თუ შარშან თამარ ივერი, საკუთარ დაბადების დღეს, სტუმრების ვიწრო წრეში, ქმრის მიერ მომზადებული გემრიელი კერძებით აღნიშნავდა, წელს “ფეისბუქზე” ამ ფოტოს აქვეყნებს.
“ბედნიერი დაბადების დღე მე. არა სტუმარი, არა წვეულება, არა მხიარულება – კოვიდპანდემიისას” – წერს ოპერის მომღერალი და შამპანურის ბოთლთან ერთად გადაღებულ მოწყენილ ფოტოს აქვეყნებს.
შარშან კონსერვატორიაში შეხვდა 8 სექტემბერს, სტუდენტებმა ბუშტები და ყვავილები დაახვედრეს. ახლა კი სოპრანო “პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ ამ დღის სიმბოლურად აღსანიშნავად, ქალაქგარეთ გავა.
ვფიქრობ, მცხეთაში, არმაზის ხეობისკენ, ქმარ-შვილთან ერთად წავალ და საყვარელ რესტორანში დავსხდებით. რაულის ველოდები. რომანტიკული ტიპია, მოულოდნელად იცის, რაღაცის შემოთავაზება.
ჯერჯერობით, თაიგული მომართვა, კიდევ რა იქნება, ვნახოთ.
იმედს ვიტოვებ, რომ იქნებ გაისად იყოს უკეთესი სიტუაცია. ახლა შეშინებული ვართ. ხუთი ადამიანი რომ დაპატიჟო და მესამე დღეს რომელიმეს ვირუსი აღმოაჩნდეს, უნდა ინერვიულო.
ერთხელ გადავრჩი. მოსწავლე მეჯდა ორი საათი და მესამე დღეს დამირეკა, კორონა აღმომაჩნდაო. ასე, რომ ჯერ თავს ვიკავებ ყოველგვარი წვეულებისგან. ჩემს დღევანდელ განწყობას ეს ფოტო სრულად შეესაბამება.