“დამნაშავის სახლის დაწვაც დანაშაულია”

813

უფლებადამცველი, სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაცია “საფარის” დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

პატარაია “ფეიქბუქის” საკუთარ გვერდზე სამეგრელოში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

“პედოფილია უმძიმესი დანაშაულია და ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას, რაც სწორია.

სხვისი სახლის დაწვა დანაშაულია, თუნდაც დამნაშავის სახლის დაწვაც დანაშაულია. ხოლო პოლიციელი თუ მონაწილეობს ამ დანაშაულში ღიად, უყურებს დანაშაულს და არ ცდილობს მის აღკვეთას – ეს მთელი სახელმწიფოს სისტემის ჩამოშლაა.დარწმუნებული ხართ, რომ გამოქვაბულში გინდათ დაბრუნება და ლინჩის წესით ცხოვრება? მე არ მსურს ბრბო ასამართლებდეს ვინმეს.მე სამართლიანი სასამართლო მინდა, რომელიც პედოფილსაც განსჯის და პოლიციელის დანაშაულსაც, სამართლიანად და მიუკერძოებლად.

გავეშებული ბრბოს სამართლის აღსრულება არც არასდროს შეეძლო და ვერც ვერასდროს შეძლებს.

სიველურეს და ლინჩის წესს არასდროს არ გავამართლებ – ეს უკონტროლო ბოროტებაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სამართლიანობასთან და კანონთან”, – წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სამეგრელოში, 8 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს სახლი დაუწვეს.