როგორ გაატარა კრისტი ყიფშიძემ ერთი თვე ამერიკაში და რა დაეხმარა მას საკუთარი თავის შეყვარებაში

438

კრისტი ყიფშიძე: წლევანდელი ზაფხული საოცრად დაიწყო. პირველი ივნისის დილა ბაჰამის კუნძულებზე გათენდა და რამდენიმე საათში მაიამიში გავფრინდი. როგორც ყველას, მეც ძალიან მიყვარს მოგზაურობა და წელს ზაფხულის პირველივე დღიდან გამიმართლა. იქიდან კოლორადოში გადავედი – ზღვიდან მთაში გადავინაცვლე. „პოსტალიონის“ მაყურებლისთვის ვიდეორეპორტაჟებიც გავაკეთე ამ ულამაზესი ადგილებიდან და დასვენებას საქმეც შევუთავსე. თან, ყველაფერი მე თვითონ გადავიღე ჩემი ტელეფონით. მასალამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა. მიხარია, რომ „კრისტის ბლოგი“ მოგზაურობის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლებითაც გამდიდრდა.

თბილისში ივნისის ბოლოს დავბრუნდი. ივლისი ძალიან დაკავებული მქონდა, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი და საოცრად პროდუქტიული თვე გამოვიდა. ვფიქრობდი, რომ აგვისტოში ერთი კვირით მაინც წავიდოდი სადმე დასასვენებლად – როგორც გითხარით, ერთი თვე ვიყავი ამერიკაში, მაგრამ იქ დასვენების პარალელურად, დისტანციურად ვმუშაობდი კიდეც – ამიტომ არ გამოვიდა დასვენება, ჩემი გეგმები რადიკალურად შეიცვალა, რადგან აგვისტოს დასაწყისში კოვიდი დამიდასტურდა და თითქმის მთელი თვე მას „მივუძღვენი“. ახლა პოსტკოვიდური სიმპტომები მაქვს და ცოტა მაწუხებს. უშუალოდ ინფიცირების დროს ასეთი სისუსტე არ მქონია. ახლა საკმაოდ უენერგიოდ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ესეც გაივლის. ერთ რამეს მივხვდი – მთავარია, ამ პრობლემას კარგი განწყობით შევხვდეთ.

– არ შეგეშინდა?

– პირველივე სიმპტომი, ყელის ტკივილი რომ ვიგრძენი, რატომღაც იმწუთიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ კოვიდი მქონდა. საერთოდ, ძალიან კარგი წინათგრძნობა მაქვს და ამჯერადაც არ მოვტყუვდი. თუმცა, აცრილი ვარ და ყველაფერმა მარტივად ჩაიარა. სამწუხაროდ, ჩემს მშობლებსაც გადავდე, მაგრამ საბედნიეროდ, ეს პერიოდი ყველამ მშვიდობიანად დავასრულეთ. არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი – ამ განწყობით ვიყავი. მე არ მიყვარს წამლები და ზამთარში გაციებას „მალინიანი“ ჩაით და ძალიან ბევრი სითხით ვებრძვი. ახლაც ასე მოვიქეცი. „მალინა“ ჩემი საყვარელი კენკრაა და ყოველ წელს ვაკეთებ მის მურაბას, რომელიც სავსეა ვიტამინებით.

– როგორ ამზადებ?

– ორ კილოგრამ „მალინას“, დავამატოთ სამი კილო შაქარი, მოვათავსოთ ჯამში და სამი დღე გავაჩეროთ. მოხარშვა არ უნდა, რადგან ბუნებრივად დუღს შაქართან ერთად. მხოლოდ ხის კოვზით ამოურიეთ და თავზე დააფარეთ. მერე მოვათავსოთ „მალინა“ ძალიან კარგად გასტერილებულ შუშის ქილაში, დავახუროთ თავზე და მაცივარში შევინახოთ. დამიჯერეთ, უგემრიელესიცაა და საოცრად სასარგებლოც. მე მთელი ზამთარი ამ მურაბით ვმკურნალობ. ამჯერად, რა თქმა უნდა, ექიმი იყო კოვიდის მართვის პროცესში ჩართული, მაგრამ საბედნიეროდ, არ დამჭირვებია პრეპარატების დახმარება. ისევ და ისევ სითხე და ვიტამინებით სავსე პროდუქტები დამეხმარა. მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო და ვუთხრა, არ შეგეშინდეთ! უბრალოდ, გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები.

– როგორ გაიყვანე ეს დროს?

– არ ვიჯექი, არ ვიწექი, სულ რაღაცას ვაკეთებდი. ხან ვცეკვავდი, ხან ვალაგებდი და ფანჯრებიც გავწმინდე (იცინის). კერძო სახლში ვცხოვრობ, ორი ეზო გვაქვს და ხან ერთში ვსეირნობდი, ხან მეორეში. როგორც კი გამოვჯანმრთელდი, ლისზე დავიწყე სიარული. ეს იყო ჩემი პირველი წამალი კოვიდის შემდეგ. მაქსიმალურად ბუნებრიობის მომხრე ვარ. ახლა ვგრძნობ, თითქოს გავზარმაცდი, ენერგია არ მაქვს რამის გასაკეთებლად, მაგრამ ვებრძვი ამ შეგრძნებას. ვიცი, რომ ეს პოსტკოვიდური სიმპტომია და ვცდილობ, დავძლიო.

– როგორია კრისტის რჩევები ქალბატონებისთვის, თავის მოვლასთან დაკავშირებით?

– დილით გაიღვიძებთ თუ არა, მაშინვე წყალი დალიეთ. ზაფხულია თუ ზამთარი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მიიღეთ, რაც შეიძლება, ბევრი წყალი. იკვებეთ ჯანსაღად. გამორიცხულია მე ზეთში შემწვარი კერძი შევჭამო, არავითარ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ – გრილზე მომზადებული. როცა წონაში დაკლება გინდა, მარტო დიეტა არ არის საკმარისი. სწორად უნდა იკვებო, თორემ ამის გარეშე, დაკლებით შეიძლება დაიკლოთ, მაგრამ კანი მოგეშვათ და ლამაზად აღარ გამოიყურებოდეს. მკვრივი სხეულისა და ჯანსაღი კანისთვის სწორი კვება და ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მე არ მიყვარს დარბაზში სიარული, ჩემი მეთოდები მაქვს. ძალიან მიყვარს ფეხით სიარული და ცეკვა – ეს არის ჩემთვის საუკეთესო ვარჯიში. როცა საქმე თავის მოვლას შეეხება, ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია – საკუთარ ორგანიზმთან ყურადღებით უნდა ვიყოთ, დავაკვირდეთ, რაზე როგორ რეაგირებს და შესაბამისად მოვიქცეთ.

მისთვის, რომ ლამაზი თმა გქონდეს, აუცილებელი არ არის, სილამაზის სალონში შეიძინო ძვირად ღირებული შამპუნი. მაღაზიაში ნაყიდი ჩვეულებრივი შამპუნი და აფთიაქში შეძენილი საცხი, ყოველგვარი დანამატების გარეშე, რომელიც მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებზეა დამზადებული, ასევე, ნატურალური ზეთები, იქნება ეს ჟოჟობასი, ჟასმინის თუ ქოქოსის, ძალიან სასარგებლოა. იმის გამო, რომ თმას ვიღებავ, ხშირად მიუხეშდება, მაგრამ ამ ზეთებს რომ წავისვამ, მართალია, ჩამობანა ძალიან მიჭირს, მაგრამ მერე თმა აბრეშუმივით მაქვს. ასევე, ძალიან მომწონს ნატურალურ საშუალებებზე დამზადებული ნიღბები და მათ კვირაში ერთხელ მაინც ვიყენებ. რაც შეეხება კანს, მიქსერით კარგად ავთქვეფ კვერცხის ცილას, წავისვამ სახეზე და რამდენიმე წუთით ვიჩერებ. მინდა, გითხრათ, რომ ძალიან კარგად ათეთრებს კანს

და ფორებს ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ჭუჭყისგან ათავისუფლებს. თვალების ქვეშ სიშავეების საწინააღმდეგოდ ძალიან კარგია კარტოფილი და კიტრი. ეს, თითქოს, ძალიან ბანალური, მაგრამ საოცრად ეფექტური საშუალებაა. პირველ რიგში, გენეტიკა, შემდეგ – სწორი კვება, წყალი და რაც მთავარია, განწყობა – ეს ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად საჭირო, აუცილებელი კომპონენტებია.

მესმის, რომ გარშემო ძალიან დეპრესიული ფონია. არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ უჭირს. რაც უნდა მიმზიდველი ჩანდეს მისი ცხოვრება გარედან და რამდენად წარმოუდგენლადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომ მას მძიმე მდგომარეობასთან უწევს გამკლავება, დამერწმუნეთ, ეს ნამდვილად ასეა – ყველას უჭირს, რომ ვერ იფიქრებ, ისეთ ადამიანებსაც კი. ამიტომ ყოველთვის უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ საკუთარ თავთან ვიყოთ ჰარმონიაში. უკვე ხუთი თვეა, ტრანსიდენტალური მედიტაციით ვარ დაკავებული. ის გვეხმარება საკუთარი თავის პოვნასა და შეყვარებაში. როგორც კი ამას მიაღწევ, გრძნობ, რომ გარშემო ადამიანები იცვლებიან შენ მიმართ. იმდენად სუფთა ენერგეტიკის მატარებელი ხდები, სულიერად და გონებრივად იმდენად გაწმენდილი ხარ, რომ ნეგატივს ახლოს არ უშვებ. ძალიან კარგი იქნებოდა ამ მედიტაციის მთელი საქართველოსთვის ჩატარება (იცინის). არ გეგონოთ, რელიგიურ ან რამე მისტიკურ რიტუალზე ვსაუბრობდე, ეს ძალიან მიღებული პრაქტიკაა, სპეციალური კურსები არსებობს და თუ ვინმე მისით დაინტერესდება, საჭირო ინფორმაციას დიდი სიამოვნებით გავუზიარებ. როგორც კი შინაგან სიმშვიდეს მოიპოვებ, ბევრ რამეს სხვა თვალით ხედავ და მატერიალური თუ სხვა სადარდებელი, რაც მანამდე უმთავრესი გეგონა, მეორე პლანზე გადადის და გამოსავალსაც გაცილებით მარტივად პოულობ ნებისმიერი სიტუაციიდან.