“ამდენი წელია უშენობას გავუძელი, რომ შენი ოცნებები ასრულდეს და არ დანებდეო”

622

მომღერალი ნინი შერმანდინი უკვე 10 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. ბოლო პერიოდი მისთვის ემოციურად განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, რადგან დედა-მამა გარდაეცვალა.

ერთადერთი ქალიშვილი კი, რომელიც ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა, წლების შემდეგ თავისთან წაიყვანა საცხოვრებლად. საკუთარი მდგომარეობის შესახებ მან „თბილისელებთან“ ისაუბრა:

„ჩემი თაობის ადამიანებს დაბადებიდან რთული ცხოვრების გზის გავლა მოგვიხდა – 90-იან წლებს ვგულისხმობ, ომს, გაჭირვებას, უშუქობას, უპურობას, უფულობას. ამ ყველაფრის შემდეგ იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ, უფრო მებრძოლებად ჩამოვყალიბდით, უფრო მეტად ვაფასებთ სიცოცხლეს და რაც გვეძლევა. ასე რომ, კარგს ვაფასებთ, ცუდს კი ვუძლებთ. არ მიყვარს ჩემს ტკივილზე საუბარი, მაგრამ ბოლო პერიოდში, მშობლების დაკარგვით, დიდი ტრავმა მივიღე.

ბევრმა დაკარგა შვილი, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ნათესავი, მეგობარი, მეზობელი… ასე რომ, ეს ორი წელი ჯოჯოხეთური აღმოჩნდა არა მარტო ჩემთვის, ბევრი ოჯახისთვის. დედა ჩემთვის ყველაფერი იყო – საუკეთესო მეგობარი, სტიმულატორი, კრიტიკოსი, მესაიდუმლე. ყველაფერში და ყოველთვის სტიმულს მაძლევდა და მამხნევებდა, ჩემი იმედი იყო.

10 წელია, რაც ამერიკაში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ შორს ვიყავი, სოციალური ქსელით მასთან ყოველდღიური კონტაქტი მქონდა. ვგეგმავდით, რომ აქ, ამერიკაში ჩამომეყვანა. მისი ჩახუტება სულ მენატრებოდა. ამიტომ ხშირად ჩამოვდიოდი და თვეობით ვრჩებოდი. ვივსებოდი დედის ენერგეტიკით, მერე ამერიკაში თან მიმქონდა და ამით ვსულდგმულობდი. ბევრჯერ მითქვამს: დედა, აღარ მინდა აქ, წამოვალ სახლში. ის კი სულ მპასუხობდა:

რისთვის წახვედი მანდ? შენი და ჩემი ოცნებები აუცილებლად უნდა აისრულო. შენ ჩემთან ვალში ხარ. ამდენი წელია უშენობას გავუძელი, რომ შენი ოცნებები ასრულდეს და არ დანებდეო. ვბრაზდებოდი ხოლმე, რა მეოცნებე ქალია, როდის შეიძლება, მიწაზე ჩამოვიდეს-მეთქი. დედის ვალს ვერასოდეს გადავიხდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი ოცნებები ავახდინო. არ მაქვს სანანებლად, რომ დედას ან მამას ცუდად ვექცეოდი, ცუდი შვილი ვიყავი. მამას სიმსივნე ჰქონდა და გვიან გავიგეთ. ჯერ მამა გარდაიცვალა და ოთხ თვეში – დედა. მათი გარდაცვალების დროს მათ გვერდით ვერ ვიყავი. ვერც მამის დაკრძალვას დავესწარი, საზღვრები დაკეტილი იყო და არ გამომიშვეს. დედის დაკრძალვას კი ჩამოვუსწარი და უკანასკნელ გზაზე გავაცილე. მათ ბოლო ამოსუნთქვას ვერ მოვუსმინე და სულ სანანებლად დამრჩება, ღირდა კი ჩემი აქ წამოსვლა, თუ მათთან ყოფნა ასე ხანმოკლე იყო და ისინი ასე მალე უნდა დამეკარგა.

მე რომ იქ ვყოფილიყავი, ასე არ მოხდებოდა. ალბათ, სხვანაირად ვუმკურნალებდი. მოკლედ, ბევრი „ნეტა“ მაქვს დაგროვილი და მჭამს. თან, ემიგრაციაში ყოფნა იმიტომ იყო რთული, რომ წლები შვილის გვერდით ვერ ვიყავი, 4 წლის დავტოვე და 12 წლის იყო, რომ წავიყვანე. დღეს ის ჩემ გვერდითაა, აქ სწავლობს და ამით ვინუგეშებ თავს. თან, კარგად მღერის, ნიჭი აქვს. მოკლედ, ვნანობ ყველა იმ წუთს და წამს, რომელიც მშობლებისა და შვილის გარეშე გავატარე, მაგრამ, სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ.

ამერიკულ ნიჭიერში“ ჩემი ბედის ცდა ჩემი დაქალის, თუთანას დამსახურებაა. ის დედას კარგად იცნობდა, ხშირად საუბრობდნენ და ალბათ, დედამ გაანდო ოცნებები. თუთამ მითხრა, მიუხედავად შენი ბანკში წარმატებული მუშაობისა, შენი ადგილი მაინც სცენაზეაო. აქ ჩამოსულმა ბევრჯერ ვცადე, ყველგან ვიყავი კონკურსზე, მაგრამ არ გამიმართლა. ამდენმა უარმა და არამ გადამაწყვეტინა დავნებებულიყავი, რაც ჩემს ხასიათში არ ჯდება. დავიღალე – ხომ არ შეიძლება, სულ ომობდე და იბრძოდე? ასე რომ მოვქცეულიყავი და არ დავნებებოდი, მაშინ უნდა გადამედო საკუთარი თავი, მევლო კასთინგებსა და კონკურსებზე, მაგრამ ჩემი ცხოვრება ამის საშუალებას არ მაძლევდა – ორი პენსიონერი მშობელი, შვილი და ჩემი თავი მხოლოდ მე მებარა.

როცა ჩემზე იყო დამოკიდებული ყველა და ყველაფერი, არ მქონდა იმის უფლება, რეალობას ავცდენოდი, ფეხი ფეხზე გადამედო და მხოლოდ ჩემი ნიჭის რეალიზებაზე მეზრუნა. სიმართლე გითხრათ, დანებება ჩემთვის ახალი არ არის, რადგან ბავშვობიდან სულ რაღაცას ვეჭიდავები. არ მეშინია ცხოვრების, არ დავრჩები ულუკმაპუროდ და უმუშევარი, ჩემი თავის იმედი მაქვს, ეს ბევრს ნიშნავს, მაგრამ კონკურსებზე რომ არ მიმართლებდა, ეს მიკვირდა. გაზაფხულის ბოლოს იქნება პასუხი, მოვხვდი თუ არა ამერიკის “ნიჭიერის” კონკურსზე. ვნახოთ, რა იქნება, მთავარია, პირველი ნაბიჯი გადავდგი” – ამბობს მომღერალი.