“დავუშნოვდი, მაგრამ გაყინული თოჯინის სახეს ბუნებრივი ნაოჭები მირჩევნია”

374

ბრიჯიტ ბარდო – ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ, მამაკაცები მზად იყვნენ, მის წინაშე მუხლებზე დამდგარიყვნენ, ქალები ბაძავდნენ ყველაფერში _ ჩაცმულობაში, ვარცხნილობაში, ღიმილში, მანერებში… ის მე-20 საუკუნის სექს-სიმბოლო გახლდათ. ყველაფერი ჰქონდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო, მაგრამ მისი პირადი ცხოვრება უიღბლო  აღმოჩნდა. 4-ჯერ გათხოვდა და ოთხივე ქორწინება გაშორებით დასრულდა.

ერთადერთი შვილი, ნიკოლა, მეორე ქორწინებიდან ჰყავს. ის 2 წლის ასაკიდან მამასთან იზრდებოდა. ავტობიოგრაფიულ წიგნში ბრიჯიტმა ის და მამამისი ცუდად მოიხსენია, ამის გამო მამა-შვილმა მას სასამართლოში უჩივლა და ჯარიმაც გადაახდევინეს.

დღემდე ბევრს წერენ მისი და ლეგენდარული ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის რომანზე. თავად ბრიჯიტი დელონზე ამბობს:

,,ალენ დელონი? იგი დაინტერესებილი იყო მხოლოდ იმით, თუ როგორ იყო განათებული მისი სახე და მისი სათუთი ცისფერი თვალები და სულ არ აღელვებდა პარტნიორი ქალები. ალენი ლამაზი მამაკაცია… მაგრამ ჩემს სასტუმროში ლუდოვიკოს სტილის კომოდი რომ დგას, ისიც ლამაზია”.

მსახიობი საფრანგეთში მარტო ცხოვრობს. ის ცხოველთა დაცვის მოძრაობას უდგას სათავეში, რომელსაც საკუთარი ფონდით აფინანსებს. უარი თქვა ხორცის ჭამასა და ბეწვეულზე.

დრომ მისი სახიდან სილამაზე წაშალა. მიუხედავად იმისა, რომ მტკივნეულად განიცდის ამას, პლასტიკურ ქირურგიაზე არასოდეს უფიქრია. ,,დავუშნოვდი, მაგრამ გაყინული თოჯინის სახეს ბუნებრივი ნაოჭები მირჩევნია”, – ამბობს ბრიჯიტ ბარდო.

ამონარიდები ავტობიოგრაფიული წიგნიდან “ინიციალები BB”: ,,კინო ჩემთვის აღარაფერს წარმოადგენს, მე ის მხოლოდ მახსოვს”, ,,ქრება ახალგაზრდობა, ქრება სილამაზე, ქრება ყველაფერი, მაგრამ თუ ქალს შეუძლია, მამაკაცის სიყვარულს თანაუგრძნოს, ის მუდამ მშვენიერი იქნება, ასაკის მიუხედავად!”, ,,არ არსებობს იმაზე ძნელი სამუშაო, როცა ცდილობ, ლამაზად გამოიყურებოდე დილის 8 საათიდან შუაღამემდე”.