რაგბის ნაკრების მწვრთნელი კორონავირუსს ებრძვის – მისი მდგომარეობა უმძიმესია

286

რაგბის გამგეობის წევრი, ზურა ზოიძე სოციალურ ქსელში მორაგბეების ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის მძიმე მდგომარეობაზე წერს. შეგახსენებთ, რომ მას სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას კორონავირუსი დაუდასტურდა და მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში სამ კვირაზე მეტია მოთავსებული.

ზურა ზოიძე აღნიშნავს, რომ ლევან მაისაშილი ანტივაქსერების მოსაზრებების მსხვერპლი გახდა და ვაქცინა არ გაიკეთა…

ზურა ზოიძე:

„რამდენი დღეა, გული მეწვის და არც შემიძლია, არ დავწერო: ახლა, ამ წუთებში, როდესაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ბორჯღალოსნების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სიცოცხლისათვის იბრძვის სამხრეთ აფრიკაში, მისი ეს მდგომარეობა ჩემს პირად პასუხისმგებლობადაც მიმაჩნია, რადგანაც რაგბის გამგეობის წევრი ვარ და არ მიცდია მისი დარწმუნება ვაქცინაციის აუცილებლობაში.

ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში ეს უნიჭიერესი ბიჭი, რომელსაც იმედით უყურებს მთელი საქართველოს სარაგბო ოჯახი. მეიმედება, რომ ლევანი გაიმარჯვებს სიცოცხლისათვის ბრძოლაში და ბოლომდე აღიდგენს  ჯანმრთელობას, რომ მომავალშიც გაუძღვეს ბორჯღალოსნებს დიდი გამარჯვებებისაკენ.

ღირდა კი ამდენი რამის, მათ შორის საკუთარი კარიერის სასწორის პინაზე შეგდება?

როდის მორჩება ეს ანტივაქსერული „რუსული რულეტი“? ვინ იქნება შემდეგი, ვინ აიხდის თავის ქალას?

ერთი რამ ვიცი: –  სპორტის სფეროში მოღვაწე ხალხისათვის ვაქცინაცია სავალდებულო რომ ყოფილიყო, ასეთ რთულ მდგომარეობაში არ ჩავვარდებოდით და ხელოვნურ კომაში მყოფი ლევანი სუნთქვის აპარატზე არ იქნებოდა მიერთებული. ახლა კი, მის გადასარჩენად არსენალში მხოლოდ სამხრეთაფრიკელი ექიმების პროფესიონალიზმი და მისთვის ლოცვაღა გვაქვს დარჩენილი.

P. S. თუ ეს პოსტი ვინმე ვაქცინირებაზე მოჭოჭმანე ადამიანს გამოადგება გადაწყვეტილების მიღებაში, ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობ თავს“.