“ის ბინა, სადაც მთელი ოჯახი ცხოვრობს, ჩემი ძმისაა. იქ ჩემი ადგილი აღარ იყო, ამიტომ წავედი სამუშაოდ სხვა ქვეყანაში”

323

საზოგადოებრივი კამპანიის “მეც შვილი ვარ” ფეისბუქ გვერდზე მორიგი ისტორია ვრცელდება:

“შობა-ახალ წელს გილოცავთ ყველას!
ემიგრანტი ვარ და ძალიან მინდოდა, ეს ახალი წელი მაინც თბილისში გამეტარებინა, ჩემს მშობლებთან და საყვარელ მეგობრებთან ერთად, მაგრამ წელსაც ვერ მოვახერხე… ვერ მოვახერხე ვერც შარშან, ვერც იმის წინ, და საერთოდ ვერც ერთხელ…

განა ცოტას გამოვიმუშავებ – არა, საკმაო შემოსავალი მაქვს იმისთვის, რომ თვითმფრინავის ბილეთები ვიყიდო და მაქეთ წამოვიდე, მაგრამ ვერ ვიმეტებ, რადგან ვიცი, რომ მთელი ჩემი ოჯახი ჩემს მუშაობაზეა დამოკიდებული და წყვეტა რომ მქონდეს ხელფასში, ამის ფუფუნებას თავს ვერ მივცემ…

კარგად ვიცი, რომ ჩემი პირადი ცხოვრება უნდა მქონდეს და არც ისაა სამართლიანი, რომ ცხრა მთას იქით გადახვეწილს არც ზამთარში მღირსებია დასვენება და არც – ზაფხულში, აგერ უკვე 7 წელია, მაგრამ ვერ ვშვები, ჩემი მოხუცი მშობლები იმ თანხის გარეშე დავტოვო, რომელსაც ყოველთვე ვგზავნი…

ის ბინა, სადაც მთელი ოჯახი ცხოვრობს (დედ-მამა და ძმა, ცოლ-შვილით), ჩემი ძმისაა. ასე იყო ნათქვამი და ამიტომაც წავედი სამუშაოდ სხვა ქვეყანაში, რომ იქ ჩემი ადგილი აღარ იყო. ძალიან მინდა, თვითონ მიხვდნენ, რომ დააშავეს ჩემ წინაშე და მეც იგივენაირი შვილი ვარ მათი, როგორიც – ჩემი ძმა, მაგრამ რაღაც არ მგონია, ეს შესაძლებელი იყოს… მაგრამ მე მაინც არაფერს მოვაკლებ მათ, ეს ჩემი მხრიდან არის გულწრფელი და ალალი გამოხატულება იმისა, თუ როგორ შეიძლება შვილს უყვარდე უანგაროდ, ყოველგვარი ქონების დაპირებების და გადაცემის გარეშე… თუმცა, გულის სიღრმეში ყველას „გყვარობთ“, ვინც თქვენს უფლებებს იცავთ ყველგან და მათ შორის ოჯახშიც… ეს ძალიან კარგია. მეორედ რომ მეცხოვრა, ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი, მაგრამ ახლა უკვე გვიანაა – სხვა გზა მაქვს არჩეული… ამ გვერდზე განთავსებულმა მონათხრობებმა ბევრ რამეზე დამაფიქრა, რაზეც აქამდე წარმოდგენაც არ მქონდა. ეს რომ ადრე მცოდნოდა, ნამდვილად სხვანაირად წავიდოდა ჩემი ცხოვრება…
მადლობა რომ მომისმინეთ… “.