“ჭუჭყიანი თეთრეული არ უნდა გამოფინო!”

459

მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში განაცხადა, რომ 76 წლის იყო, რასაც სტუდიაში გაოცებული შეძახილებით შეხვდნენ და ერთხმად აღნიშნეს, რა შესანიშნავად გამოიყურება.

მსახიობისთვის თამამი ექსპერიმენტები გარეგნულ სტილში მიუღებელი არასოდეს ყოფილა, თავადაც მიმართავდა ახალგაზრდობაში, თუმცა თვლის, რომ ქალი ამ დროს ვულგარულობისა და მოდურობის ზღვარზე გადის, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო. მან ,,სარკეს” ბევრი საინტერესო რამ უამბო ეკრანისა და სცენის დედოფლებისა და საკუთარი სილამაზის საიდუმლოებებზე:

-მსახიობმა ინდივიდუალობა არ უნდა დაკარგოს. მე პლასტიკური ოპერაციების მეშინია, რადგან ბევრს ძალიან ცუდად ეცვლება გარეგნობა. ასაკსაც თავისი სილამაზე აქვს. ვერასდროს გავხდები ისეთი, როგორიც 17 წლისა ვიყავი. სხვათა შორის, 25 წლის მერე უფრო მომწონდა ჩემი თავი. პატარა ასაკში ძალიან გამხდარი ვიყავი. ის თაობა მაკიაჟს იშვიათად იყენებდა. თვალების შეღებვა რომ დავიწყე, ჩემს დეიდაშვილებს ვემალებოდი.

ერთი სახალისო ისტორიაც მახსენდება: სტუდენტობისას დუშეთიდან მოვდიოდი ტაქსით. დამემგზავრა ხევსური ქალი, რომელსაც ხევსურული სამოსი ეცვა. თვალებზე წასმული მქონდა მწვანე ჩრდილი, ასე ჩემს მწვანე თვალებს ვუსვამდი ხაზს. ამ ქალმა მკითხა, თვალებზე რა გჭირსო. ვუპასუხე, რომ დახატული მქონდა. ,,დახატული” ხევსურულად ლამაზს ნიშნავს. მიპასუხა, ვხედავ, რომ ლამაზი თვალები გაქვს, მაგრამ რა გჭირსო. ვერ მიხვდა, რატომ მქონდა მაკიაჟი. ავუხსენი, რომ მსახიობი ვიყავი და უფრო ვილამაზებდი თავს. მითხრა, რომ არ მჭირდებოდა.

– ალბათ გინახავთ, როგორ უვლიდნენ თავს უფროსი თაობის თეატრის ვარსკვლავები.

– სხვათა შორის, არასდროს მინახავს, რომ ვერიკო ანჯაფარიძე განსაკუთრებით უვლიდა თავს, მაგრამ ის ყოველთვის ბრწყინავდა. მახსოვს, მოსკოვიდან თეატრი იყო ჩამოსული და ვერიკოს სახლში იყვნენ სტუმრად. ულამაზესი ქართველი ქალები იყვნენ იქ – მედეა ჯაფარიძე, თამარ ციციშვილი, ლია ელიავა, მედეა ჩახავა და სხვები. სტუმრებმა მათ ყვავილები მიართვეს.

უცებ ვერიკო შემოვიდა (მანამდე სპექტაკლზე იყო და სახლში მოგვიანებით მივიდა), გრიმი ვაზელინით ჰქონდა მოშორებული, იმ დროს ყველა ასე ვიშორებდით. არაფერი ესვა სახეზე და ჩვეულებრივად ეცვა. მაგიდასთან რომ დაჯდა და თამადობა დაიწყო, ყველამ დედოფალი უწოდა. გამორჩეული სიძლიერე ჰქონდა. ასეთ დროს აღარც გრიმს და აღარც სამოსს აქვს მნიშვნელობა.

მახსოვს, ვერიკომ სახე რომ გადაიჭიმა, ოპერაციას მისი შვილი, სოფიკო ჭიაურელი დაესწრო. იმდენად შეაშინა სოფიკო ოპერაციის პროცესმა, რომ თვითონ აღარასდროს გადაუჭიმავს კანი.

– როგორ შეხვდით სახეზე პირველ ნაოჭს?

– ერთხელ ჩემზე უფროსმა ასაკის ქალმა მითხრა, რა ცუდია, როცა ტუჩების გარშემო მიმიკური ნაოჭები ჩნდებაო. მაშინ ეს პრობლემა არ მქონდა, მაგრამ მახსოვს, სახლში მივედი და ჩემს თავს დავაკვირდი. მერე თანდათან მიხვდი, რომ გარეგნობაში ცვლილებები ბუნებრივია.

– რა არ მოგწონთ თანამედროვე თაობის გოგონებში?

– სხვათა შორის, ჩემმა თაობამ პირველმა დაიწყო მოკლე კაბების ჩაცმა. პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც ეს თბილისში გაბედა. ეს სითამამე იყო, მაგრამ ზღვარი აუცილებლად უნდა იყოს დაცული. არ მომწონს, ახლა რაც ხდება წამყვან ტელეარხებზე, როცა საჯაროდ გადმოაქვთ საკუთარი პირადი ცხოვრება. პირდაპირ რომ ვთქვათ, თეთრეული არ უნდა გამოფინო. და თუ მაინცდამაინც ამას აკეთებ, ეს თეთრეული ჭუჭყიანი არ უნდა იყოს!