როგორ ანებივრებს ანკა ვასაძეს ქმარი და რას არ თანხმდება მსახიობი დიდი თანხის სანაცვლოდ

555

მსახიობი ანკა ვასაძე მალე მეორე შვილის – გოგონას დედა გახდება. ანკას უფროსი შვილი უკვე ათი წლისაა და პატარა დის მოლოდინში ახლა ყველაზე ბედნიერი, სწორედ, ის არის.

ანკა ვასაძე: პირველი შვილის გაჩენიდან 10 წელი გავიდა, შესაბამისად, გვინდოდა კიდევ ერთი შვილი და ახლო მომავალისთვის ვგეგმავდით, მაგრამ მაინც სიურპრიზი აღმოჩნდა. 5-6 კვირის ვიყავი, რომ გავიგე და რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ამდენი წლის შემდეგ განსხვავებული და ძალიან ემოციური შეგრძნება მქონდა. თან, ისეთ კარგ დროს დავფეხმძიმდი, რომ ვერც ვინატრებდი. მთელი წელი თეატრი დახურული იყო, გადაცემის წაყვანაში ორსულობას ხელი არ შეუშლია. პატარა მაისში ჩნდება და ყველაფერი ნამდვილად იდეალურად აეწყო.

– მეუღლესა და შვილს როგორ უთხარი ახალი ამბავი?

– მეუღლეს იმ წამსვე ვახარე. მას ძალიან უნდოდა მეორე შვილი, მე ვაჭიანურებდი ამდენი წელი. ექიმთან ვიზიტის შემდეგ ნიკოლოზს ვუთხარით და ისე გაუხარდა, თვალზე ცრემლი მოადგა. ნიკოლოზიც მთხოვდა, ბავშვი გამეჩინა და ვფიქრობ, პატარა მისთვის ყველაზე ძვირფასი იქნება. რაც წლები გადის, ვხვდები, როგორი მნიშვნელოვანია, რამხელა იმედი და ბედნიერებაა, როცა იცი, რომ მარტო არ ხარ და ყველაზე ახლობელი გყავს დის ან ძმის სახით.

– როგორც მაყურებელი ხედავს, საკმაოდ აქტიური ფეხმძიმე ხარ – გქონდა სირთულეები, ტოქსიკოზი და ასე შემდეგ?

– მიუხედავად იმისა, რომ აქტიური ორსულობა მქონდა, მაინც არ იყო მარტივი და უპრობლემო. ჯანმრთელობის მხრივ არაფერი მაწუხებდა, მაგრამ სუსტად ვგრძნობდი თავს, რაც ძალიან მიშლიდა ხელს და ვერ ვეგუებოდი. ტოქსიკოზი უცნაურად, მეოთხე თვიდან დამეწყო და იშვიათად, მაგრამ მაინც მაწუხებდა. ბოლო თვეში უფრო მოვედი ენერგიაზე

– პრეტენზიული ორსული ხარ? მეუღლეს თუ უწევს შენი „უცნაური“ სურვილების შესრულება?

– შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ არანაირი პრეტენზია არ მქონია. ღამის სამ საათზე უცნაური სურვილებით რომ უშვებენ ქმრებს, მე ასე არ გამიკეთებია. ერთი-ორჯერ გამოვიძახე რაღაც და ამით მორჩა. სხვათა შორის, არც პირველ ორსულობაზე მქონია მსგავსი მოთხოვნები. არ ვარ პრეტენზიული ორსული, რა თქმა უნდა, ცოტა ემოციური ვარ, სხვა დროსთან შედარებით, თუმცა ეს ნორმალურია.

– ოჯახში ბიჭები თუ ანებივრებენ ფეხმძიმე ანკას, საოჯახო საქმეების გამკლავებაში თუ ეხმარებიან?

– სხვათა შორის, ჩემი ქმარი ძალიან მეხმარება კულინარიაში. რამდენიმე კერძს ძალიან გემრიელად ამზადებს და ასე ერთობლივი ძალებით, ხან მარტოც, გემრიელ ვახშამს ამზადებდა. ნიკოლოზიც ცდილობდა, არ დავეტვირთე. „ნუ გიჭირავს მძიმე“, „ცუდად ხომ არ ხარ?“ – სულ ღელავდა და ყურადღებით იყო.

– უკვე ცოტა დროა დარჩენილი პატარას დაბადებამდე და არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ, მთლიანად გენეტიკის დამსახურებაა თუ ამისთვის შენი „ხრიკები“ გაქვს?

– მინდა ვთქვა, რომ საშინლად ვიქცევი (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში უფრო გავაქტიურდი, კვირაში ორჯერ მსუბუქ ვარჯიშებს ვაკეთებდი და სხვა ორსულებისთვისაც ჩავწერე ლაივები, მაინც ცომი, ტკბილი და გვიან ჭამა ისაა, რასაც ვერ გადავეჩვიე. ძალიან მიხარია, რომ ბევრი აჰყვა ჩემს ვარჯიშებს, რომელიც მე არ მომიგონია. ეს საუკეთესო, უსაფრთხო ვარჯიშების ნაკრებია. პირად შეტყობინებებში მწერდნენ, რომ ძალიან გამოადგათ და მიხარია.

– საკმაოდ დიდი ხანია, დაქორწინებული ხარ. ერთმანეთს სიურპრიზებით დღესაც ანებივრებთ?

– იშვიათად, მაგრამ მაინც ვახერხებთ ერთმანეთისთვის სიურპრიზის გაკეთებას. ახლა ისევ ისე კი არა, მეტად გვიყვარს ერთმანეთი და სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს, უფრო გავიზარდეთ. სიურპრიზები მე უფრო გამომდის. ჩემი ქმარი მანებივრებს, მაგრამ წლების გამოცდილებით შეთანხმებული საჩუქრები მირჩევნია (იცინის).

– გადაცემა, რომელსაც ნიკა ლომიძესთან ერთად უძღვებოდი, დაიხურა. როგორ მიიღე ეს ამბავი?

– რასაკვირველია, გული დამწყდა. გარდა იმისა, რომ პანდემიის გამო ბევრი რამ ვერ კეთდებოდა გადაცემაში ისე, როგორც დაგეგმილი იყო, ეს საქმე ჩემთვისაც ახალი იყო. როცა ეშხში შევედი, მაშინ დაიხურა და არა მარტო ჩვენი გადაცემა, მთელ არხზე მხოლოდ ერთი შოუ დარჩა, საინფორმაციოსა და ყოველდღიური გადაცემების გარდა. სიმართლე გითხრათ, დიდი მოულოდნელობაც არ იყო, მშვიდად მივიღე. ბევრი იქ მომუშავე ადამიანისგან განსხვავებით, არც სენტიმენტები მქონდა და არც მგონია, რომ ზედმეტად ტრაგიკულად უნდა მივიღო მსგავსი მოვლენები. ეს ამბავი უკვე ორსულობის ბოლო პერიოდში მოხდა. ასე რომ, ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. ახალნამშობიარებს, პატარა ბავშვით, ამ პანდემიის პერიოდში უფრო გამიჭირდებოდა. თეატრში არ ვიღებ დეკრეტულ შვებულებას და მიხარია, რომ ორი ისეთი რეჟისორისგან მაქვს შემოთავაზება, ვისთან მუშაობაც დიდი ბედნიერებაა.

– ბოლო პერიოდში სოციალურ სივრცეში საკმაოდ აქტიური ხარ და მოვუყვეთ ჩვენს მკითხველს – რა არის ამ აქტიურობის მიზანი და ამ მხრივ, სამომავლოდაც თუ გაქვს გეგმები?

– მე რეალური ურთიერთობების მომხრე ვარ. შარშან, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისას და მერეც ჩემი მეგობრები მეხვეწებოდნენ, ცოტა აქტიური იყავი, მიხედე შენს გვერდსო. არ ვარ „ფეისბუქზე“ აქტიური, „ტიკ ტოკი“ საერთოდ არ მომწონს და „ინსტაგრამზე“ გავაქტიურდი. თუმცა, ინფლუენსერობა არაა ჩემი ძირითადი მიზანი. ჩემთვის მთავარი ჩემი პროფესიაა, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გულწრფელი „ინსტაგრამი“ მაქვს. ისეთ ცხოვრებას არ დავანახვებ ადამიანებს, როგორიც რეალურად არ მაქვს. პირიქით, მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაღაცები უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, მე არ გამოვაქვეყნებ ისეთი საკვების ფოტოს, რაც შესაძლოა, სხვას არ ჰქონდეს. არ მოვიტყუები, ეს დამატებითი შემოსავლის საშუალებაა, თუმცა არასოდეს, შემიძლია, თამამად ვთქვა, არასდროს გავუკეთებ ისეთ რამეს რეკლამას, რასაც მე არ მოვიხმარ. დიდი თანხა შემოუთავაზებიათ და არ დავთანხმებულვარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი იმიჯი და ის, რომ ყველა ჩემს სიტყვაზე ვაგებდე პასუხს.

tbiliselebi.ge