“ხან მეტროში მეძინა, ხან ქუჩაში ვრჩებოდი, ხან ბარში, სადაც ვმუშაობდი”

624

ბლიცინტერვიუ ნუცა შანშიაშვილთან  

სახელი: ნუცა.

გვარი: შანშიაშვილი.

პროფესია: მომღერალი, მსახიობი, მხატვარი.

– მოგონება ბავშვობიდან…

– ხშირად მუბნებიან, ალბათ, კამერას ბავშვობიდან უყვარხარო და მეცინება ხოლმე. ერთხელ წამიყვანეს „მასოვკაში“ გადასაღებად, გიორგი შენგელაია იღებდა ფილმს, სადაც ჩემი მშობლებიც თამაშობდნენ. ვერაფრით გამაჩერეს კამერასთან, სახეს არ ვაჩერებდი, სასაცილო რაღაცებს ვაკეთებდი, ვმაიმუნობდი. მერე მზიამ ამიხსნა: შვილო, ეს ფილმია, მსახიობების შვილი ხარ და ასე არ შეიძლებაო. არაფერმა გაჭრა, ბოლოს ავდექი და გამოვიპარე. ბავშვი დაიკარგაო მილიციას გამოუძახეს და ჩავშალე გადაღება. მიპოვეს სადღაც ტრასაზე ბედნიერი, კმაყოფილი, არხეინი სახით მიმავალი. საბოლოოდ მაინც გადამიღეს, პატარა კადრში ვჩანვარ, თუმცა იქაც ვმაიმუნობ და ლოყებს ვბერავ (იცინის). რატომ გავაპროტესტე და ჩავშალე გადაღება საერთოდ არ მახსოვს.

– მშობლების როლი…

– ძალიან დიდი. მამამ მასწავლა ხელოვნების, მხატვრობის, ქანდაკების სიყვარული. სასწაული დისკების გალერეა ჰქონდა, ძველი კლასიკური მუსიკის, ჯაზის. ეს დისკები რომ არ ყოფილიყო, დიდ მუსიკოსებს ბავშვობიდან ვერ მოვუსმენდი. ასევე მამამ მიმაჩვია და მასწავლა წიგნის სიყვარული. ფილოსოფიის სასწაული წიგნები გვაქვს, პატარა ვიყავი, რომ მათი კითხვა დავიწყე და ეს მამას ინიციატივა იყო. დედამ თეატრის სიყვარული მასწავლა და დღევანდელი გადმოსახედიდან, მიმაჩნია, რომ სწორად აღმზარდა. ძალიან მკაცრი იყო, ბევრ რამეს მიკრძალავდა და ეს აკრძალვები დღემდე მახსოვს, როგორც სიკეთე.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი…

– მსახიობი. ვუყურებდი დედის პლასტიკას, მის პროფესიონალიზმს, როგორ შედიოდა თეატრში, როგორ იმაგრებდა წარბებს და ეს იყო ჩემი მომავლის დიდი ოცნება. თუ დავიწყე სიმღერა, წავედი მუსიკალური განხრით და დავტოვე საქართველო, მხოლოდ იმიტომ, რომ სცენაზე ვყოფილიყავი. ბოლოს ისე აეწყო, რომ თეატრალური სამყაროს პრემია ავიღე და მაინც შევდექი, როგორც მსახიობი.

– ჩემი მეტსახელი…

– ალბათ, ნუცაა მეტსახელი, რადგან პასპორტით ნინო ვარ.

– ადამიანში ვაფასებ…

– გულუხვობას. ვერ ვიტან „ჟმოტ“ ადამიანებს, გულუხვობას ვაფასებ ყველაფერში. თვალებში რომ ჩახედავ ადამიანს, მისი თვალები უკვე მეტყველებენ მის სულსა და ადამიანობაზე.

– წარმატებული ადამიანი არის…

– რომელიც მოდის და ანათებს. წარმატება ისეთი მრავალმხრივია, რომ ის, რაც მე შეიძლება, წარმატებად მიმაჩნდეს, სხვისთვის არაფერი იყოს. გლობალურად, როცა ადამიანი ბედნიერია, შინაგანად ასხივებს და ანათებს. ეს კი ყველაზე დიდი წარმატებაა, რაც მისი სულიერად სწორ განვითარებაზე მეტყველებს.

– მაკვირვებს…

– ნებისმიერი მოულოდნელი სიტუაცია, ცუდი იქნება თუ კარგი, მნიშვნელობა არ აქვს.

– ვერიდები…

– ადამიანის შეურაცხყოფას, დაცინვას, ტკივილის მიყენებას. ყველაზე ძალიან ვერიდები. ამ დროს მირჩევნია, ჩემი თავი ჩავაყენო ცუდ მდგომარეობაში, ვიდრე სხვას მივაყენო ტკივილი.

– ბედისწერა…

– ნათქვამია, ყველა ადამიანს თავისი ბედი აწერია დაბადებიდან სიკვდილის ბოლო წუთამდეო, მაგრამ ადამიანის წარმატებასა და ბედნიერებაში მთავარია ის არჩევანი, თუ როგორ შეხედავ იმ სიტუაციას, რაც შენ გემართება. თუ გწამს ღმერთის და სიკეთის ენერგიისკენ მიისწრაფვი, რაც უნდა მოხდეს, ეს რწმენა გეხმარება, შეხედო მას ღიმილით, იუმორით და განწყობით, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება. ადამიანმა თავისი ცხოვრების ყოველ წამს პოზიტიურად უნდა შეხედოს. „აუ, რა უბედური ვარ“, „აუ, მე რატომ მემართება“ და მსგავსი ფრაზები კატეგორიულად დაუშვებელია. როგორ შევხედავთ ჩვენს ბედს ჩვენზეა დამოკიდებული.

– სიყვარული…

– გაცემის ენერგიაა. შეგიძლია, გასცე რამე – გიყვარს, შეგიძლია, აჩუქო რამე – გიყვარს. ქრისტემ აჩუქა სიცოცხლე კაცობრიობას, ეს სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლინებაა.

– დრო და სიყვარული…

– სიყვარული რომ არ გაქრეს, ამაზე ადამიანს დიდი მუშაობა სჭირდება. უნდა იბრძოლო სიყვარულისათვის და ეს ბრძოლა ურთიერთობის „შენებაში“ გამოხატო. ყვავილს წყალს თუ დაუსხამ, გაიფურჩქნება და გალამაზდება, ხოლო თუ არ მორწყავ – გახმება. შესაბამისად, არ მჯერა მუდმივი სიყვარულის არსებობის, თუ ის არ იზრდება და არ ვითარდება. სიყვარული არის ენერგია, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დატენა.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია…

– ალბათ, არ არსებობს მსგავსი რამ, რადგან პატიება ყველაზე დიდი შემეცნებაა ადამიანის სულიერი განვითარებისთვის. ასევე, ყველაზე დიდი მონანიება საკუთარი თავის მიმართ. ძალიან რთულია, როცა ვიღაც საყვარელ ადამიანს მოგიკლავს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანმა ყველაფერი ღმერთთან ამ ენერგიასთან დაკავშირებით უნდა გააანალიზოს და შეძლოს, ყველანაირ სიბოროტეს პატიების კარი გაუღოს. ბოროტებას ბოროტებით თუ უპასუხებ, მას უფრო გაამრავლებ, შესაბამისად, ადამიანმა ყველაფრის პატიება უნდა შეძლოს.

– მაბრაზებს…

– უწესრიგობა ყველაფერში, ადამიანის ხასიათით დაწყებული, მისი ქმედებებით დამთავრებული. მე თვითონ ვარ სასწაულად მოწესრიგებული ადამიანი, ამიტომ არეულობა და უწესრიგობა მაღიზიანებს.

– შემშურებია…

– რა თქმა უნდა, შური ეს არაჩვეულებრივი რამაა, ოღონდ თეთრი შური და არა რაღაც ბოროტი ფიქრები. შურს აქვს ორი ზღვარი: ერთი, როცა ადამიანი ბრაზდება სხვის სიკეთეზე და მეორე – იმდენად მოსწონს ის, უფრო ძლიერი ხდება და მას ეჯიბრება. ეს მეორე მამოძრავებელი ძალაა წარმატებისკენ.

– სამაგიეროს გადახდა…

– ჩემდა უნებურად ისე აეწყობა ხოლმე, ვინც მაწყენინა, მათ თვითონ განგება უხდის სამაგიეროს. არ ვარ ბოროტი ადამიანი და რომ გითხრათ, მსგავს რამეს ვაწარმოებ-მეთქი, მოგატყუებთ.

– ბოდიშის მოხდა…

– არ მიჭირს, მეზარება ხოლმე. ქართველები ხომ ძალიან ნიჭიერები, მაგრამ, იმავდროულად, ზარმაცები ვართ. ვიცი, რომ კარგია ბოდიშის მოხდა, მაგრამ ადექი, წადი, ბოდიში მოუხადე, ეს პროცესი მეზარება.

– ვნანობ…

– ერთი მხრივ, იმას, რომ თავის დროზე ბევრი შვილი არ გავაჩინე, მაგრამ მეორე მხრივ, რომ გამეჩინა, ამ კარიერას ვერ ავიწყობდი…

– მარტოობის განცდა…

– მარტოობა არის ჩემი ყველაზე საყვარელი მდგომარეობა. საერთოდ, შინაგანად მონაზონი ვარ. შემიძლია, წავიდე მთაში და ასკეტურად ვიცხოვრო, მედიტაცია ვაკეთო და ასე შემდეგ. მიყვარს სიჩუმე, იზოლირება და ჩემს თავთან მარტო ყოფნა.

– რთული პერიოდი…

– როცა პირველად წავედი მოსკოვში, ხან მეტროში მეძინა, ხან ქუჩაში ვრჩებოდი, ხან ბარში, სადაც ვმუშაობდი. ახლა ეს ყველაფერი ძალიან გემრიელად მახსენდება, რადგან იმ მომენტში იქმნებოდა ხელოვნება. ერთხელ მთელი ღამე თეატრის კიბის საფეხურზე ვიჯექი, საკმაოდ ციოდა, არსად წასასვლელი არ მქონდა, მაგრამ ამ დროს დავწერე სასწაული სიმღერა, რომელმაც დიდი წარმატება მომიტანა ცხოვრებაში. ამ სირთულეებშია ის სიამოვნება, რაც შემდეგ ქმნის ადამიანს, როგორც პიროვნებას.

– ვაგროვებ…

– ძალიან მიყვარს იაპონური და ჩინური პატარა ნამუშევრების შეგროვება, რომლებიც თითქოს ჩემს სულ სხვა ცხოვრებას მაგონებს. ნიუ-იორკი უცნაური ქალაქია. ერთი პატარა გამჭვირვალე ბურთულა ვნახე, რომელსაც ერთი თვის წინ 500 დოლარს აფასებდნენ, მერე 200 და საბოლოოდ ხუთ დოლარად ვიყიდე. როდესაც რაღაც არის შენი და როცა ქვეცნობიერად გსურს მისი მიღება, ის აუცილებლად გახდება შენი საკუთრება, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ნივთი იქნება, ადამიანი თუ რაც.

– თავისუფლება არის…

– სიყვარული და ამ სიყვარულის გამოხატვის ეშხი, როცა არ გეშინია, გამოხატო შენი გრძნობა და გიყვარდეს ბევრი ადამიანი. თუ ადამიანს შეუძლია, უყვარდეს ის, ვინც ბოროტებას უკეთებს, ამაზე დიდი თავისუფლება არ არსებობს.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს…

– ალა პუგაჩოვასთან სახლში სტუმრად რომ მივედი, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა: შენ ნიჭიერი გოგო ხარ, მაგრამ ერთი რამე იცოდე, მე ამხელა ტიტულოვანი მომღერალი ვარ, თუმცა ყველას ვთხოვ თანხებით დახმარებას, ზოგჯერ მაძლევენ, ზოგჯერ – არა. ამის მიუხედავად გაუჩერებლად ვმუშაობ. შენც ყოველთვის იმუშავე საკუთარ თავზე და სულ შექმენი ახალი სიმღერები, არასოდეს გაჩერდეო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა იყო ჩემთვის.