“ჯანმრთელობას ვუსურვებ მოშიმშილეებს. ვწუხვარ, რომ არ მჯერა მათი გზით სადმე მისვლის”

253

“თავისუფლების ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი სალომე ხვადაგიანი ეხმიანება “ნაც.მოძრაობის” გადაწყვეტილებას, ე.წ მასობრივი შიმშილობის დაწყებას.:

“ერთსა და იმავე ფორმას ხშირად თუ გაიმეორებ, ერთნაირი ემოციური სიმძაფრით, რაღაც დროს კიჩი ხდები. ბეზრდება ხალხს. ეჩვევა. მათ გულებთან მოჭიდება აღარ გაქვს. ამიტომ არის აუცილებელი დინამიკა ქმედებებში, რიტორიკაში, ემოციაშიც.
ჩვენ კიდევ უკვე ათასჯერ გავუზომეთ წნევა ხიხოს, სადღაც რვაასჯერ გადავწყვიტეთ, რომ “ოცნება” სულს ღაფავს, ორი სამი კონცერტიც გვქონდა, სადაც გამარჯვება აღვნიშნეთ, რამდენიმე ბოიკოტი პარლამენტში არშესვლაზე, მერე ისევ შესვლა, მერე რამდენიმე, რუსეთთან გარიგების გამოცხადება და შერიგების დაანონსებაც, შიმშილობაც იყო ბევრი, მესამე პრეზიდენტი რომ კვდება ეგეც ბევრჯერ მოვისმინეთ. ახლა მასობრივი შიმშილის დროა.

რაღაც დროს კორონათი ადამიანების გარდაცვალებას რომ შევეგუეთ და აღარ ვნერვიულობთ, მაგან გამააზრებინა, რომ უბრალოდ ადამიანს ფიზიკურად არ შეუძლია ერთნაირი ტრაგიზმით შეიცხადოს ყოველ მეორე კვირას რაღაც.
ეჩვევი. ყველაზე ცუდ რამესაც ეჩვევი. გიტრუხდება. ამ წინასაახალწლოდ შიმშილობა მხოლოდ სისუსტის, უმწეობის, სასოწარკვეთის და ნიჰილიზმის გამოვლინება მგონია. უმწეობით დიქტატორები არ იცვლებიან.

ბოიკოტის ჩავარდნის მერე კი ველოდი დეპრესიულობისა და ნიჰილიზმის გაზრდას, მაგრამ სურათი კიდევ უფრო ტრაგიკულია.
ჯანმრთელობას ვუსურვებ მოშიმშილეებს. ვწუხვარ, რომ არ მჯერა მათი გზით სადმე მისვლის. ვწუხვარ, რომ საყოველთაო ნიჰილიზმსა და დეპრესიის გზაზე კიდევ უფრო ჩავეშვით.

რაც აქამდე ვიარე რეგიონებში ორ იმდენს ვივლი. უნდა მოვძებნო ადამიანები, რომლებიც ნიჰილიზმში ჩაწოლას არ აპირებენ. მოვეჭიდო მათ იმედებს. მოვეჭიდო და გავაბევრო. ჯიუტად არ ვაპირებ ხელის ჩაქნევას.” – წერს სალომე ხვადაგიანი.