ექიმი ზურაბ ნინუა არაფრით ტოვებს ხარკოვს, თავის ჰოსპიტალში თავშესაფრები მოაწყო – “არ შევცვლი ჩემს ცხოვრებას საზიზღარი რუსების გამოო”

223
ამერიკაში მცხოვრები ექიმ ნანა გეგეჭკორი ქმრის ბიძაზე, ექიმ ზურაბ ნინუაზე წერს, რომელიც ხარკოვს არ ტოვებს და პაციენტებზე ზრუნავს.
,,ხარკოვი სტუდენტობის ასაკიდან მისი მეორე სახლი გახდა. აფხაზეთის ამბების მერე უკვე საბოლოოდ დამკვიდრდა იქ. ერთადერთი შვილი წლების წინ ავტოავარიაში დაეღუპა. უკრაინის ომის პირველი დღეებიდან თავის ჰოსპიტალში თავშესაფრების მოწყობით იყო გართული. ომის რუტინამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. მეუღლე, იქაურ ქართველ მეგობრებთან ერთად გაარიდა ომს. თვითონ არაფრით ტოვებს ხარკოვს. როცა ვურეკავ, მოკითხვაზე უკრაინული არმიის საომარი მიღწევების გრძელი სიით მპასუხობს. გამარჯვების სიხარული როგორი იქნება, ამით მამშვიდებს.
მერიდება კიდეც, ვკითხო, კორპუსში ლამის მარტო დარჩენილს, არ ეშინია?.. საუბარს ბომბის აფეთქების ხმა ხშირად გვაწყვეტინებს. მშვიდად იწყებს ანალიზს, ხმის ტრაექტორიის მიხედვით სად შეიძლებოდა ბომბი აფეთქებულიყო.
მეუღლის ბიძაა. დედა იხსენებს, ღრმა ბავშვობისას სიმღერა უყვარდა და მას მერე არასდროს მსმენია, ემღეროსო. დღეს ეს ჩანაწერი გამოუგზავნა დას… ასე ვირთობ თავს მარტოობაში, რომ დაბომბვის ხმა ჩავახშოო… არ ვიცი, როგორ უძლებს, როგორ გვესაუბრება ღრმა სიმშვიდით და რწმენით, რომ ომი მალე დასრულდება. ვეხვეწე, ფანჯარასთან სიახლოვეს ნუ იძინებ-მეთქი. არ შევცვლი ჩემს ცხოვრებას საზიზღარი რუსების გამოო. რატომ უნდა იტანჯებოდნენ ადამიანები ასე 21-ე საუკუნეში? ნუთუ საკმარისი ომები არ გამოვიარეთ, რომ რამე გვესწავლა წარსული ტრაგედიებიდან?
ზურიკოს მშვიდი და იმედიანი განწყობა კარგად ასახავს იმ ხასიათს, რასაც ახლა უკრაინელი ხალხისგან ვხედავთ. ორმოცდაათ წელზე მეტია თვითონაც უკრაინელია. განსაკუთრებით მძიმეა ასეთ დროს უმწეო ბავშვების და მარტოდ დარჩენილი მოხუცების სევდა”, – წერს ნანა გეგეჭკორი და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ზურაბ ნინუა ქართულ სიმღერებს მღერის.