ინტელექტუალურ კლუბ „რა? სად? როდის?“ მოთამაშე, მწერალი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ბავშვობის მოგონებას აქვეყნებს.
ალექსანდრე წერს, როგორ გაიჩინეს მან და თავისმა 12-13 წლის მეგობრებმა შეყვარებულები და როგორ განვითარდა „ლავ სთორი“ 90-იანებში.
„ბავშვობაში, 12-13 წლისები ვიქნებოდით, ოთხმა ძმაკაცმა გადავწყვიტეთ რომ შეყვარებულების ყოლის დრო იყო და უკვე ვინმე უნდა აგვერჩია. გადავხედეთ სკოლაში გოგოებს და დავინაწილეთ საუკეთესოები.
თან მეტი ბრენდინგისთვის დავარქვით მეტსახელები: ანგელოზი, პრინცესა, მზეთუნახავი და ფერია. პირადად არც ვიცნობდით ამ გოგოებს, ძირითადად შედარებით უფროსკლასელები იყვნენ, მაგრამ მთავარია რომ ავირჩიეთ.
მოკლედ ჭკუაზე არ ვართ, სიყვარულს ვიმიტირებთ, არადა ჯერ არც ვიცით რას ნიშნავს. დერეფნებში „შემთხვევით“ ვხვდებით, მათ დანახვაზე გოლებს ვიტანთ, სულ მათზე ვლაპარაკობთ და ვართ ასე.
ჰოდა, ამ ერთ ჩემს ძმაკაცს, ფერია რომელსაც შეხვდა, მგონი მართლა შეუქანდა გული. ლოგიკურიცაა, ძალიან ლამაზი ქერა გოგო იყო, თეთრი, დიდი მწვანე თვალებით. სადღაც ყველა ვნანობდით რომ ჩვენც ის არ ავირჩიეთ და დაგვასწრო ამ დამპალმა.
მოდის ვალენტინობა და გადაწყდა რომ რამე უნდა ვაჩუქოთ ჩვენს ანგელოზ-ფერიებს. ვინც რა მოვახერხეთ შევაკოწიწეთ და ვიყიდეთ წვრილ-წვრილი საჩუქრები. ჩემმა ძმაკაცმა, რომელიც თავის ფერიას ჯერ არც კი დალაპარაკებია, განსაკუთრებულად მოინდომა და იქვე მარკეტში რაღაც სუნამო უყიდა. ოღონდ ისეთი დროა, დიდად სუნამოებშიც ვერ ვერკვევით.
მოვიდა საჩუქრების გადაცემის დრო. ჩვენთან ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ერთმა გაიღიმა, მეორემ მადლობაო, მესამემ ცოტა უჟმურად, მაგრამ მაინც მიიღო საჩუქარი და ახლა ჩემმა ძმაკაცმა უნდა დასვას წერტილი.
ყველანი სკოლის კედელს ვეფარებით და იქიდან ვუყურებთ ამის ბოლთის ცემას სასკოლო ზარის მოლოდინში. აი, დაირეკა ზარიც, გამოდის ფერია და ამანაც ვაჟკაცურად მოაჭრა, გააჩერა და აჰა შენო, უწვდის საჩუქარს. ის შეყოვნდა, გამოართვა, გახსნა, დახედა. საგულდაგულოდ შეფუთული დეზადორია. გამოხედა ამას და ყველას გასაგონად, მჭახე ხმით ეუბნება:
„შენ ბიჭო ყ** ხო არა ხარ, რა არი ესა“.
პ.ს. მერე რაც მოხდა აღარ მოვყვები. აქეთ ხარხარს რომ მოვრჩით, ძმაკაცის დამშვიდება დავიწყეთ. მოვდივართ, მოდის ესეც კუდამოძუებული. ვანუგეშებთ, კარგი ეგ არაფერი, ჯერ 12 წლის ხარ, წინ დიდი დროა, სხვა აირჩიეო. ეს კიდე ცრემლებს ძლივს იკავებს და ხმას არ იღებს. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ რაღაცნაირად გაიმართა წელში და გვეუბნება:
„არა, მევასება რა უხეში ქალები!“ – წერს ლორთქიფანიძე.