მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაიას ავრცელებს, რომელიც პოლონეთში ქართველი ემიგრანტის გარდაცვალებას ეხება.
“თამრო და გუჯა
ერთაწმინდაში რომ გადმოვედი, ამ პატარა დასახლებას პირველივე დღიდან ალღო ავუღე… ისედაც სულ ოთხი მოსახლე ვართ და ყოველდრიური ურთიერთობა გარდაუვალია…
ჩემს გვერდით თამრო ცხოვრობს, რომლის გარეშე ჩემი ყოველდღიურობა თითქმის წარმოუდგენელია…
ჩუმი და უთქმელია, მაგრამ ამ თავის მდუმარებით იმდენს დაგეხმარება, მადლობის თქმას ვეღარ აუდიხარ…
დღე თუ ისე გავიდა, რომ არ შემომძახა, ან არ დამირეკა, რაღაც მაკლდება და მეორე დღეს იქით ვსაყვედურობ, თამრო, რა მიწა მომაყარე, შენს გარეშე ხომ იცი, ბუხარშიც ცეცხლი ჩამიქრება, მეთქი…
თუ არ დამიძახე, მერიდებაო…
ჰოდა, ამ ერთ წელიწადში ამ მადლიანი ადამიანისგან იმდენი რამ ვისწავლე, არც ერთ წიგნს და დიპლომს რომ არ მოუცია…
გუჯა პოლონეთში იყო წასული, თამროს მეუღლე… ვატყობდი, თუ ხასიათზე იყო, გუჯას უკვე დარეკილი ჰქონდა… თუ სიტყვას ვერ ათქმევინებდი, ვხვდებოდი, რომ გუჯა არ ჩანდა…
რამდენიმე დღის წინ, გუჯა შეუძლოდ გახდა, თამრომ მოსვენება დაკარგა… ტიროდა, განიცდიდა, ნერვიულობდა, ადგილს ვერ პოულობდა… გუშინ ღამე შემომიარა და ოდნავ ხასიათზე იყო… გუჯამ დამირეკა, თავს უკეთ გრძნობს და მეც კარგად ვარო, მითხრა…
დღეს საღამოს ხუთი საათიდან შემატყობინეს, რომ გუჯა პოლონეთში გარდაიცვალა…
ერთაწმინდაში ძალიან გამიჭირდა ამოსვლა… ვერ ვეტყოდი თამროს, რომ გუჯა აღარ არის… წარმოუდგენლად ელოდა, საშობაოდ ჩამოვაო, დღეებს ითვლიდა…
სოფელში შემოვიპარე, ვლოცულობდი, თამრო ქუჩაში არ იდგეს მეთქი…
მეზობელთან გადავედი. დახმარება ვსთხოვე, რომ თამროსთვის ეთქვათ… რა არის იმაზე შემზარავი, როცა ამ სამყაროში შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიკვდილს გატყობინებენ…
ახლა ბავშვივით ქვითინებს თამრო, ვტირი მეც და უკვე ვიცი, შობა დადგება, მაგრამ თამროსთან გუჯა აღარ დაბრუნდება!…“, – წერს სასულიერო პირი.