„ამ ფოტოს დადებით ჩემი მიზანი იყო, ბევრი ქალისთვის დამენახვებინა, რომ ბავშვის კვება ძუძუთი უხერხული არ უნდა იყოს”

255

მსახიობების წყვილი, გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე ქალიშვილს, ნიკას ზრდის. ის 9 თვისაა. პირველი საერთო შვილი 9-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაუჩნდათ. გიორგის მარიამ როინიშვილთან ქორწინებაში ასევე გოგონა, ელენე ჰყავს.

გიორგიმ ახლახან მძიმე პერიოდი გამოიარა, როდესაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მძიმე დაავადება დამარცხებულია.

მისი მეორე ნახევარი, მარიამ ნადირაძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.

მარიამ ნადირაძე:

 

„ბავშვის დაბადებამ ჩვენს ურთიერთობაზე საუკეთესოდ იმოქმედა. ის ორივეს გვაბედნიერებს და ვხვდებით, რომ ცხოვრების სულ სხვა ეტაპზე გადაგიყვანა. ამ ბავშვმა უფრო შეკრა ჩვენი ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ორივე ნიკას ირგვლივ ვტრიალებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს ყურადღება დავაკელით. პირიქით, ნიკამ ჩვენი გარემოც და ურთიერთობაც უფრო სასიამოვნო გახადა. ცხოვრების მიზნებიც მნიშვნელოვნად შეგვიცვალა. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ნიკას მშობლები გავხდით.

გიორგიზე ვერ ვიტყვი, რომ ბავშვის აღზრდაში ჩართულია ან მეხმარება, ის მთლიანად ამ პროცესშია. ძალიან სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ მე და გიორგი თანაბრად ვართ ჩართული ნიკას აღზრდაში. ჩვენ ერთმანეთს კი არ ვეხმარებით, ერთად ვართ ამ სასიამოვნო პროცესის მონაწილეები. ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, როგორ უვლის და ზრუნავს გიორგი თავის შვილებზე…“

მსახიობი ასევე ამახვილებს ყურადღებას ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე და აღნიშნავს: „საზოგადოებაში მაინც არსებობს მიდგომა, რომ წადი, სახლში აჭამე ან როცა ძუძუთი კვებავ ქუჩაში, გადააფარე, ამ ფოტოს დადებით ჩემი მიზანი იყო, ბევრი ქალისთვის დამენახვებინა, რომ ბავშვის კვება ძუძუთი უხერხული არ უნდა იყოს. ვინც ამის წინააღმდეგია, ჭამის დროს თავად წაიფაროს თავზე…“