რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. რობერტ სტურუა ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც მისი მამის ნახატებთან არის დაკავშირებული.
„მ ა მ ი ს მ ო ლ ო ც ვ ა?
გუშინ საოცარი ამბავი შემემთხვა: ამბროლაურიდან მივდიოდით მესტიაში. სანდომიანმა, ლამაზმა ქართველმა ქალმა სასტუმროში მკითხა:
– ბატონო რობერტ, იცით რომ ამბროლაურის სახვით ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციას მამათქვენის ოთხი ნამუშევარი ამშვენებს?
– სამწუხაროდ, არა…
ვუპასუხე და შემრცხვა, რომ არ ვიცოდი – არც გამიგია!
– ოთხი შესანიშნავი პორტრეტი უნდა ყველამ ნახოს!
ღამის ათი საათი იყო!
რა ვქნა, შევწუხდი, მუზეუმში დღეს ვეღარ მოვხდები, უკვე დაკეტეს, ხვალ კი დილით ადრე მივემგზავრებით – გზა გრძელი გველის:
ამბროლაური-ზუგდიდი-მესტია!
ქალი მიხვდა რამაც ამაღელვა და დამამშვიდა:
– ხვალ დილის ცხრა საათზე მუზეუმს გააღებენ! შეგიძლიათ მიხვიდეთ!
დილის ცხრა საათზე იქ ვიყავი!
ქართველი მხატვრების შესანიშნავი კოლექცია დამათვალიერებინა მუზეუმის არაჩვეულებრივმა, თუ არ ვცდები, დირექტორმა, მხატვარმა ბატონმა ბესომ.
მამაჩემის ნახატებიც მომეწონა:
სამი ჩემი ბიძაშვილის, ლილიკო ბოლქვაძის პორტრეტი და ერთი კი ჩემი დის!
და როცა დღეს ფოტოებს ვასწორებდი, უეცრად იდუმალმა, თითქმის მისტიკურმა ფიქრმა გამინათა გონება:
ხვალ ხომ ჩემი დაბადების დღეა და მამაჩემმა,
მხატვარმა რობერტ სტურუამ,
ხ მ ა მ ო მ ა წ ვ დ ი ნ ა!
მადლობა, რობერტ!
(ასე ვეძახდი და ვეძახი მშობელს!)
მადლობა!”,- წერს რობერტ სტურუა.