„ბრწყინვალების ბულვარი“ და ჰიტლერის ხორცშეუსხმელი Mania Grandiosa

879

ცნობილი ფაქტია, რომ გრანდიოზული არქიტექტურული პროექტები და მათი რეალიზება, თითქმის, ყველა დიქტატორის საყვარელი საქმიანობაა.  გამონაკლისი არც ჰიტლერი იყო.

– რეკლამა –

Mania Grandiosa-თი შეპყრობილი ფიურერი საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებას გრანდიოზული არქიტექტურული პროექტებითაც ცდილობდა. ფიურერი დარწმუნებული იყო, რომ მეორე მსოფლიო ომი გერმანიის გამარჯვებით დასრულდებოდა და  ბერლინი მსოფლიოს დედაქალაქი გახდებოდა.

ჰიტლერის გეგმის თანახმად, მსოფლიოს დედაქალაქს არქიტექტურაც შესაბამისი უნდა ჰქონოდა. თავის საყვარელ არქიტექტორთან, ალბერტ შპეერთან ერთად ჰიტლერს მზად ჰქონდა ბერლინის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც ქალაქის უდიდეს მეგაპოლისად გარდაქმნას გულისხმობდა. რეკონსტრუქციის პირველ ეტაპზე ე.წ. „ბრწყინვალების ბულვარის“ მოწყობა იგეგმებოდა. აქ მოიყრიდა თავს ყველა სახელმწიფო დაწესებულება: რაიხსკანცელარია, ფიურერის სასახლე, არმიის შტაბი და დიდების სასახლე, რომელიც მსოფლიოზე გერმანიის ჰეგემონიის სიმბოლო უნდა ყოფილიყო.

დიდების სასახლე, თითქმის, ერთი ერთში იმეორებდა რომში მდებარე წმინდა პეტრეს ტაძარს, თუმცა გაცილებით დიდი მასშტაბით. შენობა სიმაღლეში 200 მეტრი იქნებოდა, ხოლო მისი გუმბათის დიამეტრი 250 მეტრს გადააჭარბებდა. საერთო ჯამში, გერმანული დიდების სასახლე 6-ჯერ აღემატებოდა მის რომაულ ანალოგს.

„ბრწყინვალების ბულვარი“  350 ათას კვადრატულ მეტრზე იქნებოდა განფენილი, ხოლო მის სამხრეთ ნაწილში ტრიუმფალური თაღი აშენდებოდა, რომელიც თავის პარიზულ ანალოგზე 3-ჯერ დიდი იქნებოდა. დაახლოებით, ანალოგიური გეგმები ჰქონდა ჰიტლერს მეორე გერმანულ ქალაქ მიუნხენთან დაკავშირებითაც, თუმცა გერმანია ომში დამარცხდა და ბერლინი და მიუნხენიც ჰიტლერისულ რეკონსტრუქციას გადაურჩა.