“ყველას ვურჩევ, კრიტიკული ტონი ცოტა დაიოკონ და მეტი სიკეთე გამოუშვან გარეთ, ეს მათთვისაც კარგი იქნება და გარშემო მყოფებისთვისაც”
ზაფხულში ირმა სოხაძე საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა. სახლში, სადაც ყველაფერი საკუთარი გემოვნებით მოაწყო და ახლა ხვდება, რომ საკუთარ თავს ოცნება აუხდინა.
ირმა სოხაძე: ჩემი მშობლების სახლი აბაშიძეზეა. მე და ჩემს მეუღლეს კი დედამთილის დატოვებული საკმაოდ დიდი ფართი გვქონდა პეკინზე. გოგოები რომ გათხოვდნენ და ჩვენგან გადავიდნენ, ეს ფართი ჩემთვისა და რეზოსთვის ძალიან დიდი იყო, ორას კვადრატულზე მეტი გამოდიოდა. ამხელა სივრცე არაფერში გვჭირდებოდა და გადავწყვიტეთ, ის ბინა სამომავლოდ შვილებისთვის შეგვენახა. ჩვენ ბახტრიონზეც არაჩვეულებრივად ვგრძნობდით თავს, სახლში, რომელშიც უამრავი წელი გავატარეთ. რვა წლის წინ, ერთ დღეს, ჩემი მეგობარი მირეკავს, დედაშენისა და მამაშენის სახლის გვერდით, ძალიან მაგარი პროექტის ბინა შენდება. სანამ ჰაერს ყიდულობ, ფასიც ნაკლებია და ნახეთო. რეზო ცოტა მძიმეა ასეთ ამბებში. ამბობდა, ხომ ვთქვით, ბახტრიონზე ვრჩებით და ეს ბინა რაღად გვინდაო, მაგრამ ძალიან შევუჩნდი. მინდოდა, მშობლების გვერდით ვყოფილიყავი, მაშინ ორივე ცოცხალი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ვეღარ მოესწრნენ ჩვენს იქ გადასვლას.
მოკლედ, გავყიდეთ პეკინის ბინა და ეს ვიყიდეთ. რემონტსაც თანხა სჭირდება, ამიტომ ეს პროცესი დროში ცოტა გაგვეწელა. კრედიტს არასდროს ავიღებ, ვნახე, როგორ გაწვალდა ჩვენი რამდენიმე ახლობელი მისი გადახდისას და არ მინდა, იგივე გამოვცადო. თორემ შეგვეძლო, აგვეღო და რემონტიც უცებ დაგვემთარებინა. თუმცა, არსად გვეჩქარებოდა, თავზე არ მაწვიმდა, სახლი გვქონდა და ამიტომ, როცა საშუალება იყო, მაშინ ვაკეთებდით, როცა – არა, ვჩერდებოდით. შესაბამისად, ეს პროცესი გაიწელა და ამასობაში ჩემი დედიკო და მამიკო ცოცხლები აღარ არიან. ჩვენ კი ამ ზაფხულს, როცა სალომე მეუღლესა და შვილთან ერთად ჩამოდიოდა, დაგვჭირდა ბინა, სადაც ყველა ერთად მოვთავსდებოდით. ბახტრიონზე ყველა ვერ დავეტეოდით და ამიტომ, ამ ბინას რაც აკლდა, ფარდები და რაღაც დეტალები, უცებ შევიძინეთ და ბოლომდე მოვაწყვეთ, ეს იყო ბოლო აკორდი. რემონტი გაკეთებული იყო, ავეჯი – ნაყიდი და მათმა ჩამოსვლამ გადასვლის პროცესი დააჩქარა. პირველივე ღამეს, როცა ამ სახლში დავიძინე, მივხვდი, რომ ეს არის სახლი, რომელზედაც ვოცნებობდი, ძალიან მყუდროა და თან, ქალაქის ცენტრში, აბაშიძეზე. ერთადერთი რამ არ მომწონდა: ეს სახლი სტუდიოს ტიპისაა – სამზარეულო და მისაღები გაერთიანებული აქვს, რაც მე არასდროს მიყვარდა. არ მსიამოვნებს, მთელ სახლში რომ საჭმლის სუნი დგას, გასარეცხი გაქვს თეფში, ამ დროს სტუმარი შემოდის და თავს უხერხულად გრძნობ. მოკლედ, პრობლემა მეგონა და ამ დროს, პირიქით აღმოჩნდა. თან ტელევიზორს უყურებ, თან საქმეს აკეთებ, სტუმარი თუ მოვა და რამეს ამზადებ ან თეფშს რეცხავ, თან ესაუბრები და ცალკე ოთახში არ ხარ ყველასგან იზოლირებული. გამწოვიც მაქვს და სუნიც არ გროვდება, ასე, რომ ამ მხრივაც ძალიან კმაყოფილი ვარ (იცინის).
– რემონტს დამოუკიდებლად გაუმკლავდით?
– ყველაფერი ჩემი და რეზოს გემოვნებით გავაკეთეთ. რამდენიმე დიზაინერი მეგობარი გვყავს და რომ ნახეს ჩვენი ნამუშევარი, გვითხრეს, ძალიან მაგრები ყოფილხართო. გადავწყვიტეთ, ყველაფერი მინიმალისტურად გაგვეკეთებინა. არც კედლები გადაგვიტვირთავს ნახატებით და არც იატაკი – ნოხებით. წინა სახლში ნივთებმა დამღალა. 45 წელი რომ ცხოვრობ ერთ სახლში, უსარგებლო და ზედმეტი ნივთები გიგროვდება. ამ სახლში ბევრი არაფერი გადმოვიტანე. წიგნებიც კი ძალიან ცოტა წამოვიღე. არ მინდა აქაურობა გამოვტენო. სურათებიც კი არ მიკიდია კედლებზე. ბახტრიონის სახლი ჩვენი შვილიშვილებისაა და დავიტოვეთ, არ გაგვიყიდია. ის სახლი საოცრად მიყვარს, ამდენი წელი გავატარე იქ და როცა მენატრება, ახლაც მივდივარ, რა პრობლემაა. ახალ სახლში ერთადერთი რამ მაკლია, მეგობრები კოვიდის გამო ხშირად ვერ გვსტუმრობენ და იმედია, ესეც მალე შეიცვლება.
– ანტიკვარიატი და კლასიკური ავეჯი არ გიყვართ?
– არა. ძველ ნივთებს ვერ ვიტან. მაპატიოს ყველამ, ვისაც ანტიკვარიატი უყვარს. სახლში სულ სამი ძველი ნივთი მაქვს, ისიც დეკორატიული და ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანების ნაჩუქარი. წავიდე ანტიკვარულ მაღაზიაში და ვიღაცის ნაქონი, სხვის სახლში ნაცხოვრები და სხვისი აურით დატვირთული ანტიკვარიატი ვიყიდო, ამაზე ფიქრიც კი არ მსიამოვნებს. დიდი მხატვრების ნახატებში უამრავი ფულის გადახდაც არ მიმაჩნია სწორად. თუ რომელიმე ნახატის ნახვა მომინდება, ავდგები და მუზეუმში წავალ, ინტერნეტში მოვიძიებ, კედლებზე მეკიდოს და ყოველდღე ვუყურებდე, არ მინდა. თითოეულ ნამუშევარს თავის ცხოვრება აქვს, მაგრამ ეს ჩემი აზრია, თავს არავის ვახვევ. მე არც ძვირფასი სამკაული მიყვარს. მიყვარს ლამაზი სამკაული, მაგრამ მასში კაპიტალს კი არ უნდა დებდე, ის უნდა გამკობდეს. მე სულ ბიჟუტერიას ვიყენებ, ძალიან ძვირფას ბეჭედს და საყურეს ვერც გავიკეთებ, სად მცალია მაგაზე სანერვიულოდ (იცინის). ბიჟუტერია თუ დაგეკარგება, შენი ჭირიც წაუღია!
– წარმატებული ქალი ხართ, ყველა გიცნობთ და ბევრს, თქვენს ადგილას, შეიძლება, ჰქონდეს იმის ამბიცია, რომ უბრალოს არ ჩაიცვამს. ძვირფასი სამკაული, განსაკუთრებული ავტომობილი, ბრენდული სამოსი არასდროს გიზიდავდათ?
– ვიღაცას შეიძლება ეს „პოზა“ ეგონოს ან სხვამ უგემოვნობაში დამდოს ბრალი, მაგრამ ეს მართლა არასდროს მნდომებია. გემოვნება მაშინ გაქვს, როცა ძალიან ლამაზად, მოხდენილად და თანამედროვედ გაცვია, მაგრამ აუცილებელი არ არის, შენი სამოსი „დიორის“ ან „შანელის“ იყოს. ამორალურია, ჩვენს ქვეყანაში 5 000-ევროიანი პიჯაკი გეცვას, ამას არასდროს გავაკეთებ. არც მაქვს ამდენი საშუალება, მაგრამ რომც მქონდეს, ფულს ამაში არ დავხარჯავ. ერთი-ორი ნაჩუქარი ძვირფასი ნივთი მეც მაქვს, მაგრამ მხოლოდ ძვირფასი ბრენდების შეძენა, მე უფრო სნობიზმი მგონია. რატომ უნდა მეკეთოს 20 000–დოლარიანი საათი, როცა 50-ლარიანი და უფრო იაფიანიც შეიძლება, ულამაზესი იყოს დათავის საქმეს აკეთებდეს?! ერთადერთი, სუნამოზე მაქვს გართულება. სუნამო აუცილებლად უნდა იყოს ორიგინალი და თუ უცხოეთში ვიყიდი, მთლად უკეთესი. ჩვენს ბრენდულ მაღაზიებში ნაყიდს ყოველთვის ვერ ვენდობი. დანარჩენ კოსმეტიკურ საშუალებებში, საერთოდ არ ვიხდი დიდ თანხას. ხომ ამბობენ, რომ ფრანგული კოსმეტიკა არის საუკეთესო და ძვირად ღირებულიცაა, მაგრამ ფრანგი ქალების კანით თუ ვიმსჯელებთ, მათი ფასი საერთოდ არ ნიშნავს, რომ პროდუქცია საუკეთესოა. არსებობს უკრაინული, პოლონური, ბალტიისპირული კრემები, საკმაოდ ბიუჯეტური და არაჩვეულებრივი. ასე რომ, ძვირფასო ქალბატონებო, ძალიან ეკონომიურადაც შეგვიძლია, არაჩვეულებრივად გამოვიყურებოდეთ.
– თქვენი ოჯახის წარმატება უფრო თქვენი დამსახურებაა თუ ბატონი რეზოსი?
– მე რომ მკითხოთ, თავიდან-ბოლომდე ჩემი დამსახურებაა. რეზოს რომ ჰკითხო, ლომის წილი მას მიუძღვის. ერთ რამეს გავუსვამ ხაზს, მე ამისთვის არაფერი არ „გამიღია“. ჩემი ცხოვრება არ არის მსხვერპლი. თუ ოჯახის კეთილდღეობისთვის გადადგმულ ნაბიჯებს როგორც მსხვერპლს, ისე შეხედავ, არაფერი გამოვა. ვინმეს დავამადლო – ვაიმე, მე დიდ კარიერაზე ვთქვი უარი-მეთქი, დილა ამაზე წუწუნით დავიწყო და საღამოც ამ თემაზე საუბრით რომ დავამთავრო, ამის მოსმენა არავის მოუნდება, ეს არ არის სასიამოვნო. პირიქით, მოტივატორი უნდა იყო ოჯახისთვის. არის რთული მომენტები, როცა სხვისთვის მოტივაციის მიცემა არ გამოგდის, თვითონაც უმძიმესი პერიოდი გაქვს, მაგრამ საერთო ჯამში, ყველაფერი პრობლემად არ უნდა აქციო. შესაძლოა, მეუღლე დაბრუნდა სახლში ნერვებმოშლილი ან შენ გაქვს სამსახურში პრობლემები, არ შეიძლება ამის პრობლემის რანგში აყვანა და გაგიჟება, სულ იმის თქმა, რომ უკეთესს იმსახურებ, მეტი შემოსავალი უნდა გქონდეს, რომ სხვა ქვეყანაში უფრო დაფასებული იქნებოდი. მსგავსი მიზეზების გამო ოჯახში აურის მოწამვლა, თუნდაც, წუწუნი და თუნდაც, უბრალოდ, ცუდ ხასიათზე ყოფნა, მე თუ მკითხავთ, დანაშაულია. ერთი ციცქნაა ჩვენი ცხოვრება და არ ღირს ამ სისულელეებზე გაბრაზება. სოციალურ ქსელებში ამდენი შურით გამსკდარი ადამიანები ერთმანეთს რომ საშინელებებს უწერენ, ლამის არის შევეხვეწო: ადამიანებო, ნუ ატარებთ ბოროტებაში მთელ სიცოცხლეს, ის მეორედ აღარ მოგვეცემა. ჩვენ ამ ქვეყანაში დავიბადეთ და აქ უნდა ვიყოთ ბედნიერი. რატომ არ შეიძლება, კარგიც დავინახოთ და მადლიერები ვიყოთ?! მოტივატორიც უნდა იყო და გადაყოლილიც ოჯახის წევრებზე, რომ ყველა კარგ ხასიათზე იყოს და ყველას უხაროდეს სიცოცხლე. ეს განწყობა აუცილებლად უკან დაგიბრუნდება. ჩემს ოჯახში ყველას ბავშვობიდანვე ვუხსნი, რომ არ შეიძლება გაჯიუტება, რომ ჩვენ ტანჯვისთვის და ერთმანეთის წვალებისთვის არ ვართ გაჩენილი. საკუთარ თავსაც და სხვებსაც სიამოვნება უნდა მივანიჭოთ, ეს არის ჩვენი მისია. მე ასე მგონია. ამიტომ ყველას ვურჩევ, კრიტიკული ტონი ცოტა დაიოკონ და მეტი სიკეთე გამოუშვან გარეთ, ეს მათთვისაც კარგი იქნება და გარშემო მყოფებისთვისაც.