“სიკვდილს ვნატრობდი, სხვები მაბანავებდნენ და მაჭმევდნენ”

430

,,რაც უნდა დიდი პრობლემა მქონდეს, ყოველ დილას მადლობას ვეუბნები უფალს, რომ კიდევ ერთი დღე მაჩუქა. ძალიან მორწმუნე ვარ. რამხელა ბედნიერებაა, რომ უფალი იმის საშუალებას მაძლევს, თუნდაც თქვენ დაგელაპარაკოთ. იმდენი რამ გადავიტანე ცხოვრებაში, რომ…” – უთხრა ,,სარკეს მომღერალმა მარკუს მეტრეველმა, რომელმაც სიკვდილს თვალებში ჩახედა. ეს მოხდა მაშინ, როცა საბერძნეთში ცხოვრობდა.

მარკუს მეტრეველი:

-მოტოციკლეტი ახალი შეძენილი მქონდა, ერთ საღამოს ძალიან სწრაფად წავედი. რესტორანი, საიდანაც გამოვედი, მაღლობზე იყო აშენებული. დაბლიდან გზა ამოდიოდა, იქ კი დიდი მოძრაობა იყო. ქვემოდან ავტობუსი ამოდიოდა, ვიფიქრე, გადავახტებოდი. ასეთ რამეებს ჩემი მეგობრები ხშირად აკეთებდნენ და მეგონა, მეც გამომივიდოდა, მაგრამ ავტობუსის სახურავზე დავეცი და მოტოციკლეტიანად შიგნით ჩავვარდი.

თვალი რომ გავახილე, რეანიმაციაში ვიყავი. მეზობლები და თვითმხილველები მიყვებოდნენ, მგზავრები ისეთ შოკში იყვნენ, თავიანთ თავს აღარ ჩიოდნენ, ამბობდნენ, მოკვდაო. დედა როცა ჩემთან მოვიდა, იქვე ჩაიკეცა და ხალხი ასულიერებდა.

მგზავრები დაშავდნენ?

– ოთხი მგზავრი დაშავდა, ყველას ჩვენ ვუმკურნალეთ… არაფერი მახსოვდა, ჩემ გარშემო ადამიანები ტიროდნენ და ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა. ფეხი, ხელი მოტეხილი მქონდა…

ექიმები ჩემს მშობლებს ეუბნებოდნენ, თუ ერთ თვეში მდგომარეობიდან ვერ გამოვიდოდი, შესაძლებელი იყო, ყველაფერი დამვიწყებოდა.ამნეზიას გადავრჩი, მაგრამ სახელების დამახსოვრება მიჭირს, ადამიანები მავიწყდებიან. რეანიმაციაში ერთი კვირა ვიწექი, პალატაში – ერთი თვე.თავი მეზიზღებოდა,  ყველას ბოდიშს ვუხდიდი იმისთვის, რაც ჩავიდინე.

რეაბილიტაცია რთული იყო?

-ძალიან, გაშეშებული ვიჯექი სავარძელში.სხვები მაბანავებდნენ და მაჭმევდნენ. იმ წუთებში მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ ამ ტანჯვას სჯობდა, მკვდარი ვყოფილიყავი.სამი თვე ასე გავატარე. მეოთხე თვეს მომხსნეს ხელზე თაბაშირი, მეექვსე თვეს კი – ფეხზე… მივხვდი, რამდენად ძვირფასია ჯანმრთელობა. ღმერთი ამხელა საჩუქარს რომ გაძლევს, უნდა დააფასო.