რატომ გადაწყვიტა მიხეილ ჩოხელმა სოფელში დაბრუნება და როგორ ჩაითრია მან მაკა ზამბახიძე მეურნეობაში

624

მაკა ზამბახიძისა და მიხეილ ჩოხელის წყვილი ყველასთვის საყვარელია. მათ ოჯახში სასიამოვნო სიახლეებია. მიხეილ ჩოხელისთვის წლევანდელი წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა. სოფლის მეურნეობაში რამდენიმეწლიანი გამოცდილების შემდეგ, გადაწყვიტა, ბედი მევენახეობაშიც ეცადა და მისმა შრომამ ისეთი ნაყოფი გამოიღო, როგორიც უნდოდა. წინ უფრო დიდი გეგმები აქვს და ახლა როგორც ამბობს, საკუთარ საქმესთან ერთად იზრდება.

მიხეილ ჩოხელი: ვენახი შარშან შევიძინე დედოფლისწყაროში და წელს პირველად გვქონდა რთველი. ბევრი ვიშრომეთ და საბედნიეროდ, მოსავალმაც არ დაგვაღალატა. ყურძენი სახლისთვის დავწურე და ნაწილი ქარხანასაც ჩავაბარეთ. სამომავლოდ, ვაპირებ, ჩემი პატარა მეურნეობა გავაკეთო, თვითონ ჩამოვასხა ღვინო, რომელსაც წარმოებაში ჩავუშვებ. მარტო ყურძნის მოყვანა არაფერია, ფაქტობრივად, მუშა ხარ საკუთარ ვენახში. მოგება, რომელიც ვაზს მოაქვს, სხვის ჯიბეში მიდის – ვინც მას აწარმოებს. შენ კაპიკებს იღებ ამ საქმეში. მაგრამ თუ შენვე ჩამოასხამ, მერე შეგიძლია, მოგებაზე ისაუბრო. ამიტომ მირჩევნია, თუნდაც მცირე მეურნეობა მქონდეს, მაგრამ ყველაფერს თვითონ ვაკეთებდე. ასე გემოსაც უფრო ინარჩუნებ, რადგან საკუთარ მოსავალზე ხარ დამოკიდებული და შენი უცვლელი ნიშა გაქვს. მცირე საწარმოებში უფრო გემრიელ ღვინოს დალევ, ვიდრე დიდ საწარმოებში.

– რატომ გადაწყვიტეთ, ამ საქმით დაკავებულიყავით?

– მე სპორტსმენი ვიყავი, ვჭიდაობდი. მას შემდეგ, რაც სპორტულ კარიერას დავემშვიდობე, საკუთარ თავს სხვადასხვა სფეროში ვეძებდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მიწასთან მუშაობა მამშვიდებდა და სიამოვნებას მანიჭებდა. თავიდან ყველაფერი გატაცებით დაიწყო, მაგრამ მალე ყოველდღიურ საქმიანობად იქცა და ვენახის გაშენების იდეა დამებადა. ვენახის გარდა ნაკვეთები მაქვს, რომელზეც უკვე რამდენიმე წელია, ხორბალი და მზესუმზირა მომყავს. ასე რომ, გარკვეული გამოცდილება მქონდა. თან, მე კახეთიდან ვარ და მიწაზე მუშაობის გამოცდილება ასე თუ ისე ბავშვობიდან მქონდა. ნულიდან არაფერი დამიწყია, მაგრამ ახლა ყველაფერს სერიოზულად მივუდექი, ამ დარგის სწავლა დავიწყე და ბევრ რამეში გავერკვიე.

ამ ყველაფერს მარტო ვერ გაუმკლავდები და დამხმარეებიც მყავს. თუმცა თვითონაც ყველა დეტალში ვარ ჩართული. უპირველესად იმიტომ, რომ ძალიან მსიამოვნებს ეს პროცესი და მეორეც – მგონია, ჩემს საქმეს ჩემსავით გულიანად ვერავინ გააკეთებს. ყოველდღიურად ვაცნობიერებ, რომ სპორტმა ბევრი მნიშვნელოვანი თვისება შემძინა: გამძლეობა, მოთმინება, შრომისუნარიანობა და ეს ყველაფერში მეხმარება. მე თუ მკითხავთ, ცხოვრებაც ჭიდაობაა.

– მაკას უყვარს სოფელი არა? სახლიც ქალაქგარეთ გაქვთ.

– კი, წყნეთში ვცხოვრობთ, ეზოში ვარდები გვაქვს, რომელსაც აქამდეც ვუვლიდით. ხორბლისა და მზესუმზირების მოყვანა რომ დავიწყე, მაკაც აქტიურად ჩაერთო ამ საქმეში და კლიპიც გადაიღო ჩემს მზესუმზირებში. წელს ვენახში გადაიღო ვიდეორგოლი და მეც ჩამრთო პროცესში. კიდევ აქვს გეგმები ხორბლის ყანასთან დაკავშირებით (იცინის).

– თვითონაც გეხმარებათ?

– ცოტა ხნის წინ რთველი გვქონდა და დავუთვალე, ცხრა ძირი ვაზი დაკრიფა (იცინის). მაკა სულსწრაფია. მზესუმზირები რომ დავთესეთ, უნდოდა, ორ კვირაში ამოსულიყო და სურათები გადაეღო (იცინის). ქალაქში დაბადებული და გაზრდილია, ამიტომ ბევრ რამეზე არ ჰქონდა წარმოდგენა, მაგრამ ნელ-ნელა ერკვევა სოფლის მეურნეობაში.

– როცა ასეთ საქმეს იწყებ, ალბათ ღამეები არ გძინავს ნერვიულობით, არა?

– კი, ძალიან ვნერვიულობდი. როცა საქმეს გულით აკეთებ, მერე განიცდი კიდეც. თან, ვაზს ძალიან შეყვარება სცოდნია. ვენახი რომ შევიძინე, სიზმარში ვნახე, რომ თოვლი მოვიდა და ვაზი გამიყინა. შეშინებულს გამეღვიძა და მერე მეცინებოდა, ეს რა სიზმრები მესიზმრება-მეთქი (იცინის). როცა საქმეში ამდენი შრომა გაქვს ჩადებული, სიზმარშიც ვერ ისვენებ, ნერვიულობ, გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით ამინდს შეჰყურებ და ათასი ნიუანსი უნდა გაითვალისწინო პროცესის ბოლომდე მშვიდობიანად მისაყვანად. სპორტის მსგავსად, ეს საქმეც ძალიან აზარტული აღმოჩნდა.

– საჭირო ფინანსები როგორ მოიძიეთ?

– ყველაფერი ჩემი ხარჯებით გავაკეთე. თავიდან ხორბლით დავიწყე და მისგან მიღებული შემოსავლით შევიძინე ეს ვენახი. ვაპირებ, წელს კიდევ დავამატო ვენახი და ამისთვის უკვე მომზადებული მაქვს მიწა. ნელ-ნელა ვამატებ ყოველწლიურად. მიღებულ შემოსავალს ისევ სოფლის მეურნეობის განვითარებას ვახმარ.

– პირველი მოსავალი ხომ მიიღეთ და ეს წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ ოჯახში პატარას ელოდით – ყველაფერი ერთად ხდებოდა, არა?

– მართლა ასე გამოვიდა. ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო. კახეთში ვიყავით წასულები მე და მაკა, როცა დაგვირეკეს, სალომეს მუცელი ასტკივდა და მობრუნდითო. მანამდე ქერის მოსავალი ავიღეთ, მაკა თან სიმღერაზე მუშაობდა და პანდემიის მიუხედავად, დატვირთული გრაფიკი გვქონდა. რაც მთავარია, დაიბადა პატარა მიქაელი და ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ახლა ისევ სამზადისი გვაქვს, ხორბლის თესვას ვიწყებთ. დატვირთული პერიოდია, მაგრამ რაც მთავარია, სასიამოვნოდ დატვირთული და ეს ორმაგად სასიამოვნოა.

– მაკა ორ ცეცხლს შუაა – ქმარს გვერდში დგომა სჭირდება ახალ საქმეში, შვილიშვილის აღზრდაშიც უნდა დაეხმაროს შვილს – როგორ უმკლავდება ყველაფერს ერთად?

– მაკა მეურნეობის ამბებში იმ დოზით არაა ჩართული, რომ დიდხანს უწევდეს სოფელში ყოფნა. მეც მივდივარ და მოვდივარ, ძირითადად, მაინც აქ ვარ. მიქაელი ერთი თვის გახდა, ჯერ სულ სახლში გვყავს და ჩვენც ვცდილობთ, გარეთ იშვიათად გავიდეთ, რომ ვირუსი არ მოვუტანოთ.

– როგორი ბიჭია მიქაელი და რა შეცვალა თქვენს ოჯახში?

– ძალიან საყვარელი ბავშვია. მაკა ბებია გახდა და ვერავის წარმოუდგენია ეს ფაქტი. ბებიობას ჯერ ვერ აღიქვამს. ვაბრაზებთ ხოლმე, მაკა ბებიას ვეძახით. თუმცა მეც ვერ აღვიქვამ ბებიად. ისე გამოიყურება, ბებიას ნამდვილად არ ჰგავს. თვითონაც არ სჯერა, 25 წლის გოგო ჰგონია თავი და მართლა ამხელა გოგოს სული აქვს.

– ბევრმა ნახა პატარა მიქაელის მოლოდინის ამსახველი კადრები. სამშობიაროში მაკა სალომესთან ერთად იყო და პატარას საგალობლით ეგებებოდნენ. ბევრი ვერ შეძლებს ამის გაკეთებას. ასეთი ძლიერი გოგოა საერთოდ?

– ხშირად მიფიქრია მაგაზე, ეკრანზე მაკა ჩანს მომღიმარი, ნაზი გოგო, მაგრამ სინამდვილეში, მის უკან ძალიან ძლიერი ადამიანია, რომელსაც აქვს უნარი, ცხოვრებისეულ პრობლემებს მარტო გაუმკლავდეს. მას მართლა ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

– დავუბრუნდეთ მეურნეობას, ყოველდღიური მოხმარებისთვისაც მოგყვათ რამე საკუთარი ოჯახისთვის?

– მას შემდეგ, რაც სპორტს დავანებე თავი, მომყავს კიტრი, პომიდორი, საქონელიც შევიძინე, მინდა, საკუთარი ნატურალური პროდუქცია გვქონდეს: ქათამი იქნება ეს, მწვანილი თუ რძის პროდუქტი. ბიძა და ბებია მიწყობენ ხელს და ამ მხრივაც ძალიან გამიმართლა. სოფლის ნობათს სხვა ლაზათი აქვს. საკუთარი ხელით მოყვანილი უფრო გემრიელიცაა და ჯანსაღიც.

სიმართლე რომ გითხრათ, სოფელში თავიდან ეჭვი ეპარებოდათ, ირონიული სახეებით ხვდებოდნენ ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ ახლა ძალიან შეიცვალა სიტუაცია. ისეთი მოწესრიგებული და მოვლილი ვენახი მქონდა, ვინც გაივლიდა, ყველა ჩერდებოდა და აღფრთოვანებას გამოხატავდა.