“ოსებს ჩემთვის ოჯახებიდან საჭმელი მოჰქონდათ”

639

ზაზა გახელაძე, რომელიც ოკუპანტებს ცხინვალის ციხეში ჰყავდათ დატყვევებული, ,,სარკესთან” იხსენებს:

– ციხეში კარგად მეპყრობოდნენ. არავის უთქვამს, შენ ქართველი ხარ და მე – ოსიო. ცემა, დაჩაგვრა მსგავსი არაფერი ყოფილა. დაჭრილი ვიყავი, ენა მე არ ვიცოდი და ყველა ძმაკაცურად ამომიდგა გვერდში. ისე ვიყავი, საჭმელსაც ვერ ვიღებდი, ორი ყავარჯნით დავდიოდი და საჭმელი მოჰქონდათ ჩემთვის ოჯახებიდან, პატივსაც მცემდნენ. მაისურს, შამპუნს – ყველაფერს მაძლევდნენ…

ოსებიდან შეურაცხყოფას არავინ მოგაყენებს. ყველამ იცის, ვის და რის გამო მოხდა ჩვენ შორის ეს გაუგებრობები. მათ აქეთ, ჩვენს მხარეს ჰყავთ ნათესაობა, ჩვენებს – იქით. ომი არც იმათ უნდოდათ და არც ჩვენ.

მტრულად სულაც არ არიან ქართველების მიმართ განწყობილნი. პირიქით, რომ იცოდნენ, ქართველი ვიყავი, ცდილობდნენ, უფრო მეტი სითბო გამოემჟღავნებინათ. მეუბნებოდნენ, თუ რამე გინდა, ჩვენი გამოიყენეო. იცოდნენ, მე არავინ არაფერს მომიტანდა, თუ “წითელი ჯვარი” არ შემოვიდოდა და ყველა ცდილობდა, არაფერი მომკლებოდა.