“კარგი იყო, ოჯახი მქონოდა, შვილები მყოლოდა”

310

ქეთევან კანტიძე მარჯანიშვილის თეატრის დასის ხელმძღვანელია, პროფესიით ხმის რეჟისორი, მოწოდებით მსახიობი. ხალისიანი, მხიარული ქალბატონი კოლექტივის სული და გულია. უყვარს სიმღერა, ცეკვა, გემრიელი საჭმელი და ახალგაზრდა კოლეგებთან ურთიერთობა. შესანიშნავად ასრულებს სახასიათო როლებს ტელესერიალებსა და მხატვრულ ფილმებში. რეჟისორებს ხშირად ეკითხება, ხომ არ აქვთ მისთვის ფუმფულა ქალის როლი, თუნდაც უსიტყვო.

ასეთი ხალისიანი და სიცოცხლის მოყვარული ქალი მარტო რატომ დარჩით, – ,,სარკემ ამ კითხვით მიმართა ქალბატონ ქეთევანს, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ:

– ასე მოხდა. სულ დაკავებული ვიყავი, თან ვარჩევდი. რომ გითხრათ, კალთებს მაგლეჯდნენ, გინდა თუ არა, ცოლად გამომყევიო, ასეც არ ყოფილა. ვინც იყვნენ, მე არ მომწონდა. გვიან გავთხოვდი, 40 წელს რომ გადავცდი. 3 წელი ვიცხოვრეთ და დავცილდით. ერთმანეთისთვის გაჩენილები არ აღმოვჩნდით. იმდენი წელი გავიდა, დამავიწყდა კიდეც, განვიცადე თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ტრაგედია არ შემიქმნია და ცხოვრება გავაგრძელე.

გიჭირთ მარტო ცხოვრება თუ დადებითი მხარეც აქვს მარტოობას?

– მარტოობას არასოდეს არაფერი აქვს დადებითი. გამიმართლა, რომ ისეთ სამსახურში ვარ, ჩემი დროის დიდი ნაწილი სჭირდება და ბევრი ენერგიაც. ისეთი დაღლილი მივაღწევ ხოლმე სახლში, განსაკუთრებით ამ საცობებში, რომ ბევრი ფიქრის დროც აღარ მრჩება. კარგი იყო, ოჯახი მქონოდა, შვილები მყოლოდა. როცა ბევრნაირ კერძს გავამზადებ და მეზობლებს ჩამოვურიგებ, თან ვხუმრობ, ჩემნაირი ქალი ერთ ქმარ-შვილს კი არა, ცხრა ქმარ-შვილს გაუძღვებოდა-მეთქი. ალბათ ღმერთმაც ასე ინება. ეს ბედნიერება არ მომცა. შეიძლება ამით უფრო დიდ ტკივილს და მწუხარებას ამარიდა.

ახლა მყავს ერთი კატა, ბრუნო, რომელიც მუდმივად ქუჩაში გასვლას ითხოვს, ჰოდა, მე და ბრუნო მშვიდად ვცხოვრობთ პატარა, მყუდრო ბინაში.