“იტალიაში მთვრალი ქართველი ქალი ბოძს იყო ჩახუტებული”

1,166
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ლელა თოლორდავა სოციალურ ქსელში წერს, რომ იტალიაში მძიმე მდგომარეიბაში მყოფ ქართველ ახალგაზრდა ქალს შეხვდა.
,,პონტედეტაში, დუომოს წინ არასახარბიელო მდგომარეობაში ვნახე… დგას სპეცტანსაცმელში გამოწყობილი სასწრაფო დახმარების ორი თანამშრომელი, ავტობუსის მძღოლი და ქერათმიანი ლამაზი ახალგაზრდა ქალი, განათების ბოძს ჩახუტებული…
მივუახლოვდი და ვაი, თქვენს ლელას, მთვრალი ჩვენებური შემრჩა ხელთ… არიქა, დაგვეხმარე, ვერაფერი გავაგებინეთო, იტალიური მან არ იცის და ჩვენ ქართული. საფრთხე ემუქრება მასაც და ჩვენს მოქალაქეებსაც. ვშიშობთ, ავარიას გამოიწვევს. საავადმყოფოში გადაყვანა გვინდა და არ გვემორჩილებაო. ჩვენებური ისეთი თვალებით მიყურებდა, მეც მტრად ჩამთვალა.
– ჩემო კარგო, მეც ქართველი ვარ, ნუ გეშინია, ამ ხალხს შენი დახმარება უნდა. მითხარი, რატომ ხარ ასე, ზედმეტი ალკოჰოლი მიიღე?! – ვკითხე.
არა ვარ მთვრალიო, მიპასუხა.
აბა, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ხარ-მეთქი და არაო. უთხარი გამიშვანო.  აგერ ჩამოვჯდები და ჩემი დედამთილი მომაკითხავსო. ვთხოვე, დედამთილის ტელეფონის ნომერი, მაგრამ არ მომცა, არც თავისი…
დროში ვიწვებოდი, მეტი გამოკითხვის დრო არ იყო. ექიმებს ვუთხარი, რომ წინააღმდეგი იყო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, არაფერი აწუხებდა, ბარში კოქტეილი დაულევია და ალკოჰოლმა იმოქმედა, დღემდე არასდროს დაულევია სპირტიანი სასმელი-მეთქი…
დიდი, მწვანე თვალები დაგვიბრიალა, ხელი არ მახლოთო, ბარბაცით მივიდა შადრევანთან და მოცელილივით დაეშვა…
როგორც კი მოვკალათდი ავტობუსში, სტატუსი დავდე, რადგან ეჭვი შემეპარა დედამთილის არსებობაში. მალევე დამიკავშირდა დუომოსთან ახლოს მცხოვრები ქალბატონი, რომელიც მივიდა ჩვენებურის დასახმარებლად, მაგრამ იქ აღარ დახვდა, უთხრეს, ქალბატონი მოვიდა და წაიყვანაო… სულ ეს ვიცი ამ ამბავზე და იმედია, სამშვიდობოსაა.
დავამატებ, ვინ იცის, რა მიზეზით მიიღო ალკოჰოლი, ვინ იცის, რა პრობლემებისგან გაქცევაში იპოვა ხსნა. ლოთს არ ჰგავდა, ლამაზი გოგო იყო, ქერა, მწვანეთვალება. და მე როგორც ამბების მაგნიტმა, მისი ამბავიც მოვიზიდე ახლა კი რა მომასვენებს, თუ არ გავიგე, სინამდვილეში ვინ არის და როგორ არის?! ძალიან გთხოვთ, ლანძღვა- გინებას ნუ დაიწყებთ, თუ შეგიძლიათ, დამეხმარეთ მის პოვნაში! გააზიარეთ, გთხოვთ”, – წერს ლელა თოლორდავა.