ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერებმა დაჭრილი ბატკანძერი იპოვეს, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, უმკურნალეს და ჯანმრთელი დააბრუნეს უკან, ველურ ბუნებაში, – ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
„საქართველოს ეროვნული პარკების მთავარი სიმდიდრე, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასთან ერთად, თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანები, განსაკუთრებით კი რეინჯერები არიან. ფოტოზე გამოსახული პიროვნება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აწყურის უბნის უფროსი რეინჯერი ნუგზარ აიწურაძეა. იგი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაარსების დღიდან მუშაობს“, – აღნიშნულია სააგენტოს Facebook-პოსტში.
ბატკანძერი, იგივე კრავიჭამია არის მტაცებელი ფრინველი, ქორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 100–115 სმ, ფრთების შლილი 245–272 სმ, მასა 5–7 კგ.