“დედა საკუთარი თვალით ხედავდა, რა მემართებოდა, როცა ეს ყველაფერი ჩემგან გადიოდა…”

მომღერალი მარკუს მეტრეველი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობდა იმის შესახებ, რომ სასიყვარულო ჯადო ჰქონდა გაკეთებული.

ახლა კი ჰყვება, თუ როგორ განთავისუფლდა ამ ყველაფრისგან.

„როდესაც გავიგე, რომ ჩემში ეს საშინელი ენერგიაა, მაშინვე დავიწყე იმის შესწავლა, თუ რაში მდგომარეობდა მისი ძალა და როგორ უნდა მომესპო ის. მე საბერძნეთში ბუზუკებში ვმუშაობდი და სხვადასხვა ქალაქში მიწევდა ყოფნა. ერთ-ერთი ქალაქი მეტეორასთან იყო ახლოს. მოგეხსენებათ, მეტეორა არის დიდი სამონასტრო კომპლექსთაგანი, რომელიც მთის სვეტებზეა განლაგებული. ულამაზესი სანახაობაა. ყოველთვის მინდოდა მეტეორაზე ასვლა. ზუსტად იქიდან დაიწყო ჩემი სულიერი მდგომარეობის განვითარება.

ავედი თუ არა კლდეზე და იქ შევედი, მამაომ დამინახა და მითხრა, რომ მე მაქვს ძალიან დაბინძურებული აურა და ჩემში სხვა, ბოროტი ენერგიაა, რომელიც აუცილებლად უნდა განვაშორო ჩემი სხეულიდან და სულიდან. ამაზე გამეცინა, მაშინ არ მჯეროდა.

მერე ამ ადამიანთან ყოველდღიური შეხება მქონდა. სამი თვე ვიყავი ამ ქალაქში, სამი თვე დავრჩი მეტეორაზე და მამაოებმა ძალიან ბევრი იმუშავეს ჩემს სულიერ წვრთნაზე. ვხვდებოდი, როგორ გადიოდა ჩემი ორგანიზმიდან ეს ბოროტი ენერგია.

დამჭირდა ძალიან ბევრი ლოცვა, მეტანიები, კვეთებულები და ათასი რამ, რასაც ახლა ვერ მოვყვები. გრძნობ, რომ ეტაპობრივად ამისგან თავისუფლდები. ბოროტს ებრძვის კეთილი ძალა, ეს ძალიან, საშინლად და აუტანლად რთული მდგომარეობა იყო.

მხოლოდ დედაჩემმა იცის, რამდენად რთული. სამწუხაროდ, მისთვის იყო ეს ხილული, ის გვერდით მედგა და საკუთარი თვალით ხედავდა, თუ რა მემართებოდა, როცა ეს ყველაფერი ჩემგან გადიოდა. ძალიან ვმძიმდები ამაზე საუბრით და მეტ დეტალებში ნუღარ შევალთ“,- ამბობს მარკუს მეტრეველი „სარკესთან“