დღეს, ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირის, მამა ნეოფიტეს (დაშნიანი) გარდაცვალებიდან, 40 დღე გავიდა. მის სახელს უკავშირდება, არაერთი ეკლესია-მონასტრის როგორც რესტავრირება, ასევე, მშენებლობა.
მამა ნეოფიტეს, რუის-ურბნისის ეპარქიაში „ხევისბერის” ტიტული აქვს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მამა ნეოფიტეს დედა ნინო დაშნიანი, სქემმონაზონი იყო, რომელიც რუის-ურბნისის დედათა მონასტრის ეზოში განისვენებს.
მამა ნეოფიტეს და, ნინო დაშნიანი, „პრაიმტაიმს“, „ხევისბერის“ ტრაგიკულ წარსულზე, ბერულ ცხოვრებაზე და აღსრულებულ სასწაულებზე ესაუბრება:
ჩემი უფროსი ძმა, ნიკოლოზ (ნუკრი) დაშნიანი 1984 წლის 16 მაისს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა – ამ დღიდან დაიწყო, ჩვენი ოჯახის ტრაგედია.
მწუხარებაში მყოფი დედა, მომავალში დედა ნინო, ამ დროისთვის ძალიან დამძიმდა, ლოგინად იყო ჩავარდნილი. ერთი წლის თავზე, დედამ მოითხოვა მიეყვანათ მამაო, რომ იქნებ როგორმე შეძლებოდა, სულის სიმშვიდის მოპოვება.
მოიყვანეს მამა სოკრატე, რომელმაც მისი ლოცვით შეძლო და ფეხზე დააყენა. პატრიარქი ანუგეშებდა და აძლიერებდა დედას გამუდმებით.
აქედან დაიწყო დედას ეკლესიური ცხოვრება. 1985-1990 წლებში, იმყოფებოდა მორჩილებაში სამთავროს და ფერიცვალების დედათა მონასტერში.
1990 წლის 18 ოქტომბერს გარდაიცვალა მამა, ზურიკო დაშნიანი, რომლის შემდეგაც დედა პატრიარქმა აღკვეცა მონაზვნად და ეწოდა სახელი დედა ქრისტინე.
2000 წელს დედა ქრისტინე მეუფე იობმა, სქემმონაზვნად აღკვეცა, რუის-ურბნისის ეპარქიაში, კერძოდ ურბნისის სიონის ტაძარში და ეწოდა სახელად დედა ნინო.
2003 წელს, 33 წლის ასაკში, გარდაიცვალა, ჩემი ტყუპისცალი დათო დაშნიანი. ეს იყო, დაშნიანების საგვარეულოს, კიდევ ერთი უდიდესი ტრაგედია.
ამ დღიდან დაიწყო, მამა ნეოფიტეს ეკლესიური ცხოვრება. მწუხრში მყოფი ნუგზარი( მამა ნეოფიტე) , დედა ნინოს დახმარებით, ხეობაში მამა საბასთან (არქიმანდრიტი საბა ჟღენტი) წავიდა, რომელიც მამა ნეოფიტეს, სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაეხმარა.
მეუფე იობის ლოცვა კურთხევით, 2005 წლის 19 დეკემბერს, მორჩილებაში მყოფი ნუგზარ დაშნიანი აღკვეცეს ბერად და სახელად ეწოდა მამა ნეოფიტე.( ნეოფიტე ურბნელი).
აქედან დაიწყო, მისი ბერული ცხოვრება. მან ააგო მისი ძმის, დავითის სახელობის ტაძარი და ამას მოჰყვა არაერთი ტაძრის მშენებლობა ძამას ხეობაში.
მამა ნეოფიტეს ღვაწლი, არ შემოიფარგლება მხოლოდ მსახურებით, მას ასევე, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის 2008 წლის, ომში მონაწილე ჯარისკაცების გადარჩენაში და ბევრი მათგანის, ჩვენს მიწაზე გადმოსვენებაში.
ეს იყო ადამიანი, რომელსაც ყველა ადამიანისთვის ჰქონდა დრო. ძალიან ბევრს გაუკვლია, ცხოვრებისეული გზა.
მიუხედავად მისი დიდი ტკივილისა, ის იზიარებდა ყველას ლხინს თუ ჭირს. მან დატოვა არმია მადლიერი ადამიანების.
ბევრი იხსენებს მამა ნეოფიტესთან დაკავშირებულ სასწაულებს. ერთი მახსენდება, ლიონის ტაძარში წირვის დასრულებისას, იქ მყოფ ბავშვებს, ხის ჯვრები დაურიგდათ. მხოლოდ, ერთი ბავშვი დარჩა ჯვრის გარეშე, რომელიც იდგა და ტიროდა.
მამა ნეოფიტე მიუბრუნდა ბავშვს, მოიხსნა თავისი ჯვარი, გაუკეთა და დედას ჰკითხა თუ რატომ არ ჰყავდა მონათლული.
დედა გაოცებისგან დაიბნა, რადგან არავინ იცოდა რომ ბავშვი მოუნათლავი იყო. იმავე დღეს, მამა ნეოფიტე ბავშვის ნათლია გახდა. ეს არის, მხოლოდ, ერთი ამბავი მისი ისტორიიდან.
მამა ნეოფიტე, რომელიც დაიბადა და გაიზარდა თბილისში, განათლება, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, იყო ერთ-ერთი შეძლებული ოჯახის შვილი.
მისი ბერად აღკვეცის შემდეგ, ვერავინ იფიქრებდა, თუ მას რამე განსაკუთრებული ცხოვრებით ჰქონდა ნაცხოვრები.
ის იყო სუფთა ბერი, ხშირად იძახდნენ, რომ ნეოფიტე დაიბადა ბერობისთვის და ხალხის მსახურებისთვის.
დაახლოებით, 7 წლის წინ დაიწყო მისი ავადობა. 2016 წელს, მაშინ როდესაც საქართველოში სამწუხაროდ, დიაგნოზს ვერ უსვამდნენ, წავიყვანეთ საფრანგეთში, კერძოდ ლიონში, სადაც დავიწყეთ მკურნალობა.
ზუსტად, 3 თვეში დასტაბილურდა მამა ნეოფიტე, მაგრამ შემდეგ დაიწყო ჯანმრთელობის ახალ-ახალი პრობლემები, რომელსაც მუდმივი კონტროლი სჭირდებოდა.
მან თურქეთის ერთ ერთ კლინიკაში მიიღო რეკომენდაცია, თირკმლის გადანერგვაზე, რადგან ამ დროისთვის, უკვე დიალიზზე იმყოფებოდა.
გაკეთდა გადანერგვა, რამაც გამოიწვია დაზიანებული ღვიძლის გააქტიურება და ზუსტად 7 თვის თავზე გამოუვლინდა სიმსივნე, ყველაზე ვერაგი დიაგნოზით.
მამა ნეოფიტემ გარშემომყოფებს, ბრძოლის ყველაზე დიდი მაგალითი აჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ მამა ნეოფიტეს დიდი წვლილი მიუძღვის ბევრი ტაძრის აღდგენა, თუ მშენებლობაში, აუცილებლად გამოვარჩევდი ერთს, რომელიც იყო მისი აშენებული ბოლო სამონასტრო კომპლექსი – ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი, რომელიც მისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადამიანის (ბ-ნ ვ.წ.) დახმარებით ააშენა.
ეს არის ტაძარი, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მსგავსი სილამაზის ტაძარი არ გვეგულება.
ტაძარში ფრესკებით გადატანილია, ყველა ბიბლიური სცენა – დაწყებული ქრისტეს შობიდან, დამთავრებული ქრისტეს აღდგომამდე.
არც კი ვიცი, მსგავსი ტაძარი თუ არსებობს საქართველოს მასშტაბით. ამ ტაძრის მშენებლობის პერიოდში, მიუხედავად მამაოს მძიმე ავადობისა, პატარა ბავშვივით იყო აღტყინებული, როდესაც ყოველდღიურად, მიღწეულ შედეგს ხედავდა.
ოჯახის წევრებს, ძალიან გვახარებს ის ამბავი, რომ მამაომ სრულიად საქართველოს მართლმადიდებლურ სამყაროს, მისი თვალით დანახული საოცარი სილამაზე დაუტოვა, რომელიც იმედი გვაქვს, საუკუნოდ იქნება შენარჩუნებული.