რას წერს ზურაბ შევარდნაძე „გარდენიაში“ მომხდარ ინციდენტზე

505

მებაღე ზურაბ შევარდნაძე „გარდენიაში“ მომხდარ ინციდენტზე დამატებით განმარტებას აკეთებს. როგორც ის ამბობს, უცხოეთიდან ჩამოსულ უახლოეს მეგობრებს უმასპინძლა და ჯვრისწერის შემდეგ მასპინძლობაზე უარი ვერ უთხრა.

ზურა შევარდნაძის თქმით, მომხდარი სხვებისთვისაც ჭკუის სასწავლებელი იქნება.

„ყვავილებზე, ბროწეულებზე, შემოდგომის ყვითელ ფოთლებზე, ძველ გურულებზე ვერ დავიწყებ წერას მანამდე, სანამ ამხელა ემოციის შემდეგ, არ ვიტყვი რა იყო და როგორ. გულწრფელად გამომდის ხოლმე მოყოლა და ახლაც ასე შევეცდები.

ნიუიორკიდან ჩამოფრინდა ჩემი ორი მეგობარი, გიორგი და რადმილა, საქართველოში ჯვრის დასაწერად, ჩემთან დაბინავდნენ. მთხოვეს, რომ სვეტიცხოვლიდან მოვიდოდნენ 20 სტუმრით.

ვერ ვუთხარი უარი. ლამაზი სუფრა გავუშალე ჩემ საკუთარ სახლში და არა საჯარო სივრცეში გარდენიაში. სახლი იურიდიულადაც ჩემი პირადი საკუთრებაა და გამიჯნულია ბაღისაგან რეესტრშიც ასეა გატარებული. ყველა სტუმარი იყო პისიარ ტესტით შემოწმებული.

რა თქმა უნდა, გავიხარეთ ერთმანეთის ნახვით, ფოტოების, ვიდეოების გადაღებასაც არავინ მორიდებია.

ძალიან მალე ატყდა რაც ატყდა, გაივსო ბაღი და სახლი სამართალდამცველებით, პატრულის თანამშრომლებით, ჟურნალისტებით. ბარე ხუთჯერ მეტნი იყვნენ ერთად აღებული ვინემ ჩემი სტუმრები. ძალიან გავნერვიულდი, ძალიან. ვფიქრობ გადაამეტეს.

რა თქმა უნდა, დავარღვიე კანონი, რა თქმა უნდა, რეგულაცია დავარღვიე და ვუმასპინძლე სტუმრებს. ამიტომ ჯარიმაც გადავიხადე და ოთახიც დალუქეს. ზუსტად მაქვს გაცნობიერებული რამხელა საფრთხის ქვეშ ვართ ყველანი, მაგრამ ზრდილობასა და პასუხისმგებლობას შორის გაძრომა არ ყოფილა იოლი საქმე, მე ამჯერად არ გამომივიდა. უსიამოვნებაში ჩავაგდე სტუმრებიც და საკუთარი თავიც.

რაც მოხდა მოხდა, იმედი მაქვს არავინ დავაზიანე და დავაზარალე, მე კი ჩემთვის ჩემი დასკვნები გავაკეთე, მაგრამ ალბათ სხვებისთვისაც ჭკუის სასწავლი იქნება ეს ამბავი და ჩემსავით არ შეცდებით. ჩემს მეგობრებს სიხარულით სავსე ცხოვრებას ვუსურვებ რასაკვირველია, გაფრინდნენ უკვე. მე კი თქვენი ნებართვით გავაგრძელებ მყნობას, დარგვას, თესვას, მივხედავ ბაღს..“, – წერს შევარდნაძე.