“ლაშა ყვიროდა, დავიღუპეთო, ისე მიმაქანებდა კლინიკაში, მეგონა, ამოვტრიალდებოდით”

495

მომღერალ სალომე ბაკურაძეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. რამდენიმე თვის წინ მოულოდნელად მოძრაობის უნარი დაკარგა და საწოლიდან ვეღარ დგებოდა. მოვლენები ისე დრამატულად ვითარდებოდა, მის გაშემო ყველა პანიკაში იყო. ეჭვი სიმსივნეზეც კი ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ ვესტიბულარული ნერვის ანთება აღმოჩნდა.

მომღერალს უჭირს იმ დღეების გახსენება, როდესაც თვალებსაც ვერ ახელდა. რთულმა პერიოდმა კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ოჯახი მისი ყველაზე ძლიერი ზურგია. სალომემ რთულ პერიოდზე ,,სარკეს” უამბო:

-კოორდინაცია საერთოდ არ მქონდა. კედლებს ვეჯახებოდი, ფეხზე ვერ ვდგებოდი…მეგონა,კედლებს ვეჯახებოდი და ეს კედლები ინგრეოდა.ეს ჩემი ქმარი კი დამტიროდა, როგორ ვერ დგები ფეხზეო. ყველაფერი ცუდი იფიქრა. იყო ვარიანტები, რომ თავში სიმსივნე მქონდა, მაგრამ ყველა შიში გამოირიცხა. ბოლოს გადამამისამართეს ექიმ ეკატერინე ხარხელთან, რომელიც ვესტიბულარული დარღვევების საოცარი სპეციალისტია.სამი დღის შემდეგ გავახილე თვალები და დავუბრუნდი ცხოვრებას.

-რა აღმოჩნდა დაავადების გამომწვევი მიზეზი?

-მიზეზს ვერ ასახელებენ. შეიძლება ზედა სასუნთქი გზების ინფექცია იყო, რომელიც შეიძლება კლინიკურად გამოკვეთილი არ ყოფილა, მაგრამ თავისი მავნე საქმე გააკეთა.

-ქმარმა როგორ გაუძლო ამ სირთულეს?

-ლაშა ჩემზე ყოველთვის ჩემზე მეტად ნერვიულობს.როდესაც ორსულობის მერვე თვეში ვიყავი და უეცრად წყლები დავღვარე, ლაშა ლოგინიდან წამოხტა და პანიკაში იყო, ყვიროდა, დავიღუპეთო. ისეთი სიჩქარით მიმაქანებდა საავადმყოფოში, მეგონა, ამოვტრიალდებოდით. ცუდ რამეებს დაუკავშირა  ნაადრევად მშობიარობის დაწყება.

სულ ასეა, ჩემს მდგომარეობას ვერ აღვიქვამ, რადგან ლაშას დაწყნარება მჭირდება. ცუდად ყოფნას არ მაცდის და არ მარგებს. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. კლინიკიდან ეტლით გამომიყვანეს და ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ადგილზე მოკვდა. ვაწყნარებდი, მაცალე ცოტა ხანი და გავივლი-მეთქი.