისე, რომ ამაზე არც მიფიქრია, თითქოს, ჩემმა საქმიანობამ თვითონ ამირჩია და მთელი ცხოვრება იმას ვაკეთებ, რაც ძალიან მიყვარს. როცა ადამიანი იმ საქმეს აკეთებს, რომელიც უყვარს, ხარისხიანადაც გამოსდის და სიამოვნებასაც იღებს. სამწუხაროდ, ასე ყოველთვის არ ხდება, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მე გამიმართლა.

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– ადვილად ვერ ვტირი. იმიტომ კი არა, რომ ძალიან მაგარი ვარ, უბრალოდ, არ შემიძლია. კარგია, როცა შეგიძლია, იტირო. მე ვერ ვტირი, ეს ძალიან რთულია. მერე შენში გროვდება ემოციები. ცრემლი ალამაზებს კიდეც ადამიანს. სითბო მიჩნდება ადამიანის მიმართ, როცა მის თვალებში გულწრფელ ცრემლს ვხედავ. მე ძალიან იშვიათად ვტირი, მაგრამ შეიძლება, ამ დროს არც არავის დავენახვო. მარტო ყოფნისას უფრო წამომივა ცრემლი, როცა ჩემს დაზე ვფიქრობ.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში ბევრი მილიონი მოიგოთ?

– ბევრ სიკეთეს, რაც სხვასაც გააბედნიერებდა და მეც. დიდ ბედნიერებას მანიჭებს, როცა შემიძლია, ვინმეს ვასიამოვნო. საერთოდ, მიყვარს ადამიანების გახარება. მე ვფიქრობ, რომ ფული მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ დახარჯო სხვის გაბედნიერებაში, მისთვის იმის მიცემაში, რაც მას ძალიან სჭირდება.

– თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად რა მიგაჩნიათ?

– საბედნიეროდ, დიდი ცოდვა არ ჩამიდენია. როგორც ყველა ადამიანს, მეც მაქვს შეცდომები, არასწორად მითქვამს, არასწორად გამიკეთებია, მაგრამ მე არ ვარ ადამიანი, ვინც სულ სხვისკენ იშვერს ხელს. როცა რაღაც ხდება, პირველ რიგში, ჩემს თავში ვეძებ მიზეზს. ვფიქრობ, რამე ხომ არ შემეშალა, თუმცა, ძალიან არაკონფლიქტური ვარ და იშვიათად, ვინმესთან გაუგებრობა მქონოდა. თუ მაინც ვინმესთვის მიწყენინებია, აღიარებას, ბოდიშის მოხდასა და სინანულს არ მოვრიდებივარ. თვისებები, რომელიც ადრე ჩემში არ მომწონდა, გამოვასწორე. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. მგონია, რომ ვერავის გადააკეთებ, ერთადერთი ადამიანი, ვის შეცვლასაც შეძლებ, შენივე თავია და თუ მასში რამე არ მოგწონს, შეგიძლია, გამოასწორო. მე არ ვარ დაბრმავებული ადამიანი, ობიექტურობის განცდას ვინარჩუნებ და ის, რაც ჩემს ხასიათში არ მომწონდა, ბევრი წლის განმავლობაში ვცდილობდი, გამომეწორებინა. მივაღწეიე კიდეც შედეგს. უნაკლო არავინ ვართ, მაგრამ თუ ადრე შემეძლო, ადამიანისთვის რაღაც მწარედ მეთქვა და მისთვის გული მეტკინა, დღეს ამას აღარ ვაკეთებ, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება, ის ადამიანი ამას იმსახურებდეს. თავშეკავების უნარი გამოვიმუშავე და დღეს ძალიან კარგად ვაკონტროლებ ჩემს ემოციებს.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ?

– სცენაა ადგილი, სადაც გადიხარ და არ იცი, რა შეიძლება, დაგემართოს უამრავი ადამიანის თვალწინ. ერთხელ კონცერტის ფინალურ ნაწილზე, ფეხსაცმლის ქუსლი გამეჭედა იატაკში. დამთავრდა კონცერტი, მომღერლები გავიდნენ სცენიდან, დარბაზი იცლება და მე ვდგავარ. დიდი უხერხულობა გამოვიწვიე, ხალხი გაჩერდა, ვერ გაიგეს, რა მინდოდა, რამის თქმას ვაპირებდი თუ სიმღერას. მე ამ დროს ვერაფრით ვერ ვაძრობდი ფეხსაცმელს იატაკიდან (იცინის). ბოლოს გავიხადე ეს ფეხსაცმელი, დავიხარე და ხელით ამოვაძვრე იატაკიდან. მეც და მთელმა დარბაზმა გულიანად ვიცინეთ. ასეთ დროს ყველაზე კარგი გამოსავალი იუმორი და ბუნებრივი რეაქციაა.

– ბოლოს როდის მოიტყუეთ და რა?

– ვერ ვიტან ტყუილს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. ადამიანი, რომელიც მატყუებს, ჯერ ხომ ტყუილს მეუბნება და ამით აშავებს, მერე ფიქრობს, რომ ჩემზე ჭკვიანია, მე კი სულელი ვარ. ის, რომ მას ჰგონია, მე ამას დავიჯერებ, შეურაცხმყოფელია. მეორეც, ტყუილი ძალიან ამძიმებს ადამიანს. ასეთი ადამიანი ერთს არა, გარშემო ყველას ატყუებს. მატყუარა ადამიანის უბედურება ის კი არ არის, რომ მისი არ სჯერათ, ეს მას არ სჯერა არავისი და ამიტომ იტყუება. ან თავი ძალიან მაგარი ჰგონია და სხვა ყველა კი – ბრიყვი. ეს ყველაფერი ძალიან დამღლელი და რაც მთავარია, უპატივცემულობის გამომხატველია. სადაც სიმართლის თქმა არ შეგიძლია, უბრალოდ, არაფერი არ თქვა, ტყუილის შეთხზვასა და სხვების გაბითურებას ნუ დაიწყებ. ამიტომ მე არ ვიტყუები, ეს არაფერში მჭირდება. მილიონი სიტუაციაა, როცა სიმართლის თქმა არ შეგიძლია, მაგრამ ამ დროს, ჯობს, საერთოდ გაჩუმდე. არ მინდა და არ მოვიტყუები, ეს ტყუილად დროის კარგვაა. ამას მირჩევნია, საჭირო სიტყვები მოვძებნო და ადამიანს სიმართლე, რაც არ უნდა ცუდი იყოს ის, მაქსიმალურად შესაფერისი ფორმით ვუთხრა, ისე, რომ გული არ გავუხეთქო. ამისთვის დავხარჯავ ჩემს დროსაც და გონებრივ რესურსსაც, მაგრამ არასდროს ტყუილის შესათხზავად.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– არ ვარ კონფლიქტური და ყოველთვის ვცდილობ, არ მივიდე იმ კონდიციამდე, რომ ჩემი ქცევა სისასტიკესა და დაუნდობლობაში გადავიდეს. არ მიყვარს დაძაბულობა და კამათი. თუ მაინც მივედი აქამდე, ეს მაშინ, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება ცუდად, ამ დროს ნამდვილი კურო გავხდები (იცინის). ჩემს ცხოვრებაში ასე სულ რამდენჯერმე მოხდა და მერე მივხვდი, რომ კუროს გაბრაზება ძალიან საშიშია (იცინის). ძალიან დიდი მოთმინების უნარი მაქვს. რამეზე რომ ვბრაზდები, ვფიქრობ ხოლმე, ახლა გავცემ შესაფერის პასუხს-მეთქი, მაგრამ იმწუთას რაღაც მაჩერებს ხოლმე – არა, არ ვარ ისეთი გაბრაზებული, რომ რასაც იმსახურებს, ის ვუთხრა. დიდხანს შემიძლია, მოვითმინო, მაგრამ თუ მოთმინების ფიალა ამევსო, მერე ძალიან ვბრაზდები. თუმცა, ეს დიდი იშვიათობაა.

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვება?

– მარცხი, რომელსაც განსაკუთრებულად განვიცდი? ვერ ვიხსენებ ასეთს. გამარჯვება არის თუ არა არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ჩემი ცხოვრება ყველაფერია. ბავშვობიდან ძალიან დიდ სითბოსა და სიყვარულს ვიღებ ხალხისგან. ქუჩაში უცნობი ადამიანი რომ მეტყვის, ძალიან მიყვარხართო და მე და ჩემს შვილებს დაგვლოცავს, ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვებაც და ბედნიერებაც. შეიძლება, ბავშვობაში შეგიყვაროს მსმენელმა, მაგრამ მერე შენი არასწორი ცხოვრებით გაფლანგო ის სიყვარულიც, სითბოც და აღიარებაც. მე ჩემს მსმენელს ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები. რადგან დღემდე მომყვება მათი სიყვარული, ალბათ, მეც სწორად ვიცხოვრე. ქუჩაში თუ მაღაზიაში დიდ სითბოს ვიღებ და ალბათ, ესეც ამის დასტურია. ეს გამარჯვება არ არის, ეს არის მთელი ჩემი ცხოვრება.

– რისი გაკეთება გიყვართ ყოფითი საქმეებიდან და რისი არა?

– სახლის საქმეებიდან დალაგებას და მტვრების წმენდას მირჩევნია, სადილის კეთება და ყვავილების მოვლა. სამაგიეროდ, მიყვარს აბაზანის წმენდის პროცესი. ამ ადგილის სისუფთავე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია და ვამბობ ხოლმე, რომ მას ჩემზე კარგად ვერავინ გაწმენდს (იცინის). არ მიყვარს ნივთების გადაადგილება წმენდისას და ყველაზე ძალიან მძულს, სეზონური სამოსის შენაცვლება.

– რის გამო გაკრიტიკებენ და გაქებენ ადამიანები, ვინც ყველაზე უკეთ გიცნობენ?

– ვინც არ მიცნობს, ამბობს, რომ მე ვარ მკაცრი და ცივი ადამიანი. ვინც ახლოს მიცნობს, იცის, რომ ეს ჩემ შესახებ, მხოლოდ ერთი შეხედვით შექმნილი შთაბეჭდილებაა. სინამდვილაში არც ცივი ვარ და არც მკაცრი. მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ ვიცი ხშირად დარეკვა და მოკითხვა, ტელეფონზე დიდხანს საუბარი. ამის გამო ბევრჯერ უთქვამთ საყვედური, მაგრამ იციან, რომ ჩემი გრძნობები უფრო ღრმა და სერიოზულია, ვიდრე დარეკვა და მოკითხვა. თუმცა ესეც საჭიროა და ესეც გამოვასწორე საკუთარ თავში. ასევე, ადრე, ადამიანი თუ მიყვარდა და მენატრებოდა, ამას ვერ ვეუბნებოდი და ამ მხრივაც გამოვსწორდი. ჩემს სიყვარულსა და ერთგულებაში ეჭვი არ ეპარებათ, ამის სხვანაირად გამოხატვა შემიძლია, მაგრამ სიტყვასაც თავის ძალა აქვს, ამიტომ ის უნდა თქვა.

– დიდ უსამართლობას თუ შეჯახებიხართ?

– სამწუხაროდ, ეს სამყარო ამის გარეშე არ არსებობს. პატარაობიდანვე ვერ ვიტანდი, როცა ვინმეს ჩაგრავდნენ, როცა ვინმეს დასცინოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტანით პატარა ვიყავი და ფიზიკურად ბევრს ვერავისთან ვერაფერს გავხდებოდი, ყოველთვის ვიცავდი ბავშვებს ეზოში, კლასშიც და „მზიურშიც“. მორევა ყოველთვის ფიზიკურ ძალაზე არ არის დამოკიდებული, მქონდა სხვისი დაცვის უნარი და ყოველთვის ასე ვიქცეოდი. მომავალშიც ასე იქნება.

– თქვენ არ აღმოჩენილხართ უსამართლობის წინაშე?

– რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ყველაფერი ლანგარზე მორთმეული არ მოდის, მაგრამ უსამართლობას არასდროს ჩავყოლილვარ და ამით ჩემი თავი არ დამიმძიმებია. არასდროს გამირჩევია სიტუაცია. უფრო ხშირად, არ ვიმჩნევ ასეთ ფაქტს და ამით ყოველთვის ვიგებ. არ ვარ ადამიანი, ვინც თავს სხვას ადვილად დააჩაგვრინებს, მაგრამ არის სიტუაციები, რომელსაც უბრალოდ, „გავატარებ“.