“დავინახე, ჩემი გარდაცვლილი ქმარი საკურთხეველში როგორ ლოცულობდა”

372

,,ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერში განგების ხელი ურევია. ჩემს ცხოვრებაში ბევრი სასწაული მომხდარა, მაგრამ ყველას მოყოლას არ დავიწყებ, რადგან არის რაღაცები, რისი ხმამაღლა თქმაც არ მინდა”, – ამბობს ,,სარკესთან მსახიობი ეკა  ქუთათელაძე, რომელიც ტაძრისკენ გზას ბევრი წლის წინ დაადგა. მისი მეუღლე მოძღვარი იყო – მამა ნიკოლოზ მინდიაშვილი, თვითონ კი გარკვეული პერიოდი საბურთალოს ამაღლების ტაძარში მესანთლეც გახლდათ, ტრაპეზარიც და დამლაგებელიც. ქალბატონი ეკა იმ უჩვეულო ამბებს მოგვიყვა, რაც თავს გადახდა.

ეკა ქუთათელაძე:

– ახალგაზრა ვიყავი, როცა საოცარი რაღაც დამესიზმრა. საერთოდ, სიზმრების არასოდეს მჯეროდა და არც ახლა მჯერა, მაგრამ ეს იყო სხვანაირი რამ. აღმართზე ავდიოდი და დიდი ლოდი მიმქონდა. მეგონა, რომ იმ მთაზე ეკლესია უნდა აშენებულიყო, რადგან მიწაზე ჯვარი იყო ჩარჭობილი. როგორც იქნა, ლოდი აღმართზე ავიტანე და ჯვრის გვერდით, მიწაზე დავდე. უცებ ლოდის გვერდით პატარა ბიჭი დავინახე – იქვე იყო ჩამომჯდარი. დაახლოებით 3 წლის იქნებოდა. ხუჭუჭა თმა ჰქონდა, ძალიან ლამაზი იყო. ბიჭმა შემომხედა და მითხრა, შენი შვილი ვარ და აქ გელოდებიო.

რაღაც პერიოდის შემდეგ სიზმარი დამავიწყდა კიდეც და არც არავისთვის მომიყოლია. ამ ამბიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ვაჟი, არჩილი, შემეძინა. აჩიკო ზუსტად ის ბავშვი იყო, რომელიც სიზმარში ქვასთან იჯდა და მელოდებოდა.

რატომ გგონიათ, რომ ის ბავშვი იყო?

– აჩიკო 3 წლის რომ გახდა, ისეთივე კულულები ჰქონდა, როგორიც სიზმარში ნანახ ბავშვს. ჩემი შვილი გარეგნობით მას ძალიან ჰგავდა. ასე ამიხდა ეს სიზმარი.

იმ ეკლესიის ადგილი თუ გეცნოთ, სადაც ლოდი აიტანეთ?

– კი, ეს იყო მცხეთის ჯვრის აღმართი. როგორც ჯვრის მონასტერში ავდივართ აღმართზე, სწორედ ასეთი აღმართი ავიარე. მადლობა ღმერთს, რომ აჩიკო გამომიგზავნა.

სხვა მომენტებიც იყო თქვენს ცხოვრებაში, რომლებშიც რაღაც ნიშანი დაინახეთ და რომლებმაც გულისხმაში ჩაგაგდოთ?

– რამდენიმე წლის წინ საავადმყოფოში მოვხვდი. ძალიან ცუდად ვიყავი, ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა. ეგონათ, რომ ვერ გადავრჩებოდი. ჩემი ქალიშვილი, ნატალი, თავთან მეჯდა და განუწყვეტლივ ფსალმუნებს მიკითხავდა. მისი ხმა სულ ყურში ჩამესმოდა. დრო და დრო გონზე მოვდიოდი, მერე კი ვითიშებოდი.

ერთ-ერთი მორიგი გონების დაკარგვის დროს უცნაური რამ ვნახე. სადღაც მოვხვდი. რიგში ჩამდგარი ადამიანები სადღაც მიდიოდნენ. ყველას ოქროსფერი სამოსი ეცვა, ქალებს თავსაბურავებიც ოქროსფერი ეხურათ. გარშემო არემარე, ყველაფერი ოქროსფერი იყო, მზე ძალიან აცხუნებდა, მაგრამ არ გწვავდა.

მეც ამ რიგში ჩავდექი და ხალხს გავყევი, თუმცა არც თავსაბურავი მეხურა და ტანსაცმელიც თეთრი მეცვა. უცებ მამაჩემი დავინახე. მაშინ უკვე გარდაცვლილი იყო. მამამ მისაყვედურა, აქ რა გინდაო. მისი დანახვა ძალიან გამიხარდა, ვუთხარი, ძალიან მომენატრე-მეთქი და მასთან დარჩენა გადავწყვიტე. მითხრა, რომ ჩემი ადგილი იქ არ იყო და ძალით გამომაგდო უკან. იქიდან ტირილით წამოვედი და თვალებიც გავახილე. ამის შემდეგ დავიწყე გამოჯანმრთელება.

ამ ამბავმა დამაფიქრა. მივხვდი, რომ ღმერთს შემთხვევით არავინ გაჰყავს ამქვეყნიდან. როცა ადამიანი ამოწურავს თავის შესაძლებლობას, როდესაც ყველაზე ახლოს მივა უფალთან, სწორედ მაშინ მიდის ამსოფლიდან. სხვანაირად არც შეიძლება მოხდეს, გარდაცვალება ხომ გარდასახვაა, ადამიანის სული კი არ კვდება, ხელმეორედ იბადება, რომ ახალი სიცოცხლით იცხოვროს.

ოქროსფრად შემოსილი ადამიანების რიგში რომ იდექით, რა შეგრძნება გქონდათ?

– არაჩვეულებრივი, არც ტკივილს ვგრძნობდი და არც არაფერს. წამოსვლა არ მინდოდა, რადგან ყველაფერი ლამაზი და კარგი იყო. ტკივილები მერე დამეწყო, როდესაც გონზე მოვედი და თვალები გავახილე. ეტყობა, ჩემი იმქვეყნად წასვლის დრო არ იყო დამდგარი და იმიტომ არ მიმიღეს.

ერთ სიზმარსაც მოგიყვებით. ერთხელ დედაჩემის მამა დამესიზმრა, ისიც გარდაცვლილი იყო. მცხეთაში, ჩვენი აგარაკის ჭიშკართან იდგა. მკაცრად მითხრა, რატომ არ მარხულობო. მახსოვს, ამ სიზმრით როგორი გაოცებული ვიყავი. ბებია მორწმუნე ქალი იყო, ბაბუა კი – არა. ბებია რომ დამსიზმრებოდა და ეს ეთქვა, არ გამიკვირდებოდა. მას შემდეგ თითქმის 40 წელიწადი გავიდა და სულ ვმარხულობ, ვცდილობ, არ დავარღვიო.

როგორც ვიცი, გამოცხადებაც გქონდათ. იქნებ ამაზეც გვიამბოთ.

– ,,გამოცხადება” ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ჩემი მეუღლე, მამა ნიკოლოზი, საბურთალოს ამაღლების ტაძრის პირველი მოძღვარი იყო. იქ დაახლოებით 10 წელი მოღვაწეობდა. მისი გარაცვალების შემდეგ ხშირად დავდიოდი ამ ტაძარში.

მამა ნიკოლოზი ახალი გარდაცვლილი იყო, როცა ეს ამბავი მოხდა. ამაღლების ტაძარში წავედი. საეკლესიო დღესასწაული იყო და წირვა ტარდებოდა. წირვის დროს ნათლად დავინახე, ჩემი მეუღლე საკურთხეველში რომ იდგა და ლოცულობდა.

და ეს არ იყო გამოცხადება?

– პირველად ძალიან გამიკვირდა, მერე მივხვდი, რომ ეს ჩემი წარმოსახვა უნდა ყოფილიყო. როდესაც საყვარელი ადამიანი შენგან მიდის, მისი მონატრების, ნახვის სურვილი გიმძაფრდება და გამუდმებით მასზე ფიქრობ. რაზეც გამუდმებით ფიქრობ, შესაძლებელია ის წარმოიდგინო კიდეც. ადამიანის სული ძალიან ღრმა და შეუცნობელია.

თქვენი მეუღლე ხომ მსახიობი იყო, სასულიერო პირი გახდა, ესეც რაიმეს სასწაულს ხომ არ უკავშირდება? რამ უბიძგა ამისკენ?

– 1989 9 აპრილის ღამეს ჩემი მეუღლე, ვაჟა მინდიაშვილი და მისი მეგობრები თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდნენ. ხალხის დარბევა რომ დაიწყეს, მათ მხატვრის სახლს შეაფარეს თავი. იმ ღამეს ვაჟამ სიკვდილს ჩახედა თვალებში და მას შემდეგ ცხოვრების სტილი შეიცვალა. თავის პროფესიას – მსახიობობას, თავი დაანება და სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მღვდლად აკურთხეს და მამა ნიკოლოზი უწოდეს.

ერთ ზაფხულს ვაჟა ავარიაში მოყვა. საავადმყოფოში ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ მოინახულა და საჩუქრად მიუტანა წმინდა გიორგის ხატი, რომელსაც მირონი სდიოდა. ეს ხატი დღეს სახლში გვაქვს და მირონის ნაკვალევი სამ-ოთხ ადგილას აჩნევია. მამა ნიკოლოზი ამაღლების ეკლესიის ეზოშია დასაფლავებული.