ვის “აწამებდა“ ლევან ჯავახიშვილი წლების წინ და რა საზღვრებს არ არღვევს ის ცოლთან

464

ლევან ჯავახიშვილი ქართულ ტელესივრცეში ერთერთი ყველაზესტაჟიანიწამყვანია. 24 წელი ტელევიზიაში და აქედან 22 წელი საინფორმაციო გამოშვების წამყვანადეს არის ლევან ჯავახიშვილის პირადი რეკორდი. წარმატებული სატელევიზიო კარიერის მიღმა არის ლევან ჯავახიშვილის პირადი ცხოვრება – 4 შვილი და მუსიკა, გატაცება, რომელსაც ტელეწამყვანის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი აქვს.

ლევან ჯავახიშვილი24 წელია, რაც ტელევიზიაში ვმუშაობ, აქედან 22 წელი საინფორმაციო გამოშვება მიმყავს. ალბათ, ამ მხრივ, ერთ-ერთი რეკორდსმენი ვარ. ჩემს პროფესიულ კარიერაში იყო რადიო „ფორტუნა“, რომელიც დღემდე საკუთარ სახლად მიმაჩნია. სატელევიზიო დებიუტი მქონდა ღრმა ახალგაზრდობაში – 1994 წელს „ტელე-კატალოგში“ გამოვჩნდი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი, შემდეგ იყო „ექსტრემალური თამაშები“, 2000 წელს კი – „მოამბე“, რა დამავიწყებს, პირველ ეთერს, როგორ ეჭირა ჩემი ხელი ზენონ კაციას, რადგან ნერვიულობისგან გული ყელში მქონდა მობჯენილი (იცინის).

მქონია მომენტები, როცა მიფიქრია, რომ საქმე მექცა რუტინად, მაგრამ მცირე ხნით. ხანდახან ისეთი ემოციები „დაგეჯახება“, რა რუტინა! სწორედ მაშინ ხვდები, რომ ამ საქმის გარეშე ჩემთვის ცხოვრება წარმოუდგენელია. ჩვენს ქვეყანაში არაერთხელ იყო ისეთი მოვლენები, როცა ონლაინ რეჟიმში ძალიან ბევრი საათი მომიწია გადაბმულად მუშაობა. ეს იყო დიდი სტრესი, მაგრამ სწორედ ასეთ მძიმე დროს ხვდები, რომ საქმეს თავი მაღალპროფესიონალურად გაართვი. იყო დრო, როცა მუშაობა მწირი ტექნიკური რესურსით გვიწევდა, „მოამბე“ ეთერში გადიოდა 4 სამონტაჟოთი, სადაც კომპიუტერიც კი არ გვქონდა და კასეტებით ვმუშაობდით, მაგრამ ჩვენი გუნდი მაინც ახერხებდა დაგვედო ხარისხიანი პროდუქტი. დროსთან ერთად ჩვენს პროფესიაში ბევრი რამ შეიცვალა. სამწუხაროდ, აღარ არის ის კოლეგიალობა და ერთმანეთის პატივისცემა, რაც ადრე არსებობდა. ეს პროცესი 2007 წლიდან დაიწყო და დღეს ძალიან მძაფრად იგრძნობა. ჟურნალისტიკას არ ჰქონდა ასეთი მძიმე კულისები, რაც ახლა აქვს. სამწუხაროდ, ამ პროცესს ადამიანების ახლო ურთიერთობებიც კი შეეწირა. ადრე არსებობდა ჟურნალისტების ერთი დიდი ოჯახი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ რომელ არხზე მუშაობდა. ახლა ადამიანები ერთმანეთს მტრებად აღიქვამენ, რაც ჩემთვის მიუღებელია. ბევრ მათგანთან წლები და ბევრი ლამაზი მოგონება მაკავშირებს, ამიტომ მე პირადად მათ მტრებად ვერ აღვიქვამ. მე მყავს მეგობრები, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის პოლიტიკური ორიენტაცია აქვთ, მაგრამ ვერაფრის გამო მათ ვერ დავთმობ. მე და ჩემი მეგობრები არ მივეკუთვნებით იმ კატეგორიას, ვინც პოლიტიკის ან განსხვავებული პოზიციიდან გამომდინარე დაპირისპირების გამო სახეს კარგავს. არ გადავკვეთო ადამიანური ზღვარი – ეს არის ჩემი წესი, რასაც არ ვარღვევ.

თუმცა ასეთ მძიმე ინციდენტებს ვერც თქვენ აარიდეთ თავი.

– ასეთი ინციდენტებისგან თავის დაცვა არაა იოლი, ცხოვრებაა ასეთი. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული აგრესიული თავდასხმების ობიექტი გავმხდარვარ. მთავარია, როგორ გამოვალთ ამ ინციდენტებიდან, როგორ შევინარჩუნებთ ადამიანურ სახეს. არ არსებობს არანაირი პრობლემა, საიდანაც გამოსავალი არ არის, ოღონდ ეს გამოსავალი ღირსეული უნდა იყოს. 2007 წელს მქონდა კრიზისული პერიოდები, რომელმაც დამანგრია და ბევრი რამ გადამაფასებინა, პირველ რიგში, ალბათ, ჩემს თავში. შემდეგ იყო 2008 წელი, რომლის გახსენებაც არ მინდა. ისეთი დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მივიღე, საკუთარ თავს ნაწილ-ნაწილ ვკრეფდი, რომ როგორმე „ამეწყო“. იყო პერიოდები, შესაძლოა, ახლაც, როცა საკუთარ თავთან მიწევს ბრძოლა, ყველაზე დიდი გამარჯვებაც საკუთარ თავზე გამარჯვება მგონია.

კრიზისული სიტუაციებიდან გამოსვლაში რა გეხმარებათ?

– მარტოობა. როცა რთული პერიოდი მაქვს, ვცდილობ, მარტო დავრჩე. ასეთ დროს ერთად ვართ მე და მუსიკა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ ნებისმიერ კრიზისში საკუთარ თავს უნდა დაუსვა შეკითხვები და შენვე გასცე პასუხები, იმიტომ რომ სიმართლე იპოვო და სწორი დასკვნები გააკეთო. გავაცნობიერე, რომ ყველა ჩემი მარცხი, ისევე როგორც ყველა ჩემი გამარჯვება, მე მეკუთვნის, მათზე მხოლოდ და მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი.

თქვენი მეუღლე, მარიამ ოშხნელი პროფესიით ჟურნალისტია. იოლია, როდესაც ცოლი და ქმარი კოლეგები არიან?

– არ არის იოლი. გინდა თუ არ გინდა, სახლშიც სამსახურზე გიხდება საუბარი. ჩვენ ვცდილობთ, სამსახურმა არ შეუშალოს ხელი იმ ურთიერთობას, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს. მე მგონია, რომ მუდმივად სამსახურში ჩართულობა ემოციებს აფუჭებს, ამიტომაც მეც და მარიამიც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს რუტინა თავიდან ავირიდოთ.

მარიამი ძალიან ყოჩაღია, რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერი გამოსდის. ძალიან მიზანდასახულია, რასაც მიზნად დაისახავს, მაქსიმალურად ცდილობს, მიაღწიოს, რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს. ის ძალიან მშრომელი ადამიანია და ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, არაფერი რომ არ ვთქვა მის დედობრივ მოვალეობაზე. ძალიან ცოტა ადამიანი მინახავს, რომელსაც ასეთი დამოკიდებულება აქვს შვილის მიმართ, როგორიც მარიამს აქვს.

გაქვთ საერთო გატაცებები?

– ძალიან ცუდია, რომ ჩვენი დასვენების დღეები ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს რთულია, მაგრამ მაინც ვახერხებთ გარკვეული დრო ერთად გავატაროთ და ჩვენს ცხოვრებაში კარგი ამბები მოხდეს. ჩვენ გვაქვს საერთო გატაცება, მაგალითად, კარაოკე. ბარებში ვერ დავდივართ, დრო არ გვაქვს, მაგრამ კარაოკეს „მოწყობა“ ყველგან შეიძლება – შინ და გარეთ. ჩვენი მთავარი საერთო სიყვარულია ჩვენი შვილი – ანა, ჩვენი ურთიერთობის ამოსავალი წერტილი. მარიამმა იცის კარგი მოსმენა, გვერდში დგომა… ბოლო პერიოდში ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ გადაფასდა. არსებობს პირადი საზღვრები, რომელსაც არც ერთი არ ვარღვევთ. ეს ცოტა გვიან გავაცნობიერე. ყოფილა შემთხვევები, მე პირადად დამირღვევია ეს საზღვრები, სისულელეებიც გამიკეთებია, მაგრამ ამის შემდეგაც კი უნდა სცადო შეცდომების გამოსწორება. ბედნიერ ურთიერთობაში არც ერთი ადამიანის უფლება და შეხედულება არ უნდა იჩაგრებოდეს. მე ვიცი, რომ მარიამთან მიმართებაში არ უნდა გამოვიდე მამის პოზიციიდან, ის კი დედის პოზიციიდან ჩემთან მიმართებაში. ცოლ-ქმრის ურთიერთობებში არსებობს დაწერილი და დაუწერელი კანონები, რაღაც მისაღებია, რაღაც – არა. ამას არ უნდა გადააბიჯო, თორემ აღმოჩნდები ქაოსში, რომელიც ყველაფერს ანგრევს.

კადრს მიღმა თქვენი ცხოვრება როგორია?

– როდესაც 4 შვილი გყავს, ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა გაკისრია. მე არ მაქვს ისეთი ცხოვრება, წამოვწვე, მოვდუნდე და ყოფით თემებზე არ ვიფიქრო, რომელიც მეც ისევე მაწუხებს, როგორც სხვებს. კვირის ხუთი დღე იმდენად მობილიზებული და ორიენტირებული ვარ საქმეზე, როდესაც არ ვარ სამსახურში და ვისვენებ, ვცდილობ, სრული განტვირთვა მოვიწყო. გავთავისუფლდე სტრესებისგან. ეს ხდება შაბათ-კვირას. ყველაზე მეტად ჩემს შვილებთან ყოფნა მიყვარს. უფროსი შვილი ჩემთვის უახლოესი ადამიანია. ჩვენ საუკეთესო მეგობრებიც ვართ, ერთად ვმსჯელობთ ყველაფერზე, ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ. მიყვარს მეგობრებთან ყოფნა და მოტოციკლეტები (იცინის). ბოლო 4 წელია, გავიხსენე ბავშვობა და მოტოციკლეტი ვიყიდე. ბავშვობის ოცნება ავისრულე. როცა პატარა ვიყავი, მაშინ არ გვქონდა საშუალება, გვეყიდა. ახლა, როცა დროს ვპოულობ, მეგობრებთან ერთად, მოტოციკლეტებით რეგიონებში გავდივარ. კარგი კომპანიონები მყავს, ჩემი სულიერი ძმები. კანონმორჩილი ადამიანი ვარ, ყველა რეგულაციას ვემორჩილები, რასაც მოტოციკლეტით გადაადგილება მოითხოვს. „ტრეკზე“ გასვლას არ ვაპირებ, მაგრამ მგონი, უკვე მაქვს მაღალი კვალიფიკაცია. მოტო არის საშუალება, დავრჩე მარტო ჩემს ფიქრებთან, მიწიდან რამდენიმე სანტიმეტრით ამაღლებული. როდესაც მოტოციკლეტით მიდიხარ, ხარ მარტო შენ, გზა და შენი ფიქრები. ეს ძალიან სასიამოვნო განცდაა. მარიამსაც უნდა, რომ მოტოს მართვა ისწავლოს, მაგრამ მე მეშინია და ეგოისტურად ვცდილობ, წინააღმდეგობა გავუწიო.

ექსტრემალიც ყოფილხართ?

– ვერ ვიტყვი, რომ ექსტრემალი ვარ. თბილისის ქუჩებში სპორტული ბაიკით 250 კილომეტრ/საათის სიჩქარით არ დავქრივარ და არც მიმაჩნია სწორად. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, მოტოციკლეტი ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალებაა, სამსახურშიც მივდივარ ხოლმე მოტოთი, შემიძლია ჩავიდე ბათუმში და წამოვიდე უკან თბილისში, ან ჩავიდე ლაგოდეხში და უკან დავბრუნდე.

მოტოს გარდა კიდევ რა გატაცებები გაქვთ?

– ეს არის მუსიკა. საინფორმაციო გადაცემამ მიმაჩვია, როგორც წამყვანს, ემოციები არ მეტყობოდეს. მუსიკა კი ემოციების გამოსახატავად საუკეთესო გზაა. მე არ ვმართავ კონცერტებს, არ მყავს ჩემი ბენდი, თუმცა სულ მქონდა ეს ოცნება და ბავშვობაში სტადიონზე კონცერტის გამართვაზეც ვფიქრობდი ხოლმე, მაგრამ არ გამოვიდა. ახლა, როცა საშუალება მეძლევა, ძირითადად მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობითა და სიმღერით გამოვხატავ იმ სიყვარულს, სიხარულს, ტკივილს, რაც მაქვს. საქართველოში ბევრი ნიჭიერი მუსიკოსია, მაგალითად, ჩემი ძმა, მიშო, ჩემი მეგობრები – ნიკო და გიორგი ბერიძეები, რომლებიც ამერიკაში რომ დაბადებულიყვნენ, მგონია, რომ ძალიან მაღალი დონის ვარსკვლავები იქნებოდნენ, ჩვენთან ეს ცოტა სხვაგვარადაა. ძმის ქება უხერხულია, მაგრამ აბსოლუტურად ობიექტურად ვფიქრობ, რომ მიშო უბადლოდ ნიჭიერია, ის თანამედროვე ქართული მუსიკის მოვლენაა. მიშო ჩემზე 7 წლით უმცროსია, მაგრამ ჩვენ სამაგალითო ძმობა გვაქვს. არ არსებობს საიდუმლო, რაც შეიძლება, ერთმანეთისგან დაფარული გვქონდეს. ახლა ვაღიარებ, რომ ბავშვობაში მიშოს „ვაწამებდი“ ხოლმე, როგორც ხდება პატარა ასაკში ძმების ცხოვრებაში, მაგრამ ახლა ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული და მოფერებაა, ჩვენ ვართ საყრდენი ერთმანეთისთვის, როდესაც ერთად ვდგავართ სცენაზე და ერთმანეთის ხმები გვესმის, სხვანაირად ვეფერებით ერთმანეთსაც და ბგერებსაც.