“ნამდვილად ძალიან მეცოდება სომხეთი და მზად ვარ დ რ ო ე ბ ი თ, სანამ საერთო საფრთხე გვემუქრება, ბაგრამიანის ბატალიონის მხეცობაც დავივიწყო”

429

ჟურნალისტი ნელი თორდია სოციალურ ქსელში პოსტს წერს.

“ნამდვილად ძალიან მეცოდება სომხეთი და მზად ვარ დ რ ო ე ბ ი თ (!!!) სანამ საერთო საფრთხე გვემუქრება, ბაგრამიანის ბატალიონის მხეცობაც დავივიწყო (როგორი დასავიწყებელია), აფხაზეთიდან გამოყრილი ბევრი ქართველის სახლში რომ სომხური ოჯახი დასახლდა ისიც, აფხაზეთში ჩვენი დევნილების დაბრუნებას რომ ეწინააღმდეგებიან ისიც და ისიც, რომ მათი ჯანდაცვის მინისტრმა კოვიდ-მონაცემების გაყალბება დაგვაბრალა, მაგრამ ღრმად პატივცემულო პეტიციის შემდგენელებო, თქვენ მინდა გკითხოთ:
1. თუ საქართველოს მთავრობა უნიათოა და ექიმები კი არა, ექიმბაშები გვყავს (როგორც პეტიციის ხელმომწერთა დიდ ნაწილს მიაჩნია), რატომ ვართ ეპიდსიტუაციის მართვის თვალსაზრისით, რეგიონში საუკეთესოები და რატომ ელიან ჩვენს დახმარებას სხვები?
2. როგორც პეტიციის ავტორები აცხადებენ, “დახმარებაში იგულისხმება სომხეთისთვის შეთავაზების გაკეთება მათი პაციენტების საქართველოში მკურნალობასთან დაკავშირებით“ კი მაგრამ ექიმბაშებად და მჩხიბავებად რომ თვლით, იმ გმირი ქართველი ექიმების აზრით თუ დაინტერესდით? თვეობით ოჯახში რომ ვერ შედიან და დაღლილობისგან ფეხზე რომ ვერ დგანან, შეუძლიათ თუ არა, მეზობელი ქვეყნის პაციენტებს უმკურნალონ და შერჩათ თუ არა ამისი ძალა?
3. საქართველოში ეპიდემიის გავრცელების საფრთხე კვლავაც რეალურია, რასაც საბურთალოს კლასტერის გაჩენაც ადასტურებს. მეზობელი ქვეყნიდან კოვიდინფიცირებულების შემოყვანა თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციას არ დაამძიმებს? დარწმუნებული ხართ, რომ არც ერთი ექიმი ან ექთანი არ დაინფიცირდება და ვირუსს ოჯახში და უბანში არ შეიტანს?

4. ჩემზე უფრო კეთილები და ჰუმანურები რომ გგონიათ თავი და ყველა ომის კლავიატურაზე კაკუნით მოგება რომ გინდათ, სანამ სხვებს რამეს მოუწოდებდეთ, თქვენ შექმენით მოხალისეთა ჯგუფები და გაემგზავრეთ სომხეთის დასახმარებლად, ოღონდ უკან დაბრუნებისას ორკვირიანი კარანტინის გავლა არ დაგავიწყდეთ.”