უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებიდან მალევე, პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე ლტოლვილების მიღების და განაწილების პუნქტი მოეწყო. დღეს უკრაინაში ომის მე-17 დღეა და რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
ამ ფონზე, სოციალურ ქსელში ალექსანდრე ბაინდურაშვილი ვარშავის ცენტრალურ სადგურში უკრაინელ ბავშვთან შეხვედრის ისტორიას იხსენებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“დღეს ვარშავის ცენტრალურ სადგურში ეს პატარა ანგელოზი გავიცანი, შემდეგ დედა და და გამაცნო, ცოტა ვითამაშეთ ვიდრე დავშორდით ერთმანეთს.
კიევიდან მოდიოდნენ, დედას ქართულ რესტორანში ცომეულზე უმუშავია. საიდან მოდიან იციან, მაგრამ სად მიდიან არ იციან, გარბიან, რომ ვკითხე ბილეთიც არ ჰქონდათ, სახეზე შიში და დაბნეულობა, უიმედობა ეწერათ.!
სავსეა ვაგზალი დევნილი ბავშვებით, მოხუცებით, ორსული ქალებით თუ ჩვილებით…..
არ ვიცი უფალო, ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული ვარ ! სად ხარ ? რატომ არ აჩერებ ამ ბოროტების თარეშს!”, – წერს ალექსანდრე ბაინდურაშვილი.