“ჩემი ქმრის სიყვარულმა მეორედ გადამარჩინა”

734

დაახლოებით 3 წლის წინ მოდელ თაკო ჩხეიძისა და ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. გოგონა, 9 წლის ტატა, თბილისში, ეზოში თამაშობდა და ამ დროს ელექტროსადენს შეეხო. ბავშვი დენის დარტყმამ იმსხვერპლა.

თიკოსა და ნუკრის ულამაზესმა წყვილმა ამ საშინელ ტრაგედიასთან გამკლავება და ცხოვრების გაგრძელება რამდენიმე გზით სცადა. ძამას ხეობაში, ტატას სახელზე ეკლესიის მშენებლობა წამოიწყეს. იქ დიდ დროს ატარებდნენ და ტაძარს საკუთარი ხელით აშენებდნენ. რამდენიმე თვის წინ კი თიკომ შვილს წიგნი მიუძღვნა…  მან ,,სარკეს” მოუყვა თავის ყველაზე ფაქიზ, ტკივილიან, ძვირფას ემოციებსა და მოგონებებზე.

– ,,ჩემში ამ პერიოდს გაზაფხულის, ატმის ყვავილის სურნელი ასდის და ვარდისფერით იმოსებაერთმანეთი უკვე იმდენად გვიყვარს, რომ უერთმანეთოდ გატარებულ დროზე გაოცებით ვსაუბრობთ. ჩვენი სიყვარულიც კლასიკური ისტორიაა: ინგას არ მოსწონს 19 წლის ფეხბურთელი სასიძოდ და, თურმე არც რევიშვილები ოცნებობენ მოდელ რძალზე”, – წერთ წიგნში.

– ეს სიყვარული იყო მხიარული, ფერადი… ჩვენი სიყვარული მეგობრის ქორწილში დაიწყო. ჯვრისწერაზე გავიცანით ერთმანეთი. როცა ნუკრის მეუღლე გავხდი, მერე გამომიტყდა, რომ თურმე უფრო ადრე მოვწონდი და იმ ქორწილში ჩემი დაპატიჟების ინიციატორიც ყოფილა.

როგორც ჩანს, დიდ და დაუსრულებელ სიყვარულად იქცა, რადგან ხშირად, როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება, წყვილებს უჭირთ ერთად ცხოვრების გაგრძელება. თქვენ მასზე ისევ დიდი სიყვარულით საუბრობთ.

-ჩემი ქმრის სიყვარულმა მეორედ გადამარჩინა. ჩვენი ქორწილიდან მეოთხე დღეს ჩემი ძმა დაიღუპა ავარიაში. მაშინ ნუკრის სიყვარული იყო მოტივაცია, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა. ტატას შემთხვევაშიც სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ალბათ ბევრ რამეს ვერ მოვუთმენდით ერთმანეთს. ძალიან რთულია ასეთი პერიოდის გავლა და ჯერ კიდევ ამ პროცესში ვართ.

სულის წვა და ტკივილი იმდენად შენშია, შენ გადიხარ ამას და მარტო ხარ მაინც. რაც უნდა ერთად იყოთ, რამდენი ადამიანიც უნდა იდგეს შენ გვერდით, ეს ტკივილი მაინც შენი გასავლელია. ის თავის ტკივილთან დღემდე მარტოა და მე ჩემს ტკივილთან ვარ მარტო.  ნუკრი ვერ იტანს, როდესაც ხედავს, თვალზე ცრემლი მაქვს ან არ ვარ ხასიათზე, რადგან იმ მომენტში ტატაზე ვფიქრობ. გიჟდება ამაზე და ამიტომაც ვცდილობთ, ჩვენს ტკივილთან მარტოები ვიყოთ.

როგორი იყო დედის თვალით დანახული პრინცესა ტატა?

– ტატამ შეცვალა და გააფერადა ჩვენი ცხოვრება. ყველას უფერადებდა გარშემო ცხოვრებას და მასთან ურთიერთობისას ყველას სამყარო სხვანაირი ხდებოდა.

თქვენ თუ გქონიათ წინათგრძნობა?

– თვითონ ჰქონდა რაღაც შეგრძნებები. ბოლოს ხშირად ამბობდა, ამას უკანასკნელად ვაკეთებო. ინგლისურის გაკვეთილიდან რომ წამოვედით, თქვა, მორჩა, აქ აღარ მოვალ, უკანასკნელად ვიყავი ინგლისურის გაკვეთილზეო.

იმ დღესაც არ უნდოდა კოჯრიდან ჩამოსვლა და ძალით წამოვიყვანე თბილისში. ბოლოს რაღაცნაირად მოწყენილიც იყო. როცა გარდაიცვალა და ჯერ კიდევ სახლში გვყავდა, ვნახე ვიდეო, რომელიც ჩემს ტელეფონში ჰქონდა ჩაწერილი – ვითომ სული იყო უცხო პლანეტიდან, უმაღლესი განზომილებიდან შარავანდედით მოსული. ტელეფონი გამივარდა ხელიდან. ამის გადახარშვა ძალიან რთული იყო.

მერე კიდევ ერთი მისი ნახატი ვნახე, სადაც ის დღე იყო ჩაჯღაბნილ-მოხატული – სასწრაფო, ექიმი, გულისცემა, ჩიტად აფრენა, ჯვრები… იმ დღის ერთგვარი აღწერა იყო.

ბოლო ორი კვირა უნდოდა, სულ სახლში ყოფილიყო.ეგ ჩემს ძმასაც ჰქონდა – ორი კვირა სახლში ჩაჯდა და მეგობრები რომ ურეკავდნენ, არ უნდოდა მათთან ერთად გასვლა, მაგრამ…