“ეს გოგოები იქ, გარეთ ტოვებენ თავიანთ ცხოვრებას და აქ, ამ სივრცეში ჩვენი მფარველი ანგელოზები ხდებიან…”
ასოცირებული პროფესორი, უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯი” -ის დამფუძნებელი და რექტორი, ნათია გოცაძე პოსტკოვიდურ პერიოდს კლინიკაში გადის. იქ მყოფ ექთნებზე რექტორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“აქ, ჩვენს გაყოფილებაში განთავსებულ პაციენტებს სამი ექთანი გვივლის. ეს გოგოები მორიგეობიდან მორიგეობამდე თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ, მაგრამ როგორც კი ამ კარს გადმოცდებიან, ივიწყებენ ყველაფერს და ჩვენით და ჩვენი პრობლემებით არიან დაკავებულები…
დალი ქოთქოთაა.. მისი მოსვლა მთელ განყოფილებას ფეხზე აყენებს. სულ უკმაყოფილოა და კოპები აქვს შეკრული, ამიტომაც ხშირად ეხვევა ჩხუბსა და დავიდარაბაში.
აქ ყველას თავისი გაჭირვება აქვს, დალის მისი, ჰოდა უკვირს დალის, რატომ არის სხვისი გაჭირვება უფრო მნიშვნელოვანი და რატომ უნდა გაიგოს სხვისი, როცა მისი არ ესმის არავის.
ჩემთან რომ შემოვიდა ერთი კი შემომხედა კუშტად, მაგრამ ჩემი ღიმილით გადაბადრული სახე რომ დაინახა უცებ მოლბა..
ანალიზი რომ ამიღო ხელი შევუქე – ვუთხარი ამ ჩემს რთულ ვენებს, ასე თუ მოარჯულებდა ვინმე არ მეგონა მეთქი.
აშკარად ესიამოვნა. პირბადეში ჩაკარგულ ჩაცინებასაც კი მოვკარი თვალი . ჰოდა დაიღვარა სიტყვებად… მითხრა – თქვენ რა გიჭირთ, აქ ისეთები მოდიან ვენა სულ არ აქვთო. მე ვარ ერთადერთი, ვისაც ასეთ პაციენტებთან უშვებენო.. აუცილებლად კარგად იქნებითო.. ასეო.. ისეო..
მოკლედ დავმეგობრდით და ახლა გულის გადასაყოლებლად ჩემკენ მოიჩქარის. ამბობს – თქვენ სულ სხვა ხართო და ვხედავ, როგორ გულწრფელად უხარია, როცა დაინახავს, როგორ მივდი-მოვდივარ დერეფანში სულ უფროდაუფრო გასწორებული ნაბიჯებით.
ინეზა დღესასწაული გოგოა. ასეთები იბადებიან, რომ სიხარული გასცენ. შემოცქრიალდება თუ არა, იმდენი სხივი შემოაქვს – სულ რომ კვდებოდე კაცი ჰაერში აგწევს მაშინვე.
– როგორ არის ჩემი მზე გოგო? მეტყვის და მეც მეტი რა მინდა – ვაგებებ აქედანაც სხივებს. ასე გაბრჭყვიალებულები ვშორდებით ერთმანეთს და მთელი დღე გვყოფნის ეს ენერგია.
ყველაფერი აინტერესებს ინეზას: რას ვსაქმიანობ.. რა მიყვარს.. აქ რატომ მოვხვდი… ისეთი სწრაფია, ერთი ნემსის გაკეთებაში მოგაყოლებს მთელ ცხოვრებას.
ახლა მითხრა, თქვენ რომ აქ ხართ, მორიგეობა მიხარიაო, უცებ დააყოლა – არა რომ წახვალთ და კარგად იქნებით ის უფრო გამეხარდებაო..
აბა როგორ არ უნდა გამოვჯანმრთელდე, როცა ასეთი გულშემატკივარი მყავს…
კესო დინჯია და დაკვირვებული. ყველა დანიშნულებას საგულდაგულოდ ამოწმებს. არაფერი ეშლება. არასდროს ამბობს დაიღალა თუ აწუხებს რამე. არც არაფერს გეკითხება და არც შენ გაკითხვინებს რამეს.
მე მაინც ვგრძნობ როგორ ზრუნავს ჩემზე. როგორ ცდილობს არაფერი მეტკინოს. ყველა პროცედურას ისეთი მონდომებით, ისეთი სიფრხილით და სიყვარულით აკეთებს, რომ გული მევსება.
იმ დღეს ვუთხარი ბედნიერებაა, როცა ადამიანი ასეთი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს მეთქი. ესიამოვნა. არაფერი უთქვამს, მაგრამ თვალები აუბრჭყვიალდა.
მერე გამომიტყდა, ხანდახან დამღლელიაო ეს პასუხისმგებლობა.. ყველა ვერც იგებსო ამას.. არადა არ შემიძლიაო სხვანაირად, როცა რამეს ვაკეთებ იმ საქმეში უნდა ჩავდოო სული და გული… ვერ მივაფუჩეჩებო საქმეს და ვერც ზედმეტად ვიაქტიურებო სხვების მოსაწონად… არ გამომივაო.
გავუგე .. კარგად ვიცი ეს რა არის..
კესოსნაირებს დიდად არ სწყალობენ… აშინებთ მისი დისტანციურობა, აღიზიანებთ პერფექციონიზმი და მის პრინციპულობას ამპარტავნებად მონათლავენ ხოლმე.. მაგრამ ისიც ცხადია, რომ სწორედ ასეთები დგანან იმ კარგად შესრულებული საქმეების უკან, ასე რომ გვიხარია ყველას..
დღეების აღრიცხვა აქ ასე ხდება – დალი.. ინეზა.. კესო.. მერე ისევ დალი.. ინეზა… კესო..
დილა მათით იწყება და ძილისპირიც მათთან ერთად მოდის..
ეს გოგოები იქ, გარეთ ტოვებენ თავიანთ ცხოვრებას და აქ, ამ სივრცეში ჩვენი მფარველი ანგელოზები ხდებიან..
ამიტომაც, პალატაში ყოველ დილით შემოსულებს კარგი ამბავი უნდა მივაგებო.. უნდა ვუთხრა, რომ დღეს გუშინდელზე უკეთ ვარ და რომ ხვალ კიდევ უფრო კარგად ვიქნები..
სტიმული მაქვს.. ვიცი გავახარებ…”-წერს ნათია გოცაძე.