“ჭურვების ქვეშ დაიბადა და ორ დღეში ისევ ცაში გაფრინდა… დედა ახლა სიკვდილს ებრძვის“ – ვინ არის უკრაინაში მყოფი ორჯერ დევნილი ქართველი?
სოციალური ქსელის მომხმარებელი თორნიკე სირბილაძე ერთ-ერთ ჯგუფში უმძიმეს ისტორიას ჰყვება. მისი თქმით, უკრაინაში მცხოვრებ ქართველს 2 დღის ჩვილი დაეღუპა, მისი მეუღლე კი ახლა სიკვდილს ებრძვის.
„მინდა მოგიყვეთ უკრაინაში მეორედ დევნილად ქცეულ ქართველზე, არჩილ სურმანიძეზე და მის 2 დღის ომს შეწირულ გიორგი სურმანიძეზე, რომელიც ჭურვების ქვეშ დაიბადა და 2 დღეში ისევ ცაში გაფრინდა. არჩილი და ოლია მესამე ბიჭს ელოდებოდნენ, 33 კვირის იყო ოლია, როცა ომი დაიწყო უკრაინაში, კიევში ცხოვრობდნენ, კიევის დაბომბვის გამო, ოლიამ ძალიან დიდი სტრესი მიიღო და ნაადრევი მშობიარობის რისკის ასაცილებლად ის სამშობიაროში გადაიყვანეს და ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილიც მასთან იყვნენ. 1 მარტს სამშობიარო დაიბომბა, რის გამოც მშობიარეების ჩაყვანა მოუწიათ ბუნკერში, სრულიად ორსულებისთვის შეუთავსებელ გარემოში, სადაც დაიბადა გიორგი. დედას მაღალი წნევა ჰქონდა, რის გამოც ბავშვს განუვითარდა სუნთქვის უკმარისობა და მხოლოდ 2 დღე იცოცხლა. ოლიას თრომბი განუვითარდა, ის ახლა სიკვდილს ებრძვის და ცდილობს, რომ მისი ორი მცირეწლოვანი ბიჭი არ დარჩეს დედის გარეშე, ამ წუთს იმყოფებიან ლვოვში და ოლიას სასწრაფოდ სჭირდება გადაყვანა ვარშავაში, ან ახლოს მიმდებარე კლინიკაში პოლონეთში, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს და ეს ორი პატარაც არ დაობლდეს. არჩილმა, მისი მეუღლე უმძიმეს მდგომარეობაშია, არ იცის შვილები დაამშვიდოს, საკუთარი თავი თუ ოლიას სიცოცხლე გადაარჩინოს. სჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენ ათობით და ასობით უკრაინის მოქალაქეს დავეხმარეთ, ახლა კიდე ქართველს, ჩვენს ორ გზის დევნილ ადამიანს და მის ოჯახს ვჭირდებით“, – წერს თორნიკე სირბილაძე.