განო მელითაურის უმძიმესი მოგონება გარდაცვლილ დედამთილსა და ბებიაზე

637

განო მელითაური თავისი ბებიისა და ასევე ყოფილი დედამთილის – კოტე თოლორდავას დედის გარდაცვალების ამბებს ემოციურად იხსენებს:

“ამ დღეს გვიან ღამით ჩემი ლამაზი კეთილი და ნათელი ბებიკო, უჩუმრისპირად, უკანმოუხედავად გაფრინდა უწონადობაში… იმ საშინელ დერეფანში დიდხანს ვიარე წინ და უკან, ავიტუზე გარინდული სხეულების თეთრ მართკუთხედ პალატასთან, და როდესაც დაცვამ გამომაგდო, აქოშინებული გავემართე იგივე ეზოში ჯალათივით აღმართულ მეორე საავადმყიფოში, სადაც ლენა მყავდა პროცედურაზე დატოვებული…

ყელში იმხელა ბურთი მქონდა გაჩხერილი… კოტეს დავპირდი, რომ ლენას მივხედავდი რაც არ უნდა მომხდარიყო… მესამედ ჩამდგარმა სითხემ გაგვირთულა ამბავი…

ლენა ცუდად იყო.. მძიმედ, მაგრამ ჩვეული სიამაყით, მედიდურად გამოიარა დერეფანი, უსიტყვოდ მოვდიოდით, რადგან სანუგეშო სიტყვები, სადღაც, განგების ჩემთვის გაუგებარ ვერაგ ძალას ცხაურებს მიღმა გამოეკეტა…..

– კარგად იქნები, ამოვალ გვიან.. – .ჩავეხუტე და მეგობრის მანქანაში ჩავსვი…

ისე შემომხედა, თვალი თვალში ვეღარ გავუსწორე და შემრცხვა რომ ვერა და ვერ დავადგი თავი ჯადოსნური ჯოხის პოვნას..

– ტყუილად არ მოხვიდეთ, ვეღარ შეგიშვებთო, – მითხრა ციალა ბებოს მორიგე ექიმმა, და დილისთვის მისატანი სითხის სახელი ჩამაწერინა.

მაგვიანდებოდა სამაგისტროს სიმულაციურ გამოცდაზე, მაგრამ გულმა არ გამიშვა და ოპერის არიების ფონზე ლენას სახლის შემაღლებულ კიბეებს ავუყევი.
ციალა ბებოს უკანასკნელი პენსიით ნაყიდი გვირილიანი
ცხვირსახოცი მუჭში მქონდა ჩაბღუჯული..

იმ ღამეს ათასი გეგმა დავაწყვეთ მე და ლენამ, რთულმა ცხოვრებამ რთული ხასიათით დააჯილდოვა და ადრე ბევრ რამეში ვერ ემთხვეოდა ჩვენი აზრები.

დიდხანს მახვეწნინა და ბოლოს დავითანმხე საავადმყოფოში დაწვენაზე. უხსოვარ დროს შორეული საზღვაო მოგზაურობიდან ბორიას ჩამოტანილი პენუარიც კი გადმოვიღეთ რასაც წავიღებდით და იცინა, რას წარმოვიდგენდი შენს ჭკუაზე თუ ვივლიდიო..
ცივი იყო ჩემთან, და ამაყი… რომ გამოვდიოდი კარიდან მივტრიალდი, და დიდი ვიტრაჟიდან ოპერის სიჭრელის ფონზე გაცრეცილი ლაქასავით იჯდა ამაყი ლენა და არ მაჩვენებდა, რომ იცის, აღსასრულის მოახლოვება…

წამით ერთმანეთს შევხედეთ, დამავიწყდა ყველა წყენა, მივბრუნდი და შიგ გულში ჩავეხუტე, არ ელოდა ამას, და ვიგრძენი, როგორ გავხდი მე მისხელა და თვითონ პაწაწუნა….
– ნუ გეშინია, არ ხარ-თქო მარტო…. – ძლივს ამოვღერღე და პირველზე მეტად შემრცხვა…

პინოქიოზე გრძელი ცხვირით ჩამოვუყევი ვეებერთელა კიბეებს.
ცისფერი ფერიაც არსად შემხვდა….

ღამისთევით წავედი ფერების კვლევის ჰიპოთეზებზე სამუშაოდ სახელოსნოში… ათ დღეში ვარშავაში მიწევდა გამოცდებზე გაფრენა… ძალა საერთოდ აღარ მქონდა..

შუაღამეს ციალას გარდაცვალების ამბავი მამცნეს….
გული ამერია სიმწრისგან…

დილაუთენია ეს ფოტო აქ რომ დევს, გულში ჩავიხუტე და გასადიდებლად წავიღე. ციალამ ასე მთხოვა ადრე და კოდაკიდან გამოსულს, ლენას გარდაცვალება ტელეფონით შემატყობინეს…

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, ჩემს დაბადების დღეზე პანაშვიდიდან დაკრძალვაზე ვირბინე წინ და უკან. ჩემი განუყრელი მეგობრები ვაჟკაცურად უძლებდნენ ამ საშინელებას.
მახსოვს, დედამ ითხოვა განოს დაბადების დღეს არ დაამთხვიოთ დაკრძალვაო, არაო, კიო, მერე რა მოხდაო, სამ დღეზე დიდხანს არ შეიძლებაო ,ისა ესაო… ყველა ბოსი იყო…
მარტო ჩემი სანუკვარი მეგობრები უსიტყვოდ მედგნენ გვერდით, პანაშვიდიდან სახლში მოსულს სმაილიანი ტორტიც კი მომართევს… ტასომ ბუშტები გამიბერა…

ბევრმა ლენასიანმა და ბებოსიანმა მატკინა გული… მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ რას ნიშნავს, როდესაც ბებოს გადიდებული სურათის გამოსატანად ლენას ფოტოთი ხელში მივბრუნდი….

უბრალოდ აზრზე არ არის არავინ, მე რა გზა გავიარე 2015-2016 წლებში…

მე მიყვარს ჩემი ცხოვრება და ძალას მაძლევენ ადამიანები, ვინც ჩემი გადარჩენა მოახერხეს მაშინ, ყოველი დღე, რომელიც ჩემი დის, კოტეს, ლენას და ბებოს ტრაგედიის მერე სიყვარულით, ახალი სიცოცხლით და ბედნიერებით თენდება, მაგალითია, რომ არასოდეს არ უნდა დავნებდეთ!

დღეს მე ბედნიერი ვარ! ჩემს სანუკვარ, ჩემპიონ მეორე ნახევართან და შვილებთან ერთად…

მაგრამ, ყიველთვის გულის ჯიბით ვატარებ ბებოს გვირილიან ხელსახოცს და ლენას შავ გაყვითლებულ ბლოკნოტს, სადაც გაკრული ხელით უწერია:
– კოწიკ, ნე ზაბუძ პაკუშაც, მალადოი ჩელოვეკ.

მენატრებით გოგოებო…..”