დიზაინერმა ეკა ბალანჩივაძემ ახლახან დიდი ხნის ოცნება აიხდინა და ცხვირის რინოპლასტიკა გაიკეთა.
– ემოციურ მდგომარეობაზე როგორ აისახა იმის გაკეთება, რაც ამდენი ხანია გინდოდა?
– ფანტასტიკურია. ვფიქრობ, აქამდე როგორ არ გავიკეთე-მეთქი. მერე მიზეზები მახსენდება და ვხვდები, რომ იმ პერიოდში, როცა თავს ვიკავებდი, მართალი ვიყავი. თუმცა, ასეთი ცხვირი პატარა ასაკშიც რომ მქონოდა, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი (იცინის).
– მსგავსი ჩარევები არის დაკავშირებული თვითშეფასების ნაკლებობასთან?
– არაფერ შუაშია. ბევრ გოგოზე მომწონს ცოტა კეხიანი ან გრძელი ცხვირი. უამრავი ლამაზი ქალი არსებობს მსოფლიოში, რომელსაც კეხიანი ცხვირი აქვს, მაგრამ გლამურულ ჟურნალებს ამშვენებენ. თუმცა, ეს კეხიც უნდა გიხდებოდეს სახეზე. მე არ მაქვს ისეთი ნაკვთები, რომ ჩემი ცხვირის ნაკლოვანებები მომხდენოდა. ასე რომ ყოფილიყო, პრობლემა არ მექნებოდა, მაგრამ ჩემი ცხვირი არ ჯდებოდა ჩემი სახის ოვალში. ეს იყო და ეს, მგონია, რომ ამას თვითშფასებასთან კავშირი არ აქვს. ამ თემასთან დაკავშირებით, არასდროს მიმიღია დაბალი შეფასება გარშემო მყოფებისგან, ყოველთვის პირიქით იყო და მადლობა ამისთვის ყველას. არც მე მქონდა დაბალი თვითშეფასება, მაგრამ სარკეში სულ ცხვირს ვხედავდი (იცინის).
– მახსოვს, რომ კოტე ამის წინააღმდეგი იყო და როგორ მიიღო ეს ამბავი?
– კოტეს მაშინ ვთხოვე ცხვირი გაეკეთებინა ჩემთვის, როცა პლასტიკურ ქირურგიაში იყო. მითხრა, კარგად მოიფიქრე და გაზაფხულზე მოდიო. შემდეგ – ზაფხულშიო, შემოდგომაზეო, ზამთარშიო (იცინის). მოკლედ, ამის დრო არასდროს მოვიდა. ამასობაში კოტე საერთოდ წამოვიდა ქირურგიიდან და მომიწია ალტერნატივა მეპოვა. სხვათა შორის, ახლა შედეგით კოტეც ძალიან კმაყოფილია. თუმცა, ჩემი ეს გადაწყვეტილება საშინლად გააპროტესტა. რომ ვეუბნებოდი, სხვა ქირურგთან გავიკეთებ-მეთქი, სახლში საოცრებები ხდებოდა (იცინის). საბოლოოდ, რაღაც მომენტში, როცა კოტე არ იყო, გავიკეთე ოპერაცია და უკვე ახალი ცხვირით მოვედი სახლში. რას იზამდა, კარგი, მოგივლიო, მითხრა და მოჰქონდა იოგურტები (იცინის). გაბრაზდა, მაგრამ მე რომ კმაყოფილი ვარ, უკვე ისიც კმაყოფილია. კოტეს უფრო იმის ეშინოდა, რომ არ მომეწონებოდა და დეპრესიაში ჩავვარდებოდი. მერე ჩემზე უნდა გადატყდეს ჯოხიო (იცინის). მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა.
– სოციალურ ქსელში შევხვდი კომენტარებს, გიწერენ, როცა პირად ურთიერთობაში პრობლემებზე საუბრობ, იმ პერიოდში, თავის მოვლის პროცედურებთან დაკავშირებით ძალიან აქტიურობო. როგორ გგონია, ურთიერთობაში პრობლემები რამდენად აისახება ქალების მხრიდან თავის მოვლის მცდელობებზე?
– რა თქმა უნდა, აისახება. კოტე რომ გავიცანი, პირველი ის მითხრა, ცხვირი რამდენიმე ადგილზე გაქვს გაღუნულიო. ეს ძალიან ჩამრჩა გულში. ისედაც მინდოდა გაკეთება და საყვარელი მამაკაცი, თან პლასტიკური ქირურგი რომ გეტყვის, რამდენიმეგან გაქვს მოღრეცილი, მაგრამ მე შენი ცხვირი მიყვარსო – ასეთიც რომ უყვარს, ის აღარ გესმის, მხოლოდ ის გამახსოვრდება, რომ შენი ცხვირი რამდენიმე ადგილასაა გაღუნული. იმის შემდეგ ძალიან ავიჩემე, ესე იგი, მართლა გასაკეთებელი მაქვს-მეთქი.
რაც შეეხება ურთიერთობებში პრობლემებსა და თავის მოვლას, კი – დაკვირვებული ვარ, გოგოებს როცა ასეთი პრობლემა აქვთ ან ქმარს შორდებიან, მერე უფრო კარგად გამოიყურებიან, უფრო მეტად უვლიან თავს. ან შეიძლება საყვარელ ადამიანზე გაბრაზებული იყო, ნაჩხუბარიც კი, მაგრამ მაინც მას ეპრანჭებოდე. მგონია, რომ კაცებიც ასე არიან. ჩემზე რომ ამბობდნენ, ძალიან ბევრ რაღაცებს იკეთებსო, დიდი აბსურდია. მე რამეს რომ ვიკეთებ, ფოტოს ან ვიდეოს მაშინვე ვდებ „ფეისბუქზე“. მერე ერთსა და იმავეს რომ სხვადასხვა რაკურსით სამჯერ ნახავენ, ჰგონიათ, რომ ბევრ რამეს ვიკეთებ. რეალურად, ტუჩზე ვიმატებ ხოლმე ფილერს, ისიც ძალიან მცირე რაოდენობით, რადგან ჩემი ტუჩიც საკმაოდ დიდია. როცა ამის დრო მაქვს, სახლურ ნიღბებს ვაკეთებ. კიდევ, კოტე აკეთებს ბიორევიტალიზაციებს და ბუსტერებს, რაც კანის ღრმა მოვლას ნიშნავს და ამას ვიკეთებ, მეტს არაფერს. არც ღაწვები გამიკეთებია და არც არაფერი განსაკუთრებული. 39 წლის ასაკში გავიკეთე ცხვირის ოპერაცია და მორჩა, რა არის ამაში იმდენი, რომ სასწაულად ეჩვენებათ?! ასაკში კი, როცა ნაოჭი გამოიხატება შუბლზე, ბოტოქსს ყველა იკეთებს და მეც ვიკეთებ წელიწადში ორჯერ.
– საერთო ჯამში, პლასტიკური ქირურგის ცოლობა ძალიან დიდი პლუსია თუ სირთულე? კოტე პლასტიკური ქირუგიით აღარ არის დაკავებული, მაგრამ ესთეტიკის სფეროშია.
– ვაიმე, საშინელებაა. იმასაც გააჩნია, შენი ქმარი როგორი ტიპია, როგორი ხასიათის. კოტეს, როგორც პლასტიკური ქირურგის, ცოლობა ძალიან რთულია. მე რომ რამე მინდა, დამანებე თავიო, მპასუხობს და სხვას უამრავ რჩევას აძლევს, რა და როგორ მოუხდება. ერთი პერიოდი ეჭვები მქონდა, ამას უნდა რომ მე დავმახინჯდე და აღარავინ შემომხედოს-მეთქი (იცინის). ერთადერთი, ბოტოქსზე მთანხმდება, ისიც მაშინ, საოცრებებს რომ ჩავიდნენ და ლამის ტირილს ვიწყებ (იცინის). კოტემდე როგორც ვუვლიდი ჩემს თავს და რასაც ვიკეთებდი, ახლა იმის მეოთხედს აღარ ვიკეთებ. მხოლოდ ბოტოქსი დამრჩა (იცინის). ცხვირის ოპერაციაზე გავიპარე და ისე გავიკეთე. ძალიან რთულია, თან, როცა იცი, შენს ქმარს ასეთი პროფესია აქვს და შეგიძლია, ყოველდღე იარო მასთან და რაღაც გაიკეთო. ასე რომ, არავის შეშურდეს, კოტე საერთოდ არაფერს მიკეთებს, ალბათ, ზუსტად იმიტომ, რომ ზომიერების ფარგლები არ დავარღვიო, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ უნდა, მახინჯი და ბებერი ვიყო (იცინის). ადამიანი რომ გიყვარს, სხვანაირად აღიქვამ. ის ნაოჭიც გელამაზება და მეუბნება ხოლმე, შენს იდეალურ სახესთან რა გინდაო?!
– თვითონ როგორია ამ საკითხში?
– კოტე აბსოლუტურად არაფერს იკეთებს. მე მომწონს ზუსტად ისეთი, როგორიც არის. თუმცა, მას ბევრი მამაკაცი პაციენტი ჰყავს და ვემხრობი, თუ საჭიროა მათაც გაიკეთონ, რაც უნდათ, მაგრამ თვითონ კოტეზე ძალიან მომწონს ის ნაოჭებიც. ამას რომ ვეუბნები, მეჩხუბება, მეც მომწონს შენი ნაოჭები და ახლა მე რომ წავიდე და გავიკეთო რაღაც, თან ჩუმად, მოგეწონებაო? (იცინის). ლოგიკურია, მაგრამ რა ვქნა, მართლა მომწონს ისეთი, როგორიც არის. მე რაც შემეხება, მგონია, რომ ქალზე ძალიან მიმიკურობა ნაკლებად ლამაზია.
– ისევ შეყვარებულობის პერიოდივით გაქვთ, დღეს ჩხუბობთ, ხვალ ერთად ხართ, ზეგ ჩხუბობთ და მერე ისევ ერთად ხართ…
– კი, სულ ასე ვართ, თუმცა, მეც ისეთი ტიპი ვარ და კოტეც, რომ სხვანაირ ადამიანებთან ვერ ვიცხოვრებდით. ემოციური ადამიანები ვართ, მაგრამ ეს ორივეს გვჭირდება. სავარაუდოდ, მშვიდ, ძალიან გაწონასწორებულ და დაბალანსებულ ადამიანებთან ვერც მე ვიქნებოდი და ვერც კოტე. ჩვენ ამ ემოციებით ვიკვებებით, ეს უკვე ვიცით. ვცდილობთ, ყველაფერი დავაბალანსოთ, მაგრამ გვაქვს პერიოდები, როცა მაინც ემოციები გვძლევს, თუმცა ესეც ძალიან საინტერესოა.