საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს.
ის მწერალ გურამ შარაძეს იხსენებს.
„შვილი ვინ მომიკლა, ვერ გამოიძიეს, ჩემ მეუღლეს მანქანა ვინ დააჯახა, ისიც ვერ გამირკვევია. სანამ მესვრიან, მანამდე მოვასწრებ და ვიტყვი სიმართლეს, რომ ესენი ქვეყანას ღუპავენ! …
ჩემ ცოლს ანდერძი დავუტოვე, მე თუ მომკლავენ, მკვლელს მადლობა უთხარით, რადგან… ჩემ შვილთან მისასვლელ გზას შემიმოკლებს. პასუხი იმას მოსთხოვეთ, ვინც ჩემი და ჩემი შვილის მოკვლა დაავალა. ოღონდ… სიკვდილით არც ის დასაჯოთ. მკვლელებისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ის იქნება, ლაშა და გურამ შარაძეების სისხლით რომ ექნებათ ხელები შეღებილი… ..!“
გურამ შარაძე.
დაუვიწყარი ბატონი გურამი. უამრავი სასიკეთო საქმის წამომწყები და გამკეთებელი, არაერთი საინტერესო წიგნის ავტორი.
საზარელია იმ ფაქტის წარმოდგენაც კი, რომ მისი მხეცური მკვლელობა ქალაქის ცენტრში, ყველას თვალწინ, დღემდე გამოუძიებელი და პასუხგაუცემელია.
დიახ, ისიც 6 იანვრის სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების მსხვერპლი – 15 წლის შემდეგ. ვინმე ბარათელის მითის, რომელიც არც მიწისაა, არც ცისა, ცხადია არავის სჯერა.
გურამ შარაძე, რომელმაც კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების კუთვნილი მემორიალური სახლიდან არაერთი ნივთი გადაარჩინა 1992 წელს, არაერთგზის თავდასხმის, გაძარცვისა და ხანძრის შემდეგ და ამ ქმედებით ჯერ კიდევ იმ დროში მუზეუმს ჩაუყარა საფუძველი – იმ ორი მოღვაწის მუზეუმს, რომელთა გარეშეც მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორია ვერ დაიწერება“,- წერს გამსახურდია.