“ჩავძახოდი, შენ არ მოკვდები, კარგად იქნები-მეთქი”

645

მსახიობმა ონისე ონიანმა ,,სარკეს” თავისი ცხოვრებიდან ორ ეპიზოდზე უამბო. ერთ შემთხვევაში უცნობმა ადამიანმა მისი ოჯახი გადაარჩინა, მეორე შემთხვევაში კი თავად აღმოუჩინა დახმარება უცნობ მამაკაცს და გადაარჩინა. ონისე ,,სარკეს” უყვება:

– 2008 წლის აგვისტო იყო და ოჯახთან ერთად რაჭიდან თბილისში მოვდიოდი. მანქანაში ჩვენი ლაბრადორი როკიც იჯდა. უღელტეხილზე როკი წინ გადმომიხტა. ერთი ხელით მისი უკან დაბრუნება ვცადე, მეორე ხელი კი საჭეზე მეჭირა. შემხვედრი მანქანის აცილება ვცადე, ამ დროს ჩემი ავტომობილი გადავარდა და ალბათ გადავიჩეხებოდით, რომ არა ბამბუკისოდენა ტოტი, რომელმაც, თქვენ წარმოიდგინეთ, მანქანა შეაჩერა.

ჩემ გარდა იქიდან ვერავინ გადმოვიდა, მე კი არ გადმოვედი, გადმოვხტი. ზევით რომ ამოვედი, ყველა გამვლელ მანქანას დახმარებას ვთხოვდი, მაგრამ ისეთი ინერციით მიდიოდნენ თბილისისკენ, რომ ყურადღება არავინ მომაქცია. მხოლოდ ერთმა ფეხმძიმე გოგომ დაინახა ჩემი ავტომობილი და ქმარს მანქანის გაჩერება სთხოვა. ის ბიჭი დამეხმარა ოჯახის ამოყვანაში.

სხვათა შორის, სიკვდილისგან ერთი ახალგაზრდა კაცი ვიხსენი. ბათუმიდან მატარებლით ოჯახთან ერთად მოვდიოდი და თბილისში ჯერ კიდევ არ ვიყავით შემოსული, როდესაც ერთ-ერთ კუპეში ხმაური ატყდა. გავვარდი და დავინახე, რომ ახალგაზრდა კაცი ცუდად იყო, მისი მეუღლე პატარა ბავშვით იყო და დახმარებას ითხოვდა. კაცი კუპედან გამოვიყვანე და მატარებლის ჰოლში დავაწვინე, ახლოს არავინ გავიკარე, ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარე, სასწრაფო დახმარებას გამოვუძახე, თან ამ კაცს ჩავძახოდი, შენ არ მოკვდები, კარგად იქნები-მეთქი.

დიდუბეში მალე შემოვედით და სასწრაფოც დაგვიხვდა. მატარებლიდან ჩემი ხელით ჩამოვიყვანე და სასწრაფოს მანქანაში ჩავსვი. მერე საავადმყოფოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ გადარჩა.