“ვაქცინა ისე გავიკეთე არსად გამივლია რეგისტრაცია, მეორე დოზის თარიღი ავტომატურად ჩაიწერა აპლიკაციაში“
აბუ-დაბიში მცხოვრები ქართველი, მერიკო კოკაია, რომელიც „სინოფარმის“ ორივე დოზით უკვე აიცრა, გაერთიანებულ საამიროებში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით წერს. ის აღნიშნავს, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლა არც დასჭირდა, მეორე დოზის მისაღებად კი აპლიკაციამ ავტომატურად ჩაწერა.
მერიკო კოკაია ასევე წერს, რომ მთელ ქალაქში გაშლილია კარვები და ნებისმიერ პირს შეუძლია ვაქცინის გაკეთება.
“ვაქცინა ისე გავიკეთე, რომ არსად არ გამივლია რეგისტრაცია. მთელ ქალაქში გაშლილია კარვები, ყველას შეუძლია გზად შეიაროს და ლოდინის გარეშე აიცრას. მეორე დოზის თარიღი ავტომატურად ჩაიწერა სპეციალურად შექმნილ აპლიკაციაში, რომელიც ტელეფონში მაქვს და ყველა მნიშვნელოვან კოვიდთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს (აცრებს, ტესტის პასუხებს/თარიღებს). 14 მარტს სმს-ით შემახსენეს, რომ მეორე დოზის მისაღებად უნდა მივსულიყავი, ურიგოდ მივედი და ავიცერი.
თუ გინდათ, რომ მოსახლეობა აიცრას, რა საჭიროა ასეთი უაზრო ბიუროკრატია, ხალხის მილიონჯერ რეგისტრაცია, მითუმეტეს იმ საიტზე, რომელიც 3 ადამიანის ერთად შესვლისთანავე, უკონტროლო ხდება.”-წერს მერიკო კოკაია.