“ბავშვიყლაპია თქვენ ხართ, თქვენთან დამშვიდობება ღირსების საკითხია”

1,019

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ლეიბორისტების ლიდერთან, შალვა ნათელაშვილთან მისი Facebook–პოსტის შემდეგ კომუნიკაცია აღარ ექნება.

ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წუხელ, როდესაც ნიკა გვარამია მისი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატს, მიხეილ ქუმსიშვილს ეკამათა, გვარამიაში დაინახა “ისევ ის ბავშვიყლაპია პროკურორი, რომელმაც მას 25 წლიანი პატიმრობა გამოუცხადა”.

გვარამიას განცხადებით, ბავშვიყლაპია თავად ნათელაშვილია, მასთან დამშვიდობება კი – ღირსების საკითხი.

“პასუხსაც არ გაგცემთ, ბატონო შალვა. უკვე ღირსების საკითხია, თქვენთან დამშვიდობება. და ბავშვიყლაპია მე კი არ ვარ, თქვენ ხართ – 25 წელი რომ სამ ტანცუიუ სამ პაიუს აკეთებთ პარტიისგან, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლის წინ რეიტინგების ლიდერი იყო და დღეს, თქვენი ეგოცენტრიზმის გამო, ერთი მისხალით არ გაზრდილა. პირიქით, დიდი ტემპით და შეუქცევადად დეგრადირებს.

სრულიად ცხადია, რომ სანამ არსებობთ მაგ პარტიაში, ბავშვი ყლაპიაც, დიდებყლაპიაც თქვენ ხართ, და პოლიტიკაში უკვე ქარიყლაპიად იქეცით ერთიდა იგივე ტექსტების გამეორებით უკანასკნელი 20 წელის განმავლობაში და წარმატებას მხოლოდ სრულიად არასერიოზული აღქმის პერსონად საკუთარი თავის გამოძერწვაში მიაღწიეთ (არადა შეუძლებელია თქვენი ნიჭიერების არაღიარება). მაგრამ, ეს თქვენი არჩევანია. ჩემთვის გულდასაწყვეტი არჩევანი”,– წერს გვარამია