“ჩემს შვილებსაც უნდოდათ ჩემ გვერდით ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ჩემზე იზრუნებდა და მე მასზე ვიზრუნებდი”
მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებითად საკმაოდ აქტიურია, თურმე, მეოჯახეობისთვისაც ყოველთვის აქვს დრო – არც სამზარეულოში ეზარება გემრიელი კერძების მომზადება და არც თავისი ედემის ბაღის მოწყობა დაზარებია საკუთარი ხელით.
გია დავითიანი: 30 წლის წინ ნორიოს მეფრინველეობის ფაბრიკაში ვმუშაობდი. ჩემი ფაბრიკის ტერიტორიიდან ჩანდა ლამაზი ადგილი, სადაც სოკოებივით იყო სახლები განლაგებული. ერთხელაც, მივედი ჩემი „მოსკვიჩით“ და კინოსტუდიის აგარაკებზე აღმოვჩნდი, სადაც სახლები ჰქონდათ ცხონებულ იპოლიტე ხვიჩიას, რეზო ჩხეიძესა და ქართული კინოს სხვა ვარსკვლავებს, რომელთა სახელობისაცაა დღეს ბროწეულას 17-ვე ქუჩა. ჩემდა საბედნიეროდ, ამ ტერიტორიაზე ზუსტად ის მიწის ნაკვეთი იყიდებოდა ხეობის პირას, რომელსაც თავიდანვე „დავადგი თვალი“ და ულაპარაკოდ შევიძინე. ძალიან უბრალოდ მოვაწყვე, ჩემი მეგობრები ავიყვანე და მწვადი შევწვით. ყველას ძალიან მოეწონა ეს ადგილი და მას შემდეგ ხშირად დავდიოდი იქ. დავიწყე მცენარეების დარგვა, ვაზი ჩავყარე, ყვავილები გავაშენე. ერთ მონაკვეთზე ქვიანი ნიადაგი იყო და იქ ასი ძირი ნაძვი ჩავრგე. 27 წელი გავიდა მას შემდეგ და დღეს ეზოში, ჩემი ხელით გაშენებული ნაძვნარი მაქვს.
– და, ალბათ, გული სიამაყით გევსებათ.
– ასეა. ბევრს ჰგონია, რომ მე ეს აგარაკი მოწყობილი ვიყიდე. არადა, ყველა ბუჩქი თვითონ გავახარე. ბუჩქებს ჩემი ხელით ვკრეჭ სიმეტრიულად, სპეციალური ინსტრუმენტებიც მაქვს. ვაზიც მაქვს, აუზიც, ჩანჩქერიც. ეს ადგილი ქვიანი იყო და სანამ ბაღის გაშენებას დავიწყებდი, უზარმაზარი შრომა გავწიე. ქვა-ღორღი გავზიდე და ხეობაში გადავყარე. მერე შევიტანე შავი მიწა, მერე ნაკელი, მოვხანი, კიდევ გავწმინდე მიწა. სამი წელი ვამზადებდი ნიადაგს ბაღის გაშენებამდე. ძალიან ბევრი ვიშრომე.
– მოსავალიც გაქვთ?
– გადასარევი ალუჩა მაქვს, ბროწეული, ყურძნის კარგი ჯიშები, ალუბალი, ფანტასტიკური გარგარი, ქლიავი, წითელი ტყემალი, მუშმალა, ატამი. ბოსტანი ცალკე მაქვს შემოღობილი, იმიტომ, რომ ძაღლი მყავს და იქ არ უნდა გადავიდეს. ყოველ გაზაფხულზე ვრგავ კიტრისა და პომიდვრის ჩითილებს, მწვანილებს ვთესავ. ბულგარული, მწვანე წიწაკა, სტაფილო, ხახვი, ნიორი… ყველაფერი ჩემი მაქვს. ბოსტანში რომ შეხვალ თასით ხელში და კიტრითა და პომიდვრით სავსე გამოგაქვს, მოუწამლავი, ნატურალურად მოყვანილი და მარტო შენ კი არა, სტუმრებსაც ჰყოფნის, რა ჯობს?!
– ყველაფერს თვითონ უვლით?
– კი. კვირაში სამი-ოთხი დღე იქ ვარ. ძაღლიც იქ მყავს და დიდი ხნით მარტო ვერ დავტოვებ. ჩემი ძმაკაცია, მასზე განსაკუთრებულად ვზრუნავ. თვითონ ეზოზე ზრუნავს, ფანტასტიკურად იცავს იქაურობას. ყველაფერს მე ვუვლი. აქ მოსვლა ყველას უხარია.
– მარტო მებაღეობა კი არ გამოგდით კარგად, თურმე, სამზარეულოშიც ეხმარებით მეუღლეს და მისგან ბევრი რამ გისწავლიათ…
– წინა ცხოვრებაში, როცა 161 კილოგრამი ვიყავი, ქეიფისა და დროსტარების გარდა არაფერს ვაკეთებდი და ამიტომაც გავხდი იმხელა. მერე დავიკელი, მაგრამ კულინარია ძალიან მიყვარს და არც სამზარეულოში ყოფნა და კერძების მომზადება მეზარება. მსხვილფეხა, წვრილფეხა, ფრინველი – ყველაფრის გაკეთება შემიძლია ისე, როგორც საჭიროა. მიყვარს, როცა ჩემი სამეგობრო ამოდის, ჩემს მომზადებულ კერძს მივართმევ და ისინი მაქებენ, შენი გაკეთებული პურმარილი სულ სხვააო.
– თქვენ უფრო საქებარი ხართ თუ მეუღლე ამ ამბავში?
– გადასარევი სადილები იცის ჩემმა მეუღლემ. როცა ქალმა იცის, როგორ მოხარშოს ბრინჯი იდეალურად, ის ბევრ რამეს გააკეთებს კარგად, იმიტომ, რომ ბრინჯს სპეციფიკური მიდგომა უნდა. არაჩვეულებრივი მზარეულია, ტოლს არ ვუდებთ ერთმანეთს და სამზარეულოში შეხმატკბილებული წყვილი ვართ.
– თქვენს ასაკში ოჯახის შექმნა ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. როგორ აეწყო თქვენი ოჯახური ცხოვრება?
– საბედნიეროდ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს. ის ზუსტად ისეთი ტიპაჟია, როგორსაც ვინატრებდი და ღმერთს მადლობა ამისთვის. ამიტომაც გადავწყვიტე 62 წლის ასაკში დაქორწინება. ლექსიც მაქვს ასეთი: შენზე ფიქრში დამათენდა ღამეები,/ შენს ცხოვრებას ფიანდაზად ვეგები,/ ამ ასაკში მომიწია გალაღება,/ შენს სიყვარულს სანთლის წინ ვევედრები. მეუღლეს ხშირად ვუძღვნი ხოლმე ლექსებს.
– თვითონ ამბობდა, არ ვიცი, როგორ დამითანხმა კიდევ ერთხელ ოჯახის შექმნაზეო. რა გააკეთეთ ასეთი?
– მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სერიოზულად არ მიფიქრია ამ ნაბიჯის გადადგმაზე. იყო რაღაც ურთიერთობები, სიმპათიები, ხანდახან თავშიც გაივლებს ადამიანი, ხომ არ… მაგრამ ცოტა ხნის წინ, გადავწყვიტე, რომ ასე იყო საჭირო – რამდენი მამაკაცი ცხოვრობს მეუღლის გარეშე? მოკლედ, მარტოხელა ცხოვრებას ვაპირებდი. ჩემი შვილების დედის გარდაცვალების შემდეგ, 11 წლის განმავლობაში, არ შემხვდა ისეთი ადამიანი, რომ სერიოზულად დავფიქრებულიყავი ოჯახის შექმნაზე. თუმცა, ჩემს შვილებსაც უნდოდათ ჩემ გვერდით ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ჩემზე იზრუნებდა და მე მასზე ვიზრუნებდი. დამეთანხმებით, მარტოობა ძალიან ძნელია. მით უმეტეს, როცა სერიოზულ ასაკს აღწევ, ელემენტარულად, ძალიან რთულია ხმის გამცემის გარეშე. ბედად ისე მოხდა, რომ ასეთი ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ის ჩემი მეუღლე გამხდარიყო. შევთანხმდით, რომ დრო, რომელიც წინ გვაქვს, ერთად გავატაროთ. მეც მყავს შვილიშვილები, მასაც, შვილებს თავიანთი ოჯახები აქვთ და ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთმანეთის გვერდით ვყოფილიყავით. ღმერთით, ყველაფერი კარგად არის და ასეც გაგრძელდება.
– ერთია, როცა პრაგმატულად იღებ გადაწყვეტილებას და მეორეა სიყვარული. პატარა ბიჭივით ყოფილხართ შეყვარებული…
– სიყვარულს ასაკი ნამდვილად არ ჰქონია. იმ პერიოდში ყველა მეუბნებოდა: გია, რა გჭირს, პატარა ბიჭივით ხარო. ყველაფერში მეტყობოდა, რომ ბედნიერი ვიყავი. მე მგონია, რომ ეს ცუდი არ არის, ძალიან კარგია და მადლობა ღმერთს ამისთვის. ცოტა ხნის წინ, კვარიათში ვიყავით. ლამაზად დავისვენეთ, კარგი ამინდები დაგვემთხვა. ძალიან მძიმე ზაფხული გვქონდა. დედა გარდამეცვალა, ქალბატონი, რომლის გარეშეც 62 წლის განმავლობაში, ერთი დღე არ გამიტარებია. ხელში ჩამაკვდა, მის პულსზე მეჭირა ხელი და ბოლო დარტყმა ვიგრძენი. მერე ეკას შვილი – შოთიკო ტატიშვილი დაინფიცირდა კოვიდით, ძალიან მძიმედ იყო, რეანიმაციაში იწვა. ძალიან ვინერვიულეთ და მთელი ზაფხული თბილისში გავატარეთ განცდებსა და დაძაბულობაში.