მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ ბევრჯერ გადაწყვიტა ზედმეტი კილოგრამების დაკლება და დიეტასაც მიმართა, თუმცა, ნებისყოფა არ ეყო და დაარღვია. ახლა კი, მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო და შედეგსაც ხედავს. როგორც თავად ამბობს, ერთ წელში სულ სხვა ბარბარას ვიხილავთ. მას არასოდეს უცდია ზედმეტი კილოგრამები მუქი ფერის სამოსში დაემალა ან გარუჯული კანის ფერით მიექცია გარშემო მყოფების ყურადღება. უბრალოდ, მიაჩნია, რომ ის ასეთი შეიყვარა ხალხმა და არც წარმატების და ოცნების ახდენისთვის შეუშლია ხელი.
ბარბარა სამხარაძე: ბევრი ქალაქელი განსაკუთრებით ემზადება ზაფხულის პერიოდისთვის, რომ სადმე წავიდეს დასასვენებლად, მე ასე არ ვარ. იმიტომ რომ, სადაც ქალაქელები დადიან დასასვენებლად, მე იქ ვცხოვრობ – სოფელში (იცინის). ამიტომ, ჩემთვის ზაფხული არასოდეს არის განსაკუთრებული. არც დასასვენებლად დავდივარ სადმე. ერთადერთი, ჩემი დასასვენებელი ადგილი დეიდაჩემთანაა, რომელიც მთიან სოფელში ცხოვრობს.
– დავიჯერო, ზღვაზე დასვენება, ტალღების და ჩამავალი მზის ყურება არ გიყვარს?
– ზღვაზე არასოდეს ვყოფილვარ, თუ არ ჩავთვლით შარშანწინ, ესპანეთში ხმელთაშუა ზღვას, რომლის საგზური კონკურსში გამარჯვების შემდეგ მაჩუქეს. ასე რომ, შავი ზღვა თვალით არ მაქვს ნანახი (იცინის).
– ეს ზედმეტი კილოგრამების კომპლექსის ბრალი ხომ არ არის – საცურაო კოსტიუმის მორგებას ვგულისხმობ.
– არა, არანაირად. ზოგადად, არც გარუჯვა მიყვარს, რადგან სუსტი კაპილარები მაქვს და მზეზე ყოფნისას ცუდად ვხდებოდი. თან, ჩემში არ ზის, რომ გავირუჯო და მერე თავი მოვიწონო ნამზეურით. ქალაქში ჩამოსული სოფელში მცხოვრები ადამიანები ისედაც გამოვირჩევით, განსხვავებულები ვართ და ეს უფრო მომწონს.
– გამორჩევაში რას გულისხმობ?
– იმას ვგულისხმობ, რომ ზაფხულის პერიოდში ქალაქში ყველა „დაზაგრული“ დადის, მე კი თეთრი ვარ. ამიტომ ვამბობ, რომ ზაფხულში განსხვავებული ვარ და თან, მომწონს თეთრი კანი.
– ზოგადად, ჭარბწონიანი ადამიანები მუქი ფერის სამოსის ჩაცმას ანიჭებენ უპირატესობას, რასაც შენზე ვერ ვიტყვით.
– მე ფერადოვნება მიყვარს და არასოდეს მქონია ის მომენტი, მუქი სამოსით დამემალა ან „შემენიღბა“ რამე. ვის რა დავუმალო, როცა ჩემს თავს ისეთს ვიღებ, როგორიც ვარ. არ ვემხრობი იმას, საკუთარი თავი იმის გამო დააკნინო, რომ ვიღაცამ ცუდი არ თქვას შენზე. რასაკვირველია, მაინც იტყვიან, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემს თავს არასოდეს დავაკნინებ და სხვის აზრს წინ არ დავაყენებ, განსაკუთრებით იმაში, რაც მე კომფორტს მანიჭებს. ფერადოვნებას სხვისი აზრის გამო ნამდვილად არ დავკარგავ. ყველაფერი ფერადი მიყვარს, განწყობაზე დადებითად მოქმედებს. ჭყეტელა ფერები-ყვითელი, მწვანე, სტაფილოსფერი, „ელექტრიკი“ ლურჯი და ასე შემდეგ, ჩემზე დადებითად მოქმედებს და განწყობას მიქმნის.
– დაქალები თუ გარიგებდნენ ჭკუას და მათ თუ უჯერებ?
– კომუნიკაბელური კი ვარ, მაგრამ პრაქტიკულად, სულ ბიჭებთან მქონდა ურთიერთობა და დაქალი არ მყოლია. მეგობარი გოგონები კი მყავს, მაგრამ მათ დაქალებად არ ვთვლი. ახლახან დავუახლოვდი ერთ გოგოს და მას შემიძლია, დაქალი ვუწოდო. ისეთ გარემოში მიწევდა ყოფნა, ვიცოდი, სად რა ჩამეცვა და სხვისი აზრი არასოდეს გამითვალისწინებია. თან, დიდი ახტაჯანაც არ ვიყავი, ისე ჩამეცვა, ვინმეს ყურადღება მიმექცია. არ მიმაჩნია საჭიროდ, ტანსაცმელმა უფრო დიდი ყურადღება დაიმსახუროს, ვიდრე შენმა პიროვნებამ.
– ყველა გცნობს და ბევრს უყვარხარ. თქვი, არ მიყვარს, როცა ადამიანი ტანსაცმლის გამო ყურადღების ცენტრში ექცევაო. თუმცა, სადაც უნდა გამოჩნდე, ყველას ყურადღება შენკენაა მომართული. ეს გსიამოვნებს? და, შენს პირად ცხოვრებაში თუ არის სიახლე?
– სხვათა შორის, სადაც უნდა მოვხვდე, ყველგან ყურადღების ცენტრში ვექცევი და არ მოგატყუებთ, ძალიან მომწონს. თუ პირად ცხოვრებაში შეყვარებულს გულისხმობთ, ყოველთვის შოკოლადი უფრო მიყვარდა, ვიდრე ბიჭები (იცინის).
– არასოდეს გქონია წონის კომპლექსი, თუმცა დაკლება გადაწყვიტე და შედეგი სახეზეა. რის გამო მიხვედი ამ გადაწყვეტილებამდე და რამდენი კილოს უკან მოტოვებას გეგმავ?
– დგება მომენტი, როცა ადამიანმა რაღაც უნდა შეცვალო შენს ცხოვრებაში. თუმცა, არასოდეს ვიოცნებებ, „ვიქტორია სეკრეტის“ მოდელი გადავაგდო პოდიუმიდან და მე გამოვიდე. ჩემი ოცნება სცენაზე დგომა იყო და სულ ვიცოდი, ამისთვის ნამდვილად არ იყო საჭირო გარკვეულ პარამეტრებში ყოფნა. ამაზე ჩემი უახლოესი წარსული მეტყველებს და გარკვეულწილად, ამაში ჩემმა წონამაც შემიწყო ხელი.
– ხელის შეწყობაში რა იგულისხმე?
– დღეს რომ ვინმე გააჩეროთ ქუჩაში და უთხრათ, ბარბარა სამხარაძე ვინ არისო, ყველა გაიხსენებს: ა, ის მსუქანი, სოფლელი გოგო? (იცინის) ასეთი გამიცნო და შემიყვარა ხალხმა და არა მოდელის პარამეტრებითა და ფიზიკური მონაცემებით. მათ ჩემი სახელი და გვარი ჩემს ვიზუალთან ერთად ჩაიბეჭდეს. დარწმუნებული ვარ, როცა გავხდები და დავიკლებ, მაინც ის მსუქანი ბარბარა ემახსოვრებათ. მე კი მომიწევს, ახალი ბარბარა შევქმნა. ისე, თითქოს, ადამიანებს ვიზუალით იღებენ, მაგრამ მე მიმიღეს ჩემი წარსულითა და ნიჭით. რომ გავხდები, იმ ზედმეტ კილოგრამებს არც ჩემი გული გაჰყვება, არც ჩემი ფასეულობები და არც ღირებულებები. უბრალოდ, ცხიმი დაიწვება (იცინის). ლიკა ქორქიამ გამაცნო საუკეთესო დიეტოლოგი – ლიკა ჩახვაშვილი, რომელმაც მკითხა: მზად ხარ, დაიკლო ზედმეტი კილოგრამები, მზად ხარ ამისთვის, გინდაო? ვუთხარი: რატომაც არა-მეთქი. მანამდეც მქონია შეთავაზება, მაგრამ უარს ვამბობდი, ახლა კი მივხვდი, ახალი ცხოვრებისთვის მზად ვარ. მინდა, ახალი ბარბარა უთქმელად დაინახონ და თქვან: ვა, რა მაგარია! ჯერ 15 კილო მაქვს დაკლებული, შემოდგომაზე უკვე 30 კილო მექნება და მერე ვნახოთ. ასე რომ, სულ მალე ერთ-ნახევარ ადამიანს ჩამოვიცილებ ჩემი სხეულიდან (იცინის). არაერთხელ დამიწყია დიეტა, დამიწერია სოციალურ ქსელში: არიქა, დიეტა დავიწყე-მეთქი და მეორე დღეს დამირღვევია. ახლა კი ვთქვი: არ ვილაპარაკებ და პირდაპირ შედეგს დავდებ! უკვე ჭორებიც კი გავრცელდა – ბარბარამ 25 კილო დაიკლოო. მერე სხვები სოციალურ ქსელში ნახულობდნენ ჩემს ფოტოებს და მიდიოდა ლანძღვა: ეს ვის ატყუებს, რა 25 კილოო (იცინის). არადა, რეალურად სულ 15 კილო დავიკელი და რატომ მაკლებენ ზედმეტ წონას, არ ვიცი (იცინის). ეტყობა, ჩემი გახდომა ეჩქარებათ (იცინის). ყველაფერს ვჭამ, თუმცა, მიწევს თავზე კონტროლის გაწევა, კვების კულტურაც შევისწავლე და გამომივიდა. ზოგადად, კომფორტულად ვარ და მომწონს ჩემი შემართება. სარკეში რომ ვიყურები, დაწყნარებული ბარბარა მიყურებს და ვხვდები, თვეების შემდეგ კიდევ უფრო სხვა იქნება. ასე რომ, ერთ წელში სულ სხვა ბარბარას იხილავთ.