“ჩემი და დავით კიკალიშვილის სიყვარული ძალიან ლამაზია”

521

ორ ათეულ წელზე მეტია, რაც ექიმი ირმა კვიცარიძე ავსტრიაში ცხოვრობს და მუშაობს. ის ცნობილ ქართველ ტელესახეზე, დავით კიკალიშვილზეა დაქორწინებული. დავითი რამდენიმე წლის წინ საქართველოდან მოულოდნელად წავიდა. შემდეგ კი გავრცელდა ხმა, რომ ავსტრიაში ექიმ ქალზე დაქორწინდა. ჟურნალისტისთვის ეს მეორე ქორწინებაა. პირველი ცოლისგან მას ორი შვილი ჰყავს.

საქართველოდან წასვლის მიზეზებსა და ავსტრიულ ცხოვრებაზე ქალბატონი ირმა ,,სარკეს” მოუყვა:

-ალბათ კარგად უნდა გაითავისო, რატომ ტოვებ. მსურდა, გავმხდარიყავი ევროპული მედიცინის ნაწილი და ამისათვის ათჯერ მეტი შრომა იყო საჭირო. კანონმდებლობითაც თანაბარ პირობებში პირველ ადგილზე ავსტრიის მოქალაქეა. შენ დგები მასზე წინ, თუ უკეთესი ხარ.

– როგორი ხალხია ავსტრიელები, რითი ჰგვანან ქართველებს და რა თავისებურებებით გამოირჩევიან?

– შრომისმოყვარე ხალხია. მე ტიროლში ვცხოვრობ, მთის ხალხია, მათ ავსტრიელ სვანებს ვეძახი. ამაყი და ერთგული ხალხია. .

5 წელია, აქ ჩამომყავს ქართველი სტუდენტები და ექიმები, რომ ავსტრიულ მედიცინას გაეცნონ.

– თეთრ ხალათზე ქართული დროშა გიკეთიათ თურმე და ყველა პაციენტს საქართველოზე ესაუბრებით. 

– დიახ, 2008 წლის 8 აგვისტოს გავიკეთე საქართველოს დროშა ხალათზე და მას შემდეგ ვატარებ.

– რამდენიმე წლის წინ ცნობილ ტელესახეზე, დავით კიკალიშვილზე  იქორწინეთ. გვიამბეთ,  როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი.

– ლამაზია ჩვენი სიყვარულის ამბავი, ძალზედ პირადული. მინდა, რომ ეს ისტორია მხოლოდ ჩემს პირად სივრცეში დავტოვო.

– რას საქმიანობს ავსტრიაში დავითი?

– დათო ინტენსიურად სწავლობს გერმანულ ენას. მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე. რამდენიმე ფილმის პროექტი ჰქონდა. თანამშრომლობს ინსბრუკის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ავსტრიულ და ქართულ მედიასაშუალებებთან.

– როგორია თქვენი და დავითის სამომავლო გეგმები და რამდენად უკავშირდება საქართველოს?

– სამომავლო გეგმები, როგორც ყოველთვის, ჩვენს სამშობლოსა და ხალხზე ფიქრია. რეალური, ქვეყნისათვის გამოსადეგი პროექტების დაგეგმვა, რაშიც ყოველთვის ჩვენი ავსტრიელი მეგობრები გვეხმარებიან.