იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე ეკრანზე ძველებურად აქტიურად აღარ ჩანს, თუმცა კადრს მიღმა ბევრს მუშაობს და როგორც ამბობს, საკმაოდ ნაყოფიერად. შესაძლებლობები მრავალფეროვანი აქვს და საკუთარ ნიჭს ახალ პროექტებს ახმარს, რომელთა შეთავაზებასაც სხვადასხვა ტელევიზიისთვის აპირებს.
ამიკო ჩოხარაძე: ჩემს მეგობარს დაბადების დღის ცენტრი აქვს რუსთავში. დამირეკა და მითხრა, რომ განსაკუთრებული დღე ჰქონდა და ჩემი დახმარება სჭირდებოდა. ბავშვის დაბადების დღე უნდა აღენიშნათ, რომელიც თურმე, ოთხი წლის იყო, როცა მისი დედა ემიგრაციაში წავიდა და მას შემდეგ ოთხი წელი შვილი არ ჰყავდა ნანახი. ბავშვი რვა წლის ხდებოდა და დედა მისი დაბადების დღისთვის ჩამოვიდა. უნდოდა, სიურპრიზი მოეწყო და არავინ იცოდა ამის შესახებ. რა თქმა უნდა, დავთანხმდი მეგობარს და რუსთავში ჩავედი. მერე ყველამ ნახა საოცარი ვიდეო, რომელიც დედა-შვილის შეხვედრას ასახავდა. შვილს ლექსები მიუძღვნა მიკი მაუსის ფორმაში გადაცმულმა დედამ. როცა ნიღაბი მოიხსნა და დაინახეს, ვინც იყო სინამდვილეში მიკი მაუსი, ცრემლებს ვერავინ იკავებდა. ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო, ასეთი ბედნიერების გაზიარება საოცარია და მიხარია, რომ მისი თანამონაწილე ვიყავი.
– რა ხდება ახლა ამიკოს ცხოვრებაში, რით არის დაკავებული?
– „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონში შევასრულე რამდენიმე ცეკვა, დავიწყე მუშაობა „პოსტივიზე“, სადაც, სხვა გადაცემებთან ერთად, ნოე ჟორჟოლიანის გადაცემას ვეხმარები სცენარულად. ბოლო პერიოდში ძალიან დაემთხვა პოლიტიკური ამბები და ერთი არხიდან მეორეზე გადასვლა-გადმოსვლები, ზოგი „მთავარზე“ გადავიდა, ზოგი „ფორმულაზე“. მეც ამ გაუგებრობაში მოვყევი. თუმცა, არცერთ არხზე არ წავსულვარ, ეთერში არ ვჩანდი, მაგრამ პილოტებს ვაკეთებდი, რამაც დრო წაიღო, მაგრამ ფუჭად არ ჩაუვლია.
– რატომ არ გადახვედი „მთავარზე“ ან „ფორმულაზე“ – იქ, ხომ, ის გუნდია, რომელთან ერთადაც წლები მუშაობდი?
– კი, მათთან ერთად დავიწყე მუშაობა წლების წინ, შემდეგ იყო რამდენიმე არხი და გადაცემა. მერე, სამწუხაროდ, ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ „ფორმულაზე“ წასულიყვნენ და მე არ წავყევი. ჩემი სურვილი არ იყო ამ არხზე მუშაობა, არ მინდოდა, ამით ჩემი პოლიტიკური დამოკიდებულება გამომეხატა ან სხვას ეფიქრა ასე. ამ ადამიანებთან დღესაც ვმეგობრობ და ხმის ჩამწერ სტუდიაში თუ გადავიკვეთეთ, მეგობრულად შეიძლება, არაბიძის ან ვანო ჯავახიშვლის შოუსთვის მუსიკალური ნომრის მომზადებაშიც მივიღო მონაწილეობა. თუ ვინმესთან აქამდე მქონდა მეგობრული ურთიერთობა, ახლაც მაქვს. ახლა „პოსტივიზე“ ვმუშაობ გუნდთან ერთად და ჩვენი პროექტები შემიძლია, ნებისმიერ არხს შევთავაზო. პარალელურად, ხშირად მეძახიან სხვადასხვა ღონისძიებაზე, როგორც წამყვანს. ასე რომ, თავს ვართმევ ცხოვრებას.
– ხშირად განიხილავდნენ შენს ბერასთან მეგობრობას, ბოლო პერიოდში კი კახა კალაძესთან მეგობრობაზე გააქტიურდა საუბარი…
– ბერასთან მეგობრობას პოლიტიკურ ჭრილში არ განვიხილავდი, ეს დიდი შეცდომაა. ჩემი და ბერას მეგობრობა პოლიტიკასთან არაფერ შუაშია. ჩვენ პოლიტიკამდეც ვმეგობრობდით და მერეც. დღემდე დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს და ბედნიერებას ვუსურვებ მას მეუღლესა და არაჩვეულებრივ ბერუკასთან ერთად. ადამიანები პოლიტიკაში საერთოდ არ იყვნენ და მე მათთან ვმეგობრობდი. კახა კალაძესთან ხანგრძლივი ურთიერთობა მაკავშირებს. შეიძლება, გადამკვდარი ძმაკაცები არ ვიყოთ, მაგრამ ერთმანეთს პატივს ვცემთ, ვმეგობრობთ და როდესაც კახას გვერდში დგომა სჭირდება, ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებ, იმიტომ, რომ ბევრჯერ დამინახავს მის მიერ გადადგმული კარგი ნაბიჯები. ძალიან ბევრ გაჭირვებულს დაეხმარა, ბევრის სიცოცხლე გადაარჩინა. ჩემთვის ის კარგი ადამიანია და კარგ ადამიანებს ყოველთვის გვერდით ვუდგავარ.
– ამიკოს თუ დასჭირვებია მათი თანადგომა?
– მე პირადად არ ვიზამდი ისეთ რამეს, რომ მერე ვინმეს ეთქვა, სადღაც ზემოდან მოუგვარესო. მსგავსი თემები არ მომწონს და რაც არ მომწონს, იმას არ ვაკეთებ. მათი მხრიდან გვერდში დგომა გამოიხატება, მაგალითად, კონცერტების გაკეთებაში, სადაც მეც დამიძახებენ, როგორც წამყვანს. ეს არის ჩემთვის გვერდში დგომა. სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და არა მხოლოდ საქართველოში. ბერა არ არის ჩემი ერთადერთი მეგობარი, რომელსაც კარგი მატერიალური შესაძლებლობა აქვს. ასეთები სხვებიც არსებობენ და მე მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.
– ამიკო, რომელსაც ასეთი მეგობრებიც ჰყავს და არც ნიჭი აკლია, რატომ არ უნდა იყოს რომელიმე არხზე წამყვანად?
– როგორ წარმოუდგენია ვინმეს, მეგობრებმა უნდა დამაყენონ წამყვანად ტელევიზიაში და ასე წავა საქმე წინ? მე თუ ჩემს საქმეში მაგარი ვარ, არავის დახმარება არ უნდა დამჭირდეს არც ტელევიზიაში და არც არსად სხვაგან. თვითონ უნდა შევქმნა ისეთი გადაცემა, რომ ტელევიზიას მოეწონოს და ამ შემთხვევაში, შანსი არ არის, სხვაგან გამიშვან. ამიტომ მე არ ვცდილობ, მეგობრებმა სადმე რამეში ხელი წამიკრან. ახლა ისეთ პოზიციაზე ვარ, შემიძლია, შევქმნა გადაცემა და ვინმეს დახმარების გარეშე შევთავაზო ნებისმიერ ტელევიზიას. სიმართლე გითხრათ, მე წინა ხელისუფლების დროსაც ვიცნობდი ადამიანებს და არც ისინი გამომიყენებია ჩემი ცხოვრების აწყობაში. დღესაც ასე ვაგრძელებ ცხოვრებას და მგონი, ეს ადამიანები იმიტომაც მყავს მეგობრებად, რომ ზედმეტად არავის ვაწუხებ. პირადულში მე ან ჩემმა ძმაკაცმა შეიძლება, რაღაც გავაკეთეთ ერთმანეთისთვის, მაგრამ ეს ჩვენი პირადი სივრცეა და ხმამაღლა ამაზე საუბარი არ მგონია სწორი.
– როგორი მეოჯახეა ამიკო?
– მაქსიმალურად ვცდილობ, კარგი მამა და მეუღლე ვიყო. არ ვიცი, როგორ გამომდის, მგონი, მეტიც შემიძლია, მაგრამ, ალბათ, ვართმევ თავს. ბევრჯერ შეიძლება მომიწიოს, საქმის გამო ოჯახს ყურადღება მოვაკლო და მეუღლე ორ ბავშვთან ერთად, თან ჩვენ ძაღლი და კატაც გვყავს, ბუნებრივია, მეტს იღებს თავის თავზე და მეც მინდა, უფრო მეტი დრო გავატარო სახლში. თუმცა, გამგები მეუღლე მყავს და ამის გამო არასდროს მსაყვედურობს. სხვა მხრივ, რა ვთქვა, ვაღიარებ – არ მიყვარს, სახლში თუ რამე გაფუჭდება, კარადის ან რამის ჭანჭიკი, მისი შეკეთება. მსგავსი წვრილმანების გაკეთება არ შემიძლია. მირჩევნია, ხელოსანი გამოვიძახო, გააკეთოს და შესაბამისი ანაზღაურება გადავუხადო. ვერ ვიტყვი, რომ არ მეხერხება, მაგრამ ნერვი არ მყოფნის. მარტივი რაღაცების გაკეთება შემიძლია, მაგრამ ონკანი რომ გაფუჭდეს, ვერ დავშლი და ვერ გავაკეთებ. რაღაცებს ვახერხებ, მაგალითად, სპორტის ბევრ სახეობას კარგად ვართმევ თავს, მაგრამ ხელობა არ გამომდის. შეიძლება, გული ვერ დავუდე, იმიტომ რომ რაც მინდა, იმას კარგად ვაკეთებ.