“ტყუილი ბევრჯერ მითქვამს და ამის მეშვეობით დღეს 23 ადამიანი ცოცხალია”

გულახდილი საუბარი ლადო კახაძესთან  

– ვინ არის ლადო კახაძე?

ლადო კახაძე: შვილიშვილი, შვილი, მამა, მეუღლე, ბაბუა, მეგობარი, ექიმი, ერთი ჩვეულებრივი თბილისელი შესანიშნავი აღმზრდელებით. ადამიანი, ვისაც ზოგჯერ უნდა ძალიან ახალგაზრდა იყოს, მაგრამ დროს ვეღარ დააბრუნებს.

– თქვენი საოცნებო ცხოვრება როგორია?

– ცოტა იდეალისტური. იდეალისტი და რომანტიკოსი ყველა ადამიანშია. მერე გამოცდილებას ვუხმობ ხოლმე და რეალისტი ვხვდები. მინდა, ქვეყანა მშვიდობიანი იყოს. დედამიწა ერთი პატარა პლანეტაა, რვა მილიარდი მოსახლით და მის რა ნაწილშიც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, უნდა ფიქრობდეს, ვინმეს რამე არ ავნოს. შეუმჩნეველი და გაუგებელი არაფერი არსებობს. სიტყვასაც უნდა ვუფრთხოდეთ. საჯაროდ წარმოთქმული სიტყვა შეიძლება, დაავადების მიზეზი აღმოჩნდეს. ძალიან საფრთხილოა ბილწსიტყვაობა, ადამიანების არასწორად მოხსენიება, რომელიც შინაარსით კამათთან ახლოსაც არ არის. დედამიწა ჩვენი სახლია, ყველა ერთნაირად ვიბადებით და ერთნაირად მივდივართ, თუმცა გზა ინდივიდუალური გვაქვს. ამ გზაზე ერთმანეთისგან ცუდს ადვილად, კარგს რთულად ვიღებთ, მაგრამ პირიქით ჯობს. ადვილია თავისუფლებას ამოფარებული ლიბერალური მიდგომებით ცხოვრება, ვალდებულებებს უგულებელყოფ, მხოლოდ უფლებებია და ასე შემდეგ… მე ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი მყავს, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. ამ მდგომარეობაში მყოფი ლადო კახაძე იმ ქვეყანაზე ოცნებობს იდეალისტურად, სადაც ადამიანები ერთმანეთის მტრები არ იქნებიან. მერე, რეალისტური ოცნებაა – იმდენად იმუნიზირებული უნდა იყო ადამიანი, უნდა გაუძლო შიდა თუ გარე შემოტევებს. ერთი რამ არის კიდევ მთავარი – არასდროს უნდა დაუშვა, რომ შენ ხარ დედამიწის ჭიპი, არ უნდა დაივიწყო, რომ შენზე უკეთესებიც არსებობენ და თამასად ისინი უნდა დაისახო.

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– ხშირად. ვახტანგ ჯავახაძე გამორჩეული პოეტია, რომელიც ძალიან მიყვარს. ასე წერს „იდგა ღმერთი და მამაკაცის ცრემლებს წონიდა“. მამაკაცის ცრემლი ძალიან მძიმეა, ძალიან. მე ერთი ლექსი მაქვს, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, ძალიან ახალგაზრდამ დავწერე. მაშინ უფროსი თაობა გაოცებული იყო, შენ ეს რატომ დაწერეო?! აქეთ სწავლა, იქით მეგობრები, დროსტარება, ახლდაშექმნილი ოჯახი, არაჩვეულებრივი გარემო და რატომ ასეთი ლექსიო?!

„ვიხსენებ განვლილს და გული მწყდება

სევდის მიზეზი მგონია წვიმა,

ბოლო დროს, რაღაც, ეს ხშირად ხდება,

ვზივარ და ჩუმად ცრემლები მცვივა“.

70 წლის კაცი ვარ და ახლა მართლა ასეა. რომ გაიხსენებ, ცრემლები მოდის, ძალიან ბევრი ადამიანი აღარ არის გვერდით. ამას ვერ შველი, აქ უმწეო ხარ და საკუთარ უმწეობას ტირი. როდესაც მარტო ხარ, ღამით, ცრემლთან ერთად, ბევრი რამ ღიმილის მომგვრელიცაა.

– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი…

– მალე ჩემი მეოთხე წიგნი გამოვა და ყველგან ჩემი მონანიებაა. დღეს არა, ხვალ იყოს, ამას ხვალ გავაკეთებ – ეს ყველაზე ცუდი რამაა, რისი უფლებაც შეიძლება, საკუთარ თავს მისცე. ამის გამო ბევრი ადამიანის მონახულება გადამიდია და ისე წასულან ამქვეყნიდან, რომ ვერ დავლაპარაკებივარ. ალბათ, ეს უყურადღებობაა. გგონია, ყოველთვის ასე იქნება და იცოდე, რომ შანსი მხოლოდ ერთია, ორი – არასდროს. ცხოვრებისეულ ამბებშიც არავისგან გამოვირჩევი, ცხოვრებამ ყველაფერი გამომატარა. ბევრჯერ ისეთი რამეც მითქვამს, რასაც სხვა შემთხვევაში სხვას დავუწუნებდი. ტყუილი მითქვამს ბევრჯერ და ამის მეშვეობით დღეს 23 ადამიანი ცოცხალი დადის, აბორტს გადაურჩნენ. მე დედა მოვატყუე, რომ აბორტის გაკეთება ამ ვადაზე აღარ შეიძლებოდა და არ გავაკეთებინე. სხვა მხრივ, ჩემ გარშემო, სამეგობრო წრე, რომელიც თავს მახვევია, ცუდად მოქცევის უფლებას არ მაძლევდა. 70 წელი ცოტა არ არის, ვიხსენებ სკოლის პერიოდს, სტუდენტობას, სცენას, ინტრიგებიც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ძალიან საინტერესო და წესიერი ადამიანების გარემოში ვიცხოვრე, არ უბიძგებიათ ჩემთვის წესის დარღვევისკენ.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ?

– მე ექიმი ვარ და ძალიან ბევრი საიდუმლო ვიცი. საიდუმლო ცოლ–ქმრის, ოჯახის წევრებისა და ასე შემდეგ. უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩენილვარ, როცა იმ ადამიანების შუაში ვმჯდარვარ, რომელთა საიდუმლოებებიც ერთმანეთის შესახებ მე ვიცოდი. პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ, თუმცა, უამრავი პოლიტიკოსი შემოსულა ჩემს კაბინეტში ერთმანეთის სალანძღავად. მე რომ მათთვის ის მეთქვა, იმან გაგლანძღა-მეთქი, მერე თავი ხომ უნდა მომეკლა?! ვეუბნებოდი, შეგაქო–მეთქი და ქუჩაში რომ გადიოდა და ის შეხვდებოდა, ადამიანურად ესალმებოდა.

საჯარო სივრცეში, სოციალური ქსელი იყოს თუნდაც, შეუძლებელია, შენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს და ზოგი უხერხულ სიტუაციაში ჩაგაყენებს, ზოგი დაგაბულინგებს – ეს ახალი მოდაა. მე ექიმი ვარ, 52-ე წელია, თეთრი ხალათი მაცვია. რაც მე უბედურება მინახავს, როგორი უხერხული კითხვებიც დამისვამს ავამდმყოფობის ისტორიის ძიებისას, ამას ვერც კი მოიფიქრებენ და ამ გამოცდილების ადამიანს, ვერაფრით დამაბულინგებენ. უხერხული ის არის, ვისაც ურთიერთობის სიღრმე არ ესმის, მარტივად გაიმეტებს ცუდი სიტყვისთვის, სიტყვა კი ბევრჯერ წამალია, ბევრჯერ – საწამლავი. მე ძალიან იშვიათად, რომ კალაპოტს გავცდე. როცა საქმე დიაგნოზს ეხება, უკან ვერ დავიხევ, ადამიანს სიმართლეს ვეტყვი და საბრძოლველად განვაწყობ, აქ დაუნდობელი ვარ.

– მოგიპარავთ რამე?

– ზოგი ჩათვლის ამას მოპარვად, ზოგი – არა, მე მივიჩნევ, რომ ეს დაუკითხავად არ უნდა გამეკეთებინა. 60 წლის წინანდელი ამბავია, არტეკში ვიყავით, პიონერთა ბანაკში და ბევრი ბავშვი ვცხოვრობდით ერთ საძინებელში. ჩვენ კბილის სახეხი პუდრა გვქონდა. იქ ამერიკელი, შვეიცარიელი და ასე შემდეგ, სხვა ქვეყნებიდანაც იყვნენ ბავშვები და ახლა რომ ვიყენებთ, ისეთი სამფეროვანი კბილის პასტები ჰქონდათ. ერთხელაც, დილით ძალიან ადრე ავდექი და ერთ-ერთი ტუპიკიდან, ჩემს კბილის სახეხ ჯაგრისზე გადმოვიტანე კბილის პასტა. დღესაც ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა. მეკითხა, მეთხოვა, ამას შეცდომად კი არა, ჩემს ცოდვად ვთვლი, დაუკითხავად გამოვიყენე სხვისი რაღაც.

– პაემანზე სახალისო შემთხვევა გადაგხდენიათ?

– მე და ჩემი მეუღლე სკოლიდან მოვდივართ. 55 წელიწადია, ჩვენი ურთიერთობა გრძელდება. პირველად რომ დავინახე, იმ დღიდან დღემდე მოჯადოებული ვარ. სახალისოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ ბევრი მოულოდნელობა ყოფილა. სხვა ქალაქში რომ იყო, ჩავფრენილვარ და იქ დავხვედრილვარ, დამისაჩუქრებია და მის თვალებში სიხარული მიგრძნია, რაც ჩემთვის დაუვიწყარია. დღესაც არის ასეთები და ამით იხალისებ და იახალგაზრდავებ ცხოვრებას.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– თბილისის „დინამომ“ „სპარტაკთან“ 4:2 წააგო. წვიამიანი ამინდი იყო, სტადიონზე ვიჯექი, მსაჯმა ორი გოლი არ ჩაგვითვალა და მაშინ რომ მე ჩემი ემოციის რეალიზაცია შემძლებოდა, შეიძლება, სტადიონზე გადავსულიყავი და ძალიან დიდი ცოდვა ჩამედინა. იმიტომ, რომ უღირსად მოეპყრნენ თბილისის „დინამოს“. ეს არასოდეს დამავიწყდება. დიდი შეურაცხყოფა იყო, დაუძლეველი ბრაზი, მაგრამ ეს ნაბიჯი რომ გადამედგა, ბევრი წამომყვებოდა და ცუდი რამ მოხდებოდა. ჩემს თავში ჩავკალი ყველაფერი, მაგრამ დღესაც ძაღლის ნაკბენივით მახსოვს.

– რომ გაიგოთ, მეგობარს საყვარელი ადამიანი ღალატობს, ეტყოდით სიმართლეს?

– ამაში ვიცხოვრე მე ძალიან დიდი ხანი, მაგრამ ადამიანს რომ ვაგრძნობინო, მე მისი ღალატის შესახებ ვიცი, ცუდად არის ჩემი საქმე. მე ბევრი ოჯახი შემინარჩუნებია ამის ართქმით. მოშუშებიათ, დავიწყებიათ და დღესაც დიდებული ოჯახი აქვთ. ეს სამედიცინო დიაგნოზი არ არის, ადამიანებთან ურთიერთობებში ბევრ რამეს უნდა გაუფრთხილდე, ინტრიგა არ უნდა მოქსოვო. „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“. გარდაუვალი საშიშროების შემთხვევაში შეიძლება, მიანიშნო, რომ საფრთხეშია, მაგრამ ასეთი რამის თქმა არ ღირს.

– როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– მუხრან მაჭავარიანივით, სცენაზე, ლექსს ამბობდა. იყო გენიალური მეან-გინეკოლოგი პროფესორი ელიაშვილი, ასაკში იყო, მაღალი წნევა ჰქონდა, მაშები დაადო მშობიარეს, დედა გადაარჩინა, ბავშვი დაიბადა და თვითონ გარდაიცვალა. ალბათ, ასეთს ვინატრებდი. ამას ვინ მაღირსებს, ეს უფლის გადასაწყვეტია. გოგი ცაბაძე, გენიალური ადამიანი, სცენაზე, თავის საქმეს აკეთებდა, წარმოგიდგენიათ როგორი კაცი იყო? თუ წასვლაა, ასეთი უნდა ინატრო, ეს ბედნიერებაა.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– ბევრი რამ ყოფილა. სამხედრო გადატრიალებაში მოვხვდით პაკისტანში. თვითმფრინავი დაჯდა და გაგვაფრთხილეს, ილუმინატორებიდან არ გაიხედოთ, შესაძლოა, შემთხვევითი ტყვია მოგხვდეთო. 7 საათის შემდეგ გამოგვაბრუნეს აეროპორტიდან. თუმცა, ახალგაზრდები ვიყავით და მაინც ვღლაბუცობდით. აი, ყველაზე დიდი შიში 1987 წელს განვიცადე პოსტ ფაქტუმ. ძალიან დიდი მიწისძვრა მოხდა სპიტაკში. სახლიდან გავდიოდი, ვიფიქრე, რომ ბავშვები სკოლაში იყვნენ, თურმე, უმცროსი სახლშია, პატარა ოთახში. მე წავედი და კარი გარედან დავკეტე. რომ მოვედი, ეთუნა სახლში დამხვდა, მითხრა, სახლი რომ ირწეოდა, რაღაცები გადმოვარდა ზემოდანო. შიში ის იყო, რაც მაშინ ვიგრძენი, როდესაც წარმოვიდგინე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს განცდა დღემდე არ გამოსულა ჩემგან. მტრისას და ავისას, არავის ვუსურვებ ასეთი რამის განცდას.