”არ ვნერვიულობ, როცა ცოლი ჩემ გარეშე მოგზაურობს”

277

25 წელია, რაც გიორგი მოსიძე ინტელექტუალური შოუს ,,რა? სად? როდის?” წამყვანია. ,,სარკესთან ამბობს, რომ ინტელექტუალური თამაში უკვე მის ბიზნესადაც იქცა, რადგან ოჯახს ამ საქმით არჩენს.

გიორგი მოსიძე ქართველი საგუნდო რეჟისორისა და სახალხო არტისტის, შალვა მოსიძის, შვილია. მამას უნდოდა, მისი შვილი ექიმი გამხდარიყო, მაგრამ გიორგი მალევე მიხვდა, რომ სამედიცინო სფეროში მუშაობა მისი საქმე არ იყო. მერე პოლიტიკაში სცადა ბედი, იქაც ვერ იპოვა ადგილი და საბოლოოდ თავდაპირველი ინტერესის სფეროს დაუბრუნდა.

გიორგი მოსიძე: მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე, სადაც კლასიკური მუსიკა იყო წამყვანი თემა და ზოლად გასდევდა ჩემს ბავშვობას. მამა იყო ქორმაისტერი და კლასიკური გუნდის ხელმძღვანელი.

ჩემს ძმაზე გაკეთდა აქცენტი, რომ ის გაჰყოლოდა მამის გზას. მან დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი და მერე კონსერვატორიაში ჩააბარა საგუნდო-სადირიჟოროზე. მე კი კინო და ტელეპროდუქციის პროდიუსერობა მინდოდა თავიდანვე, მაგრამ მაშინ ასეთი ცნება არ არსებობდა და ვერც ერთი სიტყვით ვერ იტყოდი, რა გინდოდა. აქედან გამომდინარე, ვერაფრით ავხსენი, რა მინდოდა. გამოდიოდა, რომ რაღაც კულტმასობრივი ღონისძიებების სპეციალისტი უნდა გავმხდარიყავი – ასეთი ფაკულტეტი იყო თეატრალურში.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ბებია-ბაბუის გზას გავყოლოდი და ექიმი გავმხდარიყავი. ჩავაბარე სამედიცინოზე, მაგრამ მე-2-3 კურსზე უკვე მივხვდი, რომ პრაქტიკოსი ექიმი ჩემგან არ გამოვიდოდა, საბოლოოდ კი პროდიუსერი გამოვედი ანუ ის, რაც თავიდანვე მინდოდა. ცოტა სხვა ქვეყანაში და სხვა დროში რომ გავჩენილიყავი და გავზრდილიყავი, ალბათ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევდი.

ჩემი სწავლა-განათლების ეპოქა ბნელ 90-იან წლებს დაემთხვა და უამრავი დრო დავკარგე. რაც ცხოვრებაში ასე თუ ისე შევქმენი, ეს ყველაფერი არის ემპირიული გზით, ზრდის მეთოდით შექმნილი ბევრი შეცდომისა და დროის ხარჯვის ხარჯზე.

უკვე დიდი შვილები გყავთ. მათზე მოგვიყევით, რომელი მიჰყვება მამის გზას, რომელს რა ინტერესი აქვს.

– 18, 17 და 11 წლისანი არიან. უფროსი ვაჟი “კავკასიის უნივერსიტეტში” ელექტრონულ ინჟინერიას სწავლობს, პირველ კურსზეა. ქალიშვილი წელს ამთავრებს კონსერვატორიის სემინარიას. პატარა ბიჭი კი მე-5 კლასშია.

თქვენმა ცოლმა, ემილიამ, გაგანია პანდემიისას აფრიკაში იმოგზაურა და ამის შესახებ ,,სარკესაცმოუყვა. როგორ გაუშვით საყვარელი ქალი ასე შორს, თქვენ რატომ არ წახვედით მასთან ერთად?

– დიახ, დიდ კამპანიასთან ერთად წავიდა. 20-ნი იყვნენ და მის მეგობრებსაც ვიცნობდი. ასე რომ, ამ მხრივ სანერვიულო არ იყო.  ჩემი ცოლისგან განსხვავებით, მე ეგზოტიკური ქვეყნები არ მიზიდავს. თვალწარმტაცი პეიზაჟები ჩემში აღფრთოვანებას არ იწვევს. მე უფრო სტანდარტული, წყნარი ევროპული ტურიზმის მომხრე ვარ. პატარა ბელგიურ ქალაქში ჩამოჯდომა და ლუდის მოწრუპვა მირჩევნია. ემილია კი დადის ასეთ ქვეყნებში. ტიბეტშიც იყო, ჯომოლუნგმას გადაუფრინა. შრი ლანკაში და კიდევ სად არ იყო.

ერთად სად ყოფილხართ?

– საქორწინო მოგზაურობისას ვიყავით ნეაპოლში. ბომბეიშიც ვიყავით. ბევრ ადგილას ვყოფილვართ, მაგრამ უფრო ხშირად ევროპაში. ეგზოტიკურ ქვეყნებში კი ძირითადად დაქალების კამპანიაში დადის ჩემი მეუღლე.