“თავისუფლება მიშას, ძირს ეგზარქოსი შიო”

539

არც მე და არც ტვ მთავარი არავისთან არ ათანხმებს საკუთარ პოზიციას, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს., სადაც ეხმაურება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) საკვირაო ქადაგებაში გაკეთებულ აქცენტებს.

“მეგობრებო და არამეგობრებო. ერთხელ და სამუდამოდ, გთხოვთ, გააცნობიეროთ და კარგად დაიმახსოვროთ:

არც მე და არც ტვ მთავარი არავისთან არ ათანხმებს საკუთარ პოზიციას. არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთას ჩვენ არასდროს არავის არ ვაპატიებთ. არავის, ნიშნავს არავის. ასევე, ამ წითელი ხაზების გადაკვეთაზე რეაგირების ფორმას და სიმწვავეს არასდროს არავის არ შევუთანხმებთ. არავის, ნიშნავს არავის. თავისუფლება მიშას. ძირს ეგზარქოსი შიო,” – წერს ნიკა გვარამია.

“ჩვენს გულში არ უნდა იყოს სიძულვილი, შურისძიება, რადგან მაშინ სულიწმიდის მადლი არასოდეს შემოვა ჩვენში – ჩვენ უნდა ვისწავლოთ,რომ არ ვიძიოთ შური, არ ვუსურვოთ ბოროტი ჩვენს მტერს. თუ ამას მივაღწევთ, უკვე დიდი გამარჯვება იქნება საკუთარ თავზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. მიტროპოლიტის თქმით, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე.

როგორც მეუფე შიო განმარტავს, ასეთი რამ სახარებაში არ წერია გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება.

“თქვენი ყურადღება იმაზეც გავამახვილო, რომ აქ ჩამოთლილი ხერხების გარდა, ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ.

დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან”.