“იცოდეთ რომ ძალიან გამაბრაზეთ და ამას ასე არ დავტოვებ!” – რატომ ედავება მანანა მენაბდე ზურა ჯაფარიძეს

290

მომღერალი, მანანა მენაბდე პოლიტიკოს, ზურა ჯაფარიძეს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც ცნობილია, ზურა ჯაფარიძის საარჩევნო კლიპს, მანანა მენაბდის სიმღერა „საპოვნელა“ ედო ფონად.

მენაბდემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამისთვის პასუხს მოითხოვდა, რაზედაც ჯაფარიძე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

„დავდე „გირჩის“ საარჩევნო რეკლამა! ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! დაუკითხავად ვინ მოგცათ უფლება, რომ აიღეთ ჩემი ნამღერი?! თუ სულ თავს გახვედით?! ჯერ ერთი მე ვარ გერმანიის მოქალაქე და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მაქვს! კიდევაც რომ მქონდეს, რა უფლებით იღებთ ჩემ ნამღერს და ადებთ თქვენს კლიპს?! იცოდეთ რომ ძალიან გამაბრაზეთ და ამას ასე არ დავტოვებ! ე. ი. უნდა იფიქრონ, რომ მე თქვენ გაძლევთ ხმას! ესაა ტყუილი და ამისთვის პასუხი უნდა აგოთ! ყველანაირი სინდისი და სირცხვილი დაკარგეთ? თუ გაგიგიათ სიტყვა – ღირსება?“- წერს მენაბდე.

საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია (GERA ) სოციალურ ქსელში ეხმაურება საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტს და ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძეს ბოდიშის მოსახდელად და ჯარიმის გადასახდელად 24 საათს აძლევს.

„საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ ვეხმიანებით ჩვენი წევრის, მანანა მენაბდის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მისი უფლებების უხეში დარღვევის თაობაზე და სრულ თანადგომას ვუცხადებთ.

„გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის მიერ ავტორთან შეუთანხმებლად მუსიკალური კომპოზიციის სარეკლამო კამპანიაში გამოყენების თაობაზე. ჩვენ, როგორც საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია ვგმობთ მომხდარს და მოვუწოდებთ ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძეს სახალხოდ მოიხადოს ბოდიში, ასევე აანაზღაუროს ზარალი გადახდილი ჯარიმის სახით.

გვსურს ასევე განვაცხადოთ, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია მომხდარი ფაქტი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა პარლამენტის არჩეული წევრი უხეშად არღვევს კანონს და ფეხქვეშ თელავს საკუთარი საზოგადოების წევრის უფლებას.
ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძეს ეძლევა 24 საათი ბოდიშის მოსახდელად და ჯარიმის გადასახდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ასოციაცია დაიწყებს სამართლებრივ დავას „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“, – ვკითხულობთ საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც აღმოჩნდა, მენაბდე ქვეყანაში არსებულმა ორი პოლიტიკური პარტიის დასახელებამ დააბნია, „გირჩი“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“.

„ეს მე უნდა „ვარ­კვიო“ გირ­ჩია თუ მუ­ხის ფო­თო­ლი?! ამისთვის პასუხს აგებთ“,- წერდა მენაბდე.